საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დასრულდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების ციკლი, რომელიც ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი მოიცვა, რითაც საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალება მისცა უშუალოდ გაცნობოდნენ თანამედროვე ფიზიკისა და ბირთვული ინჟინერიის ძირითად პრინციპებს.
სტუ-ის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მასტერკლასი ჩატარდა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) IPPOG კოლაბორაციის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში, რამაც მონაწილეებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა რეალურ ექსპერიმენტულ მონაცემებზე ემუშავათ და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის აქტუალურ კვლევებს გაცნობოდნენ. პროფესორ ბესიკ კეკელიას თქმით, CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების სერიამ მოსწავლეთა მაღალი ინტერესი და აქტიური ჩართულობა გამოიწვია. პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდებში მეცნიერებისა და ინჟინერიის პოპულარიზაციაში, ხელი შეუწყო მათი კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა მსგავსი ინიციატივების აუცილებლობა ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში.
„პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ერთვებოდნენ ინტერაქტიულ ლექციებსა და პრაქტიკულ სესიებში, სადაც სწავლობდნენ, თუ როგორ ხდება დიდი ადრონული კოლაიდერის (LHC) მონაცემების ანალიზი და ახალი ნაწილაკების აღმოჩენა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და მომავალი თაობის მოტივირება კვლევების მიმართულებით. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ“, - აცხადებს ბესიკ კეკელია.
სტუ-ის ინფორმაციით, CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასები ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ: ქუთაისში - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში; ბათუმში - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; თელავში - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში; გორში - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში; თბილისში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო დასკვნითი მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, IPPOG საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს CERN-ის მეცნიერებს, მკვლევრებსა და აკადემიურ პერსონალს. მისი მთავარი მიზანია მოზარდებსა და ახალგაზრდებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ფიზიკისა და მათემატიკის მიმართ ინტერესის გაღრმავება და ამ სფეროებში მოტივაციის გაზრდა. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, პროგრამის ფარგლებში გამოყენებული იყო ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებული მეთოდოლოგია, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მაქსიმალურად მიუახლოვდნენ თანამედროვე მეცნიერების რეალურ გარემოს.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ვაძლევთ შესაძლებლობას ადრეული ასაკიდანვე გაეცნონ თანამედროვე მეცნიერების უახლეს მიღწევებს. CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების ციკლი სწორედ ასეთი უნიკალური პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს უქმნის საუკეთესო გარემოს რეალურ მონაცემებთან მუშაობისა და თანამედროვე კვლევითი პროცესების აღქმისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდა შესაძლებლობა დამოუკიდებლად ემუშავათ რეალურ ექსპერიმენტულ მონაცემებზე - ვგულისხმობთ ATLAS ან CMS ექსპერიმენტების ფარგლებში დეტექტორებიდან მიღებულ მონაცემებს - გაეკეთებინათ საკუთარი ანალიზი და დასკვნები. თითოეული დღის ბოლოს ისინი ერთვებოდნენ საერთაშორისო ონლაინ დისკუსიაში, სადაც მათი შედეგები განიხილებოდა CERN-ის ექსპერტებთან ერთად. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, ანალიტიკური უნარებისა და გუნდური მუშაობის განვითარებას. აღნიშნულმა მასტერკლასებმა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი 2018 წლიდან ახორციელებს, მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდებში. წლევანდელი მასტერკლასები 180 მონაწილეზე იყო გათვლილი, თუმცა შემეცნებით ღონისძიებებში, ფაქტობრივად, 253 მოსწავლე ჩაერთო, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროგრამის მიმართ მაღალ ინტერესსა და მის აქტუალობას. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მეცნიერების პოპულარიზაცია და განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.
სტუ-ის ინფორმაციით, CERN/IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების მონაწილეებმა გაიარეს ერთდღიანი „მეცნიერის გამოცდილება“, რომლის ფარგლებშიც მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკების ფიზიკის კვლევების მიზნებს, ექსპერიმენტულ მეთოდებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ
08.04.2026.16:51
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტენოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათგან კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, შეხვედრაში, რომელიც უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებითა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის აქტიური ჩართულობით წარიმართა, მონაწილეობდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, პროფესორ-მასწავლებლები და კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე, ხოლო საქართველოს ბანკის მხრიდან - მასობრივი და საოპერაციო პოზიციების მიმართულებით შერჩევის სამსახურის უფროსი ეთო ქობალია და კომუნიკაციების სწავლებისა და განვითარების სამსახურის უფროსი თამარ ჭანტურიშვილი.
სტუდენტებს უნივერსიტეტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი და საქართველოს ბანკის წარმომადგენლები ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ წარუდგინა და ახალგაზრდებს კარიერული განვითარებისა და სამომავლო დასაქმების შესახებ საუნივერსიტეტო ინიციატივებზე ესაუბრა; ასევე, გააცნო საქართველოს ბანკის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კარიერული ზრდის შესაძლებლობებსა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივებზე ვრცლად ისაუბრა ნატო ქათამაძემ და ახალგაზრდებს აქტიურობისა და სამსახურთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და საქართველოს ბანკს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობასა იმ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რაც ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე დადებითად აისახება.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა სტუდენტებს მივცეთ საშუალება მარტივად მოახერხონ მათთვის სასურველი ვაკანსიების მოძიება, რაშიც ხელს ვუწყობთ სხვადასხვა კავალიფიციურ დამსაქმებელთან შეხვედრის პროცესში. გარდა ამისა, ტრენინგებისა და სემინარების საშუალებით ვცდილობთ ახალგაზრდებს განვუვითაროთ ის უნარები, რომლებიც აუცილებელია დამსაქმებელთან კომუნიკაციის პროცესში. საქართველოს ბანკი ერთ-ერთი ლიდერი ორგანიზაციაა საბანკო ინდუსტრიაში - მათთან არაერთი წელია პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს, რასაც თანამშრომლობის მემორანდუმიც ამყარებს. ერთობლივი ძალებით მრავალ აქტივობას ვახორციელებთ და ყველა მათგანი სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით იგეგმება. სწორედ ეს არის ჩვენი სამსახურის მიზანიც და მისიაც. მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამჟამადაც ცდილობს ჩვენს სტუდენტებს ხელსაყრელი სამუშაო პირობებით აქტიური ვაკასიები შესთავაზოს" - განაცხადა ნატო ქათამაძემ.
საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს საქართველოს ბანკში არსებული აქტიური ვაკასიები გააცნეს, ისაუბრეს სტაჟირების პროგრამებსა და იმ ბენეფიტებზე, რომელსაც ბანკი დაინტერესებულ პირებს ჰპირდება, გაუზიარეს ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობებისა და იმ პროფესიული განვითარების გზების შესახებ, რასაც საქართველოს ბანკი პოტენციურ თანამშრომლებს სთავაზობს.
სტუ-ის ინფორმაციით, შეხვედრა ინტერაქციურ რეჟიმში გაგრძელდა. სტუმრებმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხეს და მათ პროფესიული შესაძლებლობების ზრდის შესახებ პრაქტიკული რჩევებიც გაუზიარეს. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა სტუდენტებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.