არ არის ცნობილი მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლზე და სხვა ორგანოებზე - თამარ გაბუნია
„ყველაზე მეტად საყურადღებო და გასათვალისწინებელია ის, რომ ცნობილი არ არის მისი ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლსა და სხვა ორგანოებზე, საშუალოვადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივებში“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას განაცხადა.
„მწარმოებელი აღნიშნავს, რომ მედიკამენტს ახასიათებს სერიოზული გვერდითი მოვლენები. ყველაზე მეტად საყურადღებო და გასათვალისწინებელია ის, რომ ცნობილი არ არის მისი ზეგავლენა თირკმელზე, ღვიძლსა და სხვა ორგანოებზე, საშუალოვადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივებში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ გაბუნიას განმარტებით, მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლომდე, ევროკავშირის, თუნდაც, რამდენიმე ქვეყანაში, დადასტურდება სახელმწიფოს მიერ, პაციენტებისათვის ამ მედიკამენტით უზრუნველყოფა, საქართველო მზადაა, მათი საუკეთესო პრაქტიკისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, უპირობოდ აიღოს ვალდებულება და დაიწყოს საქართველოში, მედიკამენტის შემოტანისთვის საჭირო პროცედურები.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომელიც ამბობს, რომ, ჯერჯერობით, არ აქვს ეს მედიკამენტი აღიარებული, რადგან ძალიან ცოტა დრო გავიდა და მონაცემები მწირია. ასევე გვქონდა კონსულტაცია ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან. მათი რეკომენდაცია იყო ის, რომ უნდა მივყვეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, საუკეთესო პრაქტიკას, რაც ჯერჯერობით მწირია, მაგრამ მათ, ასევე, დაგვიდასტურეს მზაობა, დაგვეხმარონ ამ მონაცემების მოპოვებაში. მათი პოზიციაც იგივეა, ჯერ ძალიან ადრეა იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს მედიკამენტის უსაფრთხოდ დანერგვა და ამან მოიტანოს უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე შესაძლოა, რაღაცა ზიანი, რაზედაც ჯერჯერობით მონაცემები არავის არ აქვს. ჩვენი გუშინდელი შეთავაზება შეეხებოდა იმას, რომ მეტი დროა საჭირო”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, ორგანიზება გაუწიოს და დააფინანსოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურა, როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ.
აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
26.06.2025.11:22
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა, შეხვედრაზე, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზეც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოების, საავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ზოგადად, ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრირებული ზრუნვის სერვისების ეფექტურ მიწოდებას.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ირაკლი სასანია და გიორგი პატარიძე, ასევე, სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე ესწრებოდნენ.