ჯანდაცვის სამინისტროში, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედ, სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და დასაქმებულთა დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხი კომპლექსურია და არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა გაერთიანებების წარმადგენლებისგან შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, იმსჯელებს პრობლემის გადაჭრის გზებზე და მიიღებს, მაქსიმალურად, უმტკივნეულო გადაწყვეტილებას.
კომისიის წევრების განცხადებით, პროცესში, გათვალისწინებული უნდა იყოს დასაქმებულთა შრომითი, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, ასევე - დამსაქმებელთა ინტერესები. სხდომაზე, აღინიშნა, რომ არასწორი მოლოდინების შექმნა დააზიანებს და კიდევ უფრო გაართულებს პროცესებს.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
როდესაც ბიზნესი ამბობს, რომ პროდუქტის გაიაფებისა და მეტი მოგების მიღების მიზნით უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა სურს, სამართლიანია, სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და არ მისცეს ბიზნესს ამის შესაძლებლობა - მიხეილ სარჯველაძე
19.04.2026.01:46
„ვფიქრობ, სავსებით დროული იყო სახელმწიფოს ინიციატივა, შრომითი მიგრაციის საკითხის რეგულირების შესახებ. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და გადავდგით საკმაოდ მკვეთრი და გაბედული ნაბიჯები შრომითი მიგრაციის დასარეგულირებლად, რასაც შესაძლოა, დიდწილად ეწირებოდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესები“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს საზრუნავია, პირველ რიგში, საკუთარ მოქალაქეებს მისცეს მეტი ასპარეზი და მათთვის გააჩინოს მეტი შესაძლებლობა. მისი განმარტებით, ეს ლეგიტიმური და კონსტიტუციური ნაბიჯია.
„როდესაც კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს, ეს, მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ეტაპზე და გარკვეულ შემთხვევებში უპირატესობა უნდა მიანიჭო მას.
როდესაც კონკრეტული სამუშაოს შესრულება შეუძლია ქართველსაც და იმიგრანტსაც, აბსოლუტურად ნორმალურია, უპირატესობა მიანიჭო და პირველი არჩევანის უფლება მისცე შენს მოქალაქეს. თუ ბიზნესი მათ შორის ვერ იპოვის საჭირო კადრს, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა - მოიზიდოს ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ვალდებულებას შეასრულებს.
თუმცა, როდესაც ბიზნესი ამბობს, რომ პროდუქტის გაიაფებისა და მეტი მოგების მიღების მიზნით უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა სურს, თუნდაც ამას შეეწიროს ქართველისთვის სამუშაო ადგილის ხელმისაწვდომობა, სამართლიანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და არ მისცეს ბიზნესს ამის შესაძლებლობა.
მაგალითად, ტაქსის, გიდებისა და საკურიერო მომსახურების სერვისების გაწევა ქართველს აბსოლუტურად თავისუფლად შეუძლია. როდესაც კონკურენციამ შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ვიღაც ნაკლებ ანაზღაურებაზეა თანახმა, ვიღაცას კი, ვთქვათ, ღამის საათებში უფრო მარტივად შეუძლია მუშაობა და, ამის გამო, დამსაქმებელი პრიორიტეტს უცხოელს ანიჭებს, აი, ეს არ მიგვაჩნია სწორად. ზუსტად ეს აზიანებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესს, ამიტომ ვთვლით, რომ ამ საკითხის დარეგულირება სამართლიანი და რელევანტურია“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.