ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება - ირაკლი კობახიძე
ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით - ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არასამედიცინო, ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების აღსაკვეთად, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება.
„დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში, ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სხვა სიახლეები
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების სერვისმა „ვიან კარდიო-ნეირო" დაიწყო მუშაობა
24.02.2026.13:03
ამერიკის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ფუნქციონირება დაიწყო სპეციალურად აღჭურვილმა სასწრაფო დახმარების სერვისმა - ვიან კარდიო-ნეირო, რომელიც განკუთვნილია გადაუდებელი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური პაციენტებისთვის. სერვისი ამ ეტაპზე მხოლოდ ქუთაისის მასშტაბით ოპერირებს.
სერვისი დაფუძნებულია პაციენტის დროულ და უსაფრთხო მართვაზე. გამოძახების (16 003) შემთხვევაში ადგილზე ფასდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადაუდებელი სამედიცინო რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში — სწრაფი და უსაფრთხო ჰოსპიტალიზაცია დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, სადაც მაღალპროფესიონალური, მულტიდისციპლინური გუნდის მხრიდან ხდება ყოვლისმომცველი კარდიოლოგიური და ნევროლოგიური მაღალტექნოლოგიური კვლევების, ინტერვენციული ან/და ქირურგიული მკურნალობის სრული სპექტრის ჩატარება.
სასწრაფო დახმარების მაღალკვალიფიციური გუნდი, თანამედროვე, სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალება და ბრიგადისთვის შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ვიან კარდიო-ნეიროს სერვისის უწყვეტ, ზუსტ და პროფესიონალურ ფუნქციონირებას. შედეგად, ყოველი გამოძახება სრულად კოორდინირებული პროცესია, რომელიც ხორციელდება გამოცდილ ემერჯენსი სერვისთან პარტნიორობით — პაციენტის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის უმაღლესი სტანდარტით.
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი კვლავ აგრძელებს ზრუნვას, პაციენტთათვის თანამედროვე მკურნალობის მეთოდების, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ახალი ინოვაციების დანერგვის გზით.
როცა სიცოცხლეს წუთები წყვეტს — მოქმედებს ვიან კარდიო-ნეირო 24/7-ზე.
16 003