საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში საკურსო თემის ფარგლებში იმუშავა, ამერიკის შეერთებული შტატების 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს (USIPB 2025) გამარჯვებულ ნამუშევართა შორისაა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტმა პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სერტიფიკატი, რომელსაც ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი კრისტოფერ სკოტი და ვიცე-პრეზიდენტი რაიან სლოუნი, სულ ახლახან მიიღო. სტუ-ის ბაკალავრის პოსტერებმა გამარჯვება კონკურსზე წარდგენილ 11 845 ნამუშევარს შორის მოიპოვა.
აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს ორგანიზატორთა ინფორმაციით, დიმიტრი კაზაროვის ავტორობით შესრულებული პოსტერები - „გეოთერმული აბსტრაქცია“ და „შერმანი - კეთილი გოლიათი“ - ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით არის გამოფენილი, ასევე წარმოდგენილია USIPB-ის ვებგვერდზე, D კატეგორიაში - „ეროვნული პარკები“, ბმულით: https://www.usipb.com/edition-2025
როგორც სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, პროფესორი მალხაზ რაზმაძე აღნიშნავს, ფაკულტეტის ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდენტმა USIPB 2025-ის აღიარება თანამედროვე პოსტერის შექმნის პროცესში მიღწეული სრულყოფილებისა და კრეატიულობისთვის მიიღო, რაც მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკებსა და მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი აღიარებაა.
„დიზაინის საერთაშორისო სკოლამ განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი - დიმიტრი კაზაროვი, თავისი ორი ნამუშევრით, ამერიკის 2025 წლის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია. მისი ორივე ნამუშევარი კონკურსის ჟიურიმ შეარჩია სრულყოფილების, კრეატიულობის და თანამედროვე ტენდენციების გონივრულად გააზრებისა და კონცეპტუალურ-ვიზუალური სიცხადის გამო. სერტიფიკატს, რომელიც ჩვენმა სტუდენტმა სულ ახლახან მიიღო, ხელს აწერენ USIPB 2025-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი. ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კიდევ ერთი წარმატებაა“, - ამბობს მალხაზ რაზმაძე.
ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვს საერთაშორისო წარმატებას ულოცავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. რექტორის განცხადებით, ეს მიღწევა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც სტუდენტისთვის, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი დიზაინის საერთაშორისო სკოლისთვის, რომელიც მიზანმიმართულად ზრდის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებულ, კონკურენტუნარიან პროფესიონალებს.
„გულითადად ვულოცავ ჩვენს სტუდენტს ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. დიმიტრი კაზაროვის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლა მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით ქმნის გარემოს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ თავიანთი შემოქმედებითი პოტენციალის სრულად რეალიზება. უნდა აღინიშნოს დიზაინის საერთაშორისო სკოლის აკადემიური გუნდის როლი, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობენ დიზაინ-აზროვნებასა და ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას.
თანამედროვე მსოფლიოში პოსტერი აღიქმება როგორც სხვადასხვა ქვეყნის კულტურას შორის კომუნიკაციის, ზოგადსაკაცობრიო გამოწვევების შესახებ მსოფლიო საზოგადოების ინფორმირების და სოციალური დიალოგის ხელშეწყობის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი. სწორედ ასეთ კონტექსტში, ჩვენი სტუდენტის წარმატება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს - მან საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო, ჩვენი უნივერსიტეტი და მისი საერთაშორისო დიზაინის სკოლა. ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდას! დარწმუნებული ვარ, დიმიტრი მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს და საკუთარი შემოქმედებით მეტად გააძლიერებს ქვეყნის პოზიციას გლობალურ სივრცეში“, - აღნიშნავს აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთაშორისო პროექტ GreenEngin-ის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მიიღეს მონაწილეობა
02.04.2026.14:21
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის GreenEngine პროექტის ფარგლებში, აკადემიური პერსონალის გადამზადებისა და საინჟინრო კურიკულუმების მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქარეთველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო საგრანტო პროექტის - „კრეატიული ინჟინერიის ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის - GreenEngine“ - განხორციელებას, რომელიც ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ეგიდით ფინანსდება.
სამუშაო შეხვედრებში, რომელიც იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან აქტიურად იყვნენ ჩართული ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი, ამავე ოფისის პროექტების მენეჯერი ედუარდ დემეტრაშვილი და სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ბორის გითოლენდია.
პროექტის მასშტაბებსა და მნიშვნელობაზე საუბრისას, GreenEngine-ის ინსტიტუციური კოორდინატორი, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრები, რომლებიც აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და საინჟინრო კურიკულუმების მოდერნიზაციას ეძღვნება, მიზნად ისახავს უნივერსიტეტში მწვანე ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინჟინერიის დანერგვას, რაც სტუდენტებისთვის VR ლაბორატორიების შექმნას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მდგრად სასწავლო პროცესს გულისხმობს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მივიღეთ იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო და საკოორდინაციო შეხვედრებში. ვიზიტის ძირითადი აქცენტი აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და ინოვაციური კურიკულუმების განვითარებაზე გაკეთდა, რაც გულისხმობს ისეთი სასწავლო მოდულების შექმნას, რომლებიც საინჟინრო განათლებაში კრეატიულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის თანამედროვე მეთოდებსა და მდგრადობას აერთიანებს. ახალი სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მწვანე ტექნოლოგიების პრიორიტეტულობაზე, რაც სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და საგანმანათლებლო სტანდარტებთან. ინტენსიური შეხვედრების ფორმატში ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ევროპელი პარტნიორების მოდერაციით აქტიურად იმუშავეს ახალი თაობის კურიკულუმების შემუშავებაზე. ეს პროგრამები ორიენტირებულია კრეატიულ აზროვნებაზე, პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ მეთოდებსა და კლიმატური მედეგობის გაძლიერებაზე, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება მიიღონ და ამით კონკურენტუნარიანობა აიმაღლონ“, - ამბობს გიორგი მიქიაშვილი.
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის ინფორმაციით, იტალიაში გამართული ვიზიტი დატვირთული იყო აკადემიური და კულტურული აქტივობებით, რომელთა ფარგლებში სტუ-ის წარმომადგენლებმა პარტნიორებთან ერთად მიმდინარე პროცესები და მომავლის სამოქმედო გეგმები განიხილეს.
„პროექტი GreenEngine, რომელიც 2028 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს ინჟინრების ახალი თაობის ჩამოყალიბებას საინჟინრო განათლების მოდერნიზაციის გზით. ეს პროცესი გულისხმობს სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობისა და ინოვაციური კომპეტენციების გაძლიერებას, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი. პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე იგეგმება. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტში ასევე შეიქმნება VR სწავლებაზე დაფუძნებული თანამედროვე ლაბორატორია. GreenEngine აკადემიური პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებს თანამედროვე საინჟინრო აზროვნებისკენ უკვალავს გზას და ამას გარდა, მდგრადი განათლებისა და მწვანე პრაქტიკის ინტეგრირებით, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროფესიული ზრდის სრულიად ახალ შესაძლებლობებს უქმნის“, - აცხადებს, პროფესორი ბორის გითოლენდია.
სტუ-ის ინფორმაციით, GreenEngine მასშტაბური კონსორციუმია, რომელშიც ერთიანდებიან პარტნიორები საქართველოდან, იტალიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და უზბეკეთიდან.