მიხეილ სარჯველაძე „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International (JCI)-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.
JCI პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს და ამ მიმართულებით, მსოფლიოში, აღიარებულია ოქროს სტანდარტად.
საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების აღსანიშნავად გამართული ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფო მუდმივად მხარს დაუჭერს ინიციატივებს, რომელიც პაციენტთა უფლებების დაცვას ემსახურება და ასეთ მაღალ შეფასებას იმსახურებს.
კლინიკის ხელმძღვანელებმა, სამინისტროს, განხორციელებული რეფორმებისთვის, მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ არსებული სისტემების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, სახელმწიფოს ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ასევე - სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიპლომატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს - ჯანდაცვის სამინისტრო
09.01.2026.13:48
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.
ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის - გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე მოქალაქეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.