ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა, ჭარბობს „ღორის გრიპი“ - ივანე ჩხაიძე
ბოლო ორ კვირაში გრიპის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა, ჭარბობს „ღორის გრიპი“ - ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია, - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“.
„ბოლო 2 კვირაში, 49-ე კვირას, გრიპის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი 12% იყო, 50-ე კვირას, დეკემბერში 2-ჯერ მეტი გვაქვს. დღეს საქართველოში, გრიპის შემთხვევების რაოდენობა 25% არის. დომინანტურია ახლა ქვეყანაში გრიპი.
თუ წინა კვირებში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსი გვქონდა, ახლა გამოჩნდა „ბე“ ტიპის ვირუსი. 25%-დან 2% არის „ბე“ ტიპის. ყველაზე მეტი მაინც არის H1N1, კარგად ცნობილი „ღორის გრიპი“. ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება H1N1 ვირუსიდან გამომდინარე. ბოლო 2 კვირაში გრიპის მაჩვენებლები გაორმაგდა, ალბათ გარკვეულ როლს ამინდის ცვლილებაც თამაშობს. გვაქვს მოლოდინი, რომ 51-ე კვირა უფრო აქტიური იქნება.
ჩვენს კლინიკაში, ახლა ყველაზე ბევრი პაციენტი წევს რესპირაციული ვირუსით. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გრიპის ვირუსია. შემთხვევათა 30-40%-ში ვითარდება ფილტვების ანთება. ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით, ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“,- აღნიშნა ჩხაიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
26.06.2025.11:22
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა, შეხვედრაზე, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოების, საავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ზოგადად, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრირებული ზრუნვის სერვისების ეფექტურ მიწოდებას.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ.