C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო - მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შეწყვეტასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა - მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პროგრამა ჩვეულებრივ ფორმატში გაგრძელდება და მისი შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საფუძველს მოკლებულია.
„უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალური ქსელების მეშვეობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მოკლებულია ყოველგვარ რეალობასა და საფუძველს. როგორც ჩანს, ის მიზნად ისახავს გარკვეული შიშებისა და პანიკის დათესვას, საზოგადოებაში, მიმდინარე, ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით.
მათ შორის, მინდა, განსაკუთრებით გამოვყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა შეიძლება, შეწყდეს. ასეთი განცხადებების გავრცელების, ან შიშის არავითარი მიზეზი, ობიექტურად, არავის გააჩნია. ეს პროგრამა გრძელდება, გრძელდება ზუსტად იმავე ფორმატითა და შინაარსით, როგორც ამ დრომდე იყო. გაუმჯობესება და განვითარება თუ ექნება, თორემ, შემცირებით, ან რაიმეს გამოკლებით, არაფერი იგეგმება.
აქედან გამომდინარე, მინდა, საზოგადოება იყოს მშვიდად და არ აყვეს ასეთი ტიპის ინფორმაციებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ემსახურება ერთადერთ მზიანს - ცრუ პანიკა გამოიწვიოს საზოგადოებაში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
26.06.2025.11:22
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა, შეხვედრაზე, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოების, საავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ზოგადად, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრირებული ზრუნვის სერვისების ეფექტურ მიწოდებას.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ.