C ჰეპატიტის მიმართულებით ქვეყანას არაჩვეულებრივი შედეგები აქვს - მიხეილ სარჯველაძე
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ხელმძღვანელმა, საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიღწევები, არსებული გამოწვევები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები გააცნო.
ასევე, ისაუბრეს ელიმინაციის სტრატეგიის ასპექტებზე, გადაცემის პრევენციის გზებზე, ინფიცირებული პირების გამოვლენაზე, ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესებასა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაზე.
როგორც, შეხვედრაზე, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ, დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა. ინფიცირებულთა რაოდენობა, ისევე როგორც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, მკვეთრად არის შემცირებული.
აშშ CDC-ს საქართველოს ოფისისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრმა უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები მოიწონა და საქართველოს წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება.
თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ, სამინისტროს სახელით, ცენტრის წარმომადგენლებს, ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით, საქართველოს პროგრესის აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
სხვა სიახლეები
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს - ჯანდაცვის სამინისტრო
09.01.2026.13:48
მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი მოქალაქეები ვერ ისარგებლებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვისებით, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ: საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იღებდა სამედიცინო მომსახურებას, ყოველგვარი ცვლილების გარეშე, გააგრძელებს პროგრამით სარგებლობას. სამედიცინო მომსახურება არ ეზღუდება არც საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს.
ცვლილება მხოლოდ ამბულატორიული დაწესებულების დაფინანსებას ეხება. სახელმწიფო ფიქსირებულ ანაზღაურებას უხდიდა კლინიკას იმ შემთხვევაშიც, როცა საქართველოს მოქალაქე არ იმყოფებოდა ქვეყანაში და შესაბამისად, არ იღებდა სამედიცინო მომსახურებას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის 2025 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, ცვლილება ეხება მხოლოდ ამბულატორიული მომსახურების ნაწილში სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ე.წ. კაპიტაციის მექანიზმს და არ ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის სხვა რომელიმე კომპონენტებზე, მათ შორის - გადაუდებელ ამბულატორიასა და სტაციონარულ სერვისებზე.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე მოქალაქეს შეუძლია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დარეგისტრირდეს ამბულატორიულ დაწესებულებაში და სრულად მიიღოს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო დაცვის პროგრამის გაძლიერებას, არამიზნობრივი ხარჯების თავიდან არიდებასა და ბენეფიციარების ინტერესების დაცვას“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.