საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარული მოცურავე, პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მკვლევარი და პედაგოგი, 9-გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვეტერანი სპორტსმენი - პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი ფინეთის ქალაქ ოულუში გამართული 2026 წლის ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატიდან საქართველოში ჩემპიონის ტიტულით (ოქრო) და 2 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ლეგენდარულმა მოცურავემ, საქართველოს სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ფედერაციის - „სპორტი ყველასათვის“ და სტუ-ის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით, ოულუს ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე 80+ ასაკობრივ კატეგორიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით იასპარეზა და უნივერსიტეტსა და ქვეყანას ახალი საერთაშორისო გამარჯვებები მოუტანა.
ოულუს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 2 000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 25-მეტრიან დისტანციაზე ბატერფლაის სტილით ცურვაში მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედლებს 25- და 50-მეტრიან დისტანციებზე თავისუფალი სტილით ასპარეზობისას დაეუფლა. ჩემპიონატზე წყლის ტემპერატურა 0.2 გრადუსი იყო.
ლეგენდარულ მოცურავეს წლევანდელ ზამთრის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატში მორიგ მნიშვნელოვან გამარჯვებას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს. როგორც რექტორი აღნიშნავს, 80 წელს გადაცილებულმა ვეტერანმა სპორტსმენმა - პროფესორმა ჰენრი კუპრაშვილმა მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა.
„სასიხარულო და საამაყოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მოასპარეზე ლეგენდარულმა სპორტსმენმა, მოცურავემ - ჩვენი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორმა, ცნობილმა მკვლევარმა და არაჩვეულებრივმა პედაგოგმა, არაერთი თაობის სპეციალისტებისა და მკვლევრების აღმზრდელმა, ყველასათვის საყვარელმა და პატივსაცემმა კოლეგამ - ბატონმა ჰენრი კუპრაშვილმა ფინეთში, ოულუს ზამთრის ცურვის წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თავისუფალი სტილით ასპარეზობისას ორჯერ დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ვერცხლის მედლებს დაეუფლა.
ვულოცავთ ბატონ ჰენრის ამ დიდებულ გამარჯვებას, რომელიც მან არა მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, არამედ მთელ საქართველოს მოუტანა. განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ის ფაქტი, რომ ასეთ საპატიო ასაკში ის კვლავაც საოცარი ენერგიით, შეუპოვრობითა და პროფესიონალიზმით აგრძელებს სპორტულ კარიერას და მსოფლიო სპორტის საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანი შესაძლებელია ნებისმიერ ასაკში იყოს ძლიერი, გამბედავი და მიზანდასახული.
პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მრავალი წელია ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს უნივერსიტეტს როგორც მეცნიერების, ისე სპორტის სფეროში. ის არის გამორჩეული მკვლევარი, შესანიშნავი პედაგოგი და მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის, თუ როგორ შეიძლება ცოდნის, შრომისა და ძლიერი ნებისყოფის შერწყმა დიდი მიზნების მისაღწევად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, დიდი სიყვარულით ვულოცავ ჩვენს უფროს კოლეგას - პროფესორ ჰენრი კუპრაშვილს მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსა და ვერცხლის მედლებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას და ახალ გამარჯვებებს როგორც სპორტულ ასპარეზზე, ისე სამეცნიერო-აკადემიურ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, ბატონი ჰენრი კუპრაშვილი კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს უნივერსიტეტსა და ქვეყანას”, - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, პროფესიით ისტორიკოსი, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი, საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, „მხედრული მამაცობისათვის“ მედლისა და ჯორჯ ბაირონის ოქროს მედლის კავალერი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის პროფესორი ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო ჩემპიონია ბიატლსა და ტრიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი), ასევე, უკვე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია ზამთრის ცურვაში. 2002 წელს ჰენრი კუპრაშვილმა „მხედრული კოლხურით“ (ხელფეხშეკრულმა)დარდანელის სრუტე (12 კმ) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. მისი ავტორობით გამოიცა „ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო”. წამყვანი მსოფლიო მასმედია ჰენრი კუპრაშვილს სხვადასხვა მეტსახელით მოიხსენიებს: „ადამიანი დელფინი“, „დარდანელის გმირი“, „წყლის პრომეთე“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ
08.04.2026.16:51
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტენოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებითა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აქტიური ჩართულობით წარიმართა, მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორ-მასწავლებლები და კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე, ხოლო საქართველოს ბანკის მხრიდან - მასობრივი და საოპერაციო პოზიციების მიმართულებით შერჩევის სამსახურის უფროსი ეთო ქობალია და კომუნიკაციების სწავლებისა და განვითარების სამსახურის უფროსი თამარ ჭანტურიშვილი.
სტუდენტებს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ წარუდგინა და ახალგაზრდებს კარიერული განვითარებისა და სამომავლო დასაქმების შესახებ საუნივერსიტეტო ინიციატივებზე ესაუბრა; ასევე, გააცნო საქართველოს ბანკის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კარიერული ზრდის შესაძლებლობებსა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა ნატო ქათამაძემ და ახალგაზრდებს აქტიურობისა და სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობასა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რაც ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე დადებითად აისახება.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა სტუდენტებს მივცეთ საშუალება მარტივად მოახერხონ მათთვის სასურველი ვაკანსიების მოძიება, რაშიც ხელს ვუწყობთ სხვადასხვა კავალიფიციურ დამსაქმებელთან შეხვედრის პროცესში. გარდა ამისა, ტრენინგებისა და სემინარების საშუალებით ვცდილობთ ახალგაზრდებს განვუვითაროთ ის უნარები, რომლებიც აუცილებელია დამსაქმებელთან კომუნიკაციის პროცესში. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა საბანკო ინდუსტრიაში - მათთან არაერთი წელია პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს, რასაც თანამშრომლობის მემორანდუმიც ამყარებს. ერთობლივი ძალებით მრავალ აქტივობას ვახორციელებთ და ყველა მათგანი სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება. სწორედ ეს არის ჩვენი სამსახურის მიზანიც და მისიაც. მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამჟამადაც ცდილობს ჩვენს სტუდენტებს ხელსაყრელი სამუშაო პირობებით აქტიური ვაკასიები შესთავაზოს" - განაცხადა ნატო ქათამაძემ.
საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საქართველოს ბანკში არსებული აქტიური ვაკასიები გააცნეს, ისაუბრეს სტაჟირების პროგრამებსა და იმ ბენეფიტებზე, რომელსაც ბანკი დაინტერესებულ პირებს ჰპირდება, გაუზიარეს ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობებისა და იმ პროფესიული განვითარების გზების შესახებ, რასაც საქართველოს ბანკი პოტენციურ თანამშრომლებს სთავაზობს.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქციურ რეჟიმში გაგრძელდა. სტუმრებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს და მათ პროფესიული შესაძლებლობების ზრდის შესახებ პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.