მიხეილ სარჯველაძე ლევან იოსელიანს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. მხარეებმა, ფსიქიატრიული მიმართულებით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს. მინისტრმა, სახალხო დამცველს, საკითხით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება სამინისტროს გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს, ამ პროცესში კი სექტორთაშორისი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. თავის მხრივ, სახალხო დამცველმა, სამინისტროს, აღნიშნული მიმართულებით რეკომენდაციები გაუზიარა და აღნიშნა, რომ მათ შესასრულებლად, უწყება, აქტიურად მუშაობს.
შეხვედრას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, ასევე, სახალხო დამცველის მოადგილეები და აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია
19.11.2026.12:26
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების არაერთი ბრიგადაა მობილიზებული.
„ამ მიმართულებით, შეიძლება, ითქვას, რომ შეფერხება არ არსებობდა. პირველივე წუთებიდან, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ადგილზე გაჩნდა ყველა საჭირო ბრიგადა. შესაბამისად, ადამიანები, ვისაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა, უკვე ყველა გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ყველასთვისაა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, დახმარება.
ოთხი ადამიანია ამ დროისთვის ჰოსპიტალიზებული. მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გახლავთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მცირეწლოვანი განსაკუთრებული ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშაა.
„სხვადასხვა სახის და სიმძიმის დაზიანებებია და მეთვალყურეობის პროცესშია თითოეული მათგანი. იმის მიხედვით, თუ როგორ განისაზღვრება საჭიროება სამედიცინო დახმარების, თითოეული მათგანისთვის აღნიშნული სამედიცინო დახმარება იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ - შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.