მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი-რეალიზაციისა და და ჩანაცვლებითი თერაპიის შესახებ
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამასთან დაკავშირებით, საზოგადოების საჭიროებების მიმართ სრულად რელევანტურია. ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი პროექტია და არავითარი სპეკულაციის საფუძველს არ აჩენს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრი, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ აიკრძალება და ჩანაცვლებით მკურნალობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, არც ერთი მოქალაქე, ვისაც ჩანაცვლებითი თერაპია სჭირდება, სათანადო მკურნალობისა და მომსახურების გარეშე არ დარჩება.
„ამაზე პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო. ამავდროულად, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს, რომ აღნიშნული სერვისის მიწოდებისას, მაქსიმალურად დაცული იყოს საზოგადოების უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სტანდარტები. ეს არა უბრალოდ მოსაწონი და კარგი ინიციატივაა, არამედ საკმაოდ ამბიციური და საზოგადოებისთვის ერთმნიშვნელოვნად სიკეთის მომტანი პროექტია“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის განცხადებით, ჩანაცვლებითი თერაპიისას, უცვლელი დარჩება პროგრამის დიზაინი.
„ამასთან, პროგრამა ორიენტირებული იქნება არა რომელიმე სუბიექტის გამდიდრებაზე, არამედ, ბენეფიციართა საჭიროებებსა და მაქსიმალურ ხელმისაწვდომობაზე. ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ამას პრემიერ-მინისტრმაც მკაფიოდ გაუსვა ხაზი. რაც შეეხება ჩანაცვლებითი თერაპიის განმახორციელებელი ობიექტების დასახლებული პუნქტებიდან დისტანცირებას - ეს პრობლემა, რეალურად, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამდით, თუმცა, მუშაობა ახლა გაცილებით ინტენსიური გახდება. პრემიერ-მინისტრისგან მივიღე კონკრეტული დავალება და ბუნებრივია, ეს უალტერნატივოდ, ზუსტად ისე შესრულდება, როგორც მან თავის გამოსვლისას აღნიშნა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ, ასევე, ისაუბრა კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის აკრძალვაზე, რის შემდეგაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.
„არც ერთი პაციენტი, ვისაც ფსიქოტროპული მედიკამენტები სჭირდება, სამკურნალო პრეპარატების გარეშე არ დარჩება. იქნება მკაცრი კონტროლი მათ გაცემაზე, ამასთან, მკაცრად გაკონტროლდება ყველა ჩართული სუბიექტი, რომ გარკვეულმა კომერციულმა ინტერესმა, მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება არ განაპირობოს. ვფიქრობთ, ამისთვის, აბსოლუტურად სწორი კონსტრუქცია იქნა შემუშავებული, რასაც ერთმნიშვნელოვნად ვუჭერ მხარს. საზოგადოებაც სწრაფად დაინახავს და მხარს დაუჭერს იმ დადებით შედეგებს, რაც ამ ინიციატივას ძალიან მალე მოჰყვება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა
08.04.2026.11:57
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისს შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა ადამიანური კაპიტალის პროექტის მიმდინარეობასა და სოციალური დაცვის ანგარიშგების ინტეგრირებული სისტემის დანერგვაზე (IRSSP) ისაუბრეს. განიხილეს სოციალური სისტემების გაძლიერებისა და დასაქმების შესაძლებლობები.
მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროსა და მსოფლიო ბანკს შორის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებულ, მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს კონკრეტული შედეგების მიღწევას, რისთვისაც აუცილებელია ინდიკატორების განსაზღვრა და მათი სწორი მონიტორინგი.
შეხვედრაზე, მხარეებმა სოციალური დაცვის ანგარიშგების ინტეგრირებული სისტემის დანერგვაზე (IRSSP) ისაუბრეს, რომელიც სოციალური დაცვის სფეროში არსებული ინფორმაციის მართვისა და გრძელვადიანი ეფექტიანობის ზრდას ისახავს მიზნად.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაო დადებითად შეაფასეს და მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები: ირინე წაქაძე გიორგი ცაგარეიშვილი. ასევე - მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები რობერტო სორმანი, ნინო უძილაური და ნინო მოროშკინა.