იაშვილის განახლებული საავადმყოფო პაციენტებს სრული დატვირთვით მიიღებს
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სრულმასშტაბიანი, ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. დღეისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულადაა განახლებული საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, აღჭურვილია ყველა სამედიცინო მიმართულება, მათ შორის: კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, ქირურგიული და პედიატრიული განყოფილებები, ასევე საოპერაციო ბლოკები; გარემონტდა და მოეწყო ერთ და ორსაწოლიანი კომფორტული პალატები პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის.
დღეიდან განახლებული ცენტრალური საავადმყოფო სრულ მზადყოფნაშია, რომ პაციენტებს მაღალი სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სრული სამედიცინო მომსახურება შესთავაზოს.
განახლებული იაშვილის საავადმყოფო განაგრძობს მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის, რათა კლინიკა გახდეს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რეგიონის მთავარი პედიატრიული ცენტრი.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით იაშვილის საავადმყოფომ უკვე დაიწყო თანამშრომლობა ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან (AACI). AACI-ს სააკრედიტაციო პროგრამა შექმნილია ჯანდაცვის ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოების განვითარებისა და მუდმივი გაუმჯობესების მხარდასაჭერად. ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულია ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის წამყვანი ჰოსპიტლები.
„პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანსა და ინსტიტუციას, განსაკუთრებით - ჩვენს თანამშრომლებს, ვინც ჩართული იყო ეტაპობრივი რეაბილიტაციის იმ რთულ და მასშტაბურ პროექტში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი პაციენტებისთვის, არამედ - მთელი ქვეყნისთვის. დღეს სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სრულად არის განახლებული. ბოლო წლების განმავლობაში, რეაბილიტაციის პროექტში 11 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის, რათა ჩვენი კლინიკა გახდეს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რეგიონის მთავარი პედიატრიული ცენტრი,“ - აღნიშნა იაშვილის საავადმყოფოს დირექტორმა, თამარ ვახტანგაძემ.
„მინდა, ჩვენს მედპერსონალს დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო განახლებული კლინიკის გახსნა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთგულება, პროფესიული პასუხისმგებლობა და გულისხმიერება, რაც თითოეულმა მათგანმა რეაბილიტაციის პროცესში გამოიჩინა. აქვე, გვსურს, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადოთ სამედიცინო სერვისების შეჩერებით გამოწვეული დისკომფორტისთვის. ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროცესში ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა, ვინაიდან იაშვილის საავადმყოფო უნიკალური და, ამავე დროს, ურთულესი კლინიკური სერვისების 24/7 მიმწოდებელი იყო ქვეყანაში, თუმცა, პროექტის დასკვნით ფაზაში, გარკვეული სერვისების დროებით შეჩერება გარდაუვალი იყო. ასევე, მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი პაციენტების ოჯახების წევრებმა გამოავლინეს და ამას მუდმივად ვგრძნობდით.
დღეს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო განახლებულია და ჩვენ მზად ვართ ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობები და მულტიფუნქციური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება“, - აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.
სხვა სიახლეები
08.09.2025.14:09
„საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მართლაც ძალიან აქტიურია სახელმწიფო, ონკოპაციენტების მხარდაჭერის თვალსაზრისით. რიცხვებიც ამას ადასტურებს - თუ რამდენიმე წლის წინ, ონკოლოგიური პაციენტებისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი, 50 მილიონს არ აჭარბებდა, დღეისთვის, თითქმის, 300 მილიონს უტოლდება. ეს საზოგადოებისთვის თვალსაჩინო შედეგია. ინიციატივები, რომლებიც ცალკეულ გაუმჯობესებებს უკავშირდება, ჩვენ ისედაც მუდმივად, ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშე, ყურადღების ქვეშ გვაქვს.
ონკოლოგია ის თემა არ არის, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთბობის მცდელობები უნდა დააფიქსირონ, ეს ძალიან ცუდი საქმეა, მათ შორის ეთიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძე, სამინისტროსთან შეკრებილი, რამდენიმე ადამიანის აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდმივად მართავს შეხვედრებს პროგრამების ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
„არასდროს მათ შეხვედრის პრობლემა არ ჰქონიათ და არ ვიცი, რისთვის შეიძლება, ჭირდებოდეთ ხმამაღლა თქმა, რომ მოთხოვნა აქვთ სამინისტროსთან შეხვედრის, როდესაც ეს შეხვედრები ისედაც იმართება. არ მგონია, რომ სადმე დახურულ კარს წააწყდნენ. ჩვენი სამინისტროს კარი, ამ თვალსაზრისით, ყოველთვის ღია გახლავთ.
რაც შეეხება თვითონ საკითხის შინაარსს, ალბათ, კონკრეტულად უნდა ითქვას, რა მოთხოვნებია, რა საკითხებია და კონკრეტული გადაწყვეტილებები როგორ უნდა იქნას მიღებული, სწორი მიმართულებით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.