ჩვენი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება იყოს გამახვილებული თუ რამდენად სწორად ოპერირებს ბიზნესი გარკვეული მიმართულებებით - ჯანდაცვის მინისტრი
„მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომლის მიზანიც, იმ ტიპის საქმიანობის გამოვლენაა, რომელიც შეიძლება კეთილსინდისიერი ბიზნესის ფარგლებში ვერ თავსდებოდეს“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა Business Insider Georgia-ს კითხვის საპასუხოდ.
ჯანდაცვის მინისტრი, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგის დაწყებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მთავარი ინტერესი პაციენტთა უფლებების დაცვაა.
„ჩვენი დიდი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება იყოს გამახვილებული ამ თვალსაზრისით, თუ რამდენად სწორად ოპერირებს ბიზნესი გარკვეული მიმართულებებით. ჩვენ ვნახეთ გარკვეული უპასუხისმგებლო განცხადებები, ცალკეული ბიზნეს სუბიექტების , ზოგიერთი ასოციაცის მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მეტი მოგების მიღების მიზნით , გარკვეული ხარჯების გადასაფარად და ა.შ. ისინი არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას მიმართავენ. ბუნებრივია, ასეთი ტიპის განცხადებების არსებობა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან დაინტერესების საფუძველი გახდა.
ჩემი მოლოდინიც ასეთია, რომ გარკვეული საყურადღებო გარემოებები ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გამოკვეთოს ამგვარმა კვლევამ. გახსოვთ , ახლო წარსულში დაასრულა კონკურენციის სააგენტომ მონიტორინგი, რომელიც ზოგიერთი ფარმაცევტული საშუალების იმპორტს უკავშირდებოდა და იქაც სრულიად გაუგონარი და არანორმალური ფაქტები იქნა იდენტიფიცირებული. ძალიან არ მინდა, ეს ასე იყოს სხვა სექტორებშიც, მაგრამ ვშიშობ, რომ შეიძლება ასეთი ფაქტები გამოვლინდეს. რა თქმა უნდა, აქაც სახელმწიფო იქნება შეურიგებელი ნებისმიერი ისეთი პრაქტიკის მიმართ, რომელიც ამ შემთხვევაში არ აყენებს, ნომერ პირველ ინტერესად პაციენტის ინტერესს.ეკონომიკური ინტერესი შეწყნარებადია მანამ, ვიდრე ის წინააღმდეგობაში არ ექცევა პაციენტის საუკეთესო ინტერესთან“,-აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სხვა სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
03.04.2026.10:02
მიხეილ სარჯველაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელს, რეკა მენონსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მოსახლეობისათვის მისი ხელმისაწვდომობის ზრდაზე.
საუბარი შეეხო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დადგენის მექანიზმსა და შესაბამისი კომისიის საქმიანობას, რომელიც, როგორც ეფექტიანი და სისტემური რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, დადებითად შეფასდა. აღინიშნა, რომ მექანიზმი ხელს უწყობს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას, სამართლიანი ფასების ფორმირებასა და პაციენტების ინტერესების დაცვას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს.
აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სხვადასხვა სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და განვითარების პროცესში.