ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, ეკა ადამიას განცხადებით, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, გრიპის ვირუსი ცირკულირებს. მისივე თქმით, საქართველოში, ამ სეზონზე, გავრცელებულია გრიპის A და B ტიპის ვირუსები, ასევე - სხვა ვირუსებიც, მათ შორის რინოვირუსი და ადენოვირუსი.
„ვირუსების პრევენციის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების დაბანა, ასევე - სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ხალხმრავალ ადგილებში პირბადეების გამოყენება, ოთახის ხშირი განიავება და ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ვაქცინაცია, რომელიც არის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური საშუალება გრიპის წინააღმდეგ“, - განაცხადა ეკა ადამიამ.
ვაქცინაცია გრიპის და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების: ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია.
რკო
ახალი კოლექცია
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
26.06.2025.11:22
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა, შეხვედრაზე, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოების, საავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ზოგადად, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრირებული ზრუნვის სერვისების ეფექტურ მიწოდებას.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ.