საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებელს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს
ბოლო პერიოდში დაფიქსირდა თაღლითური შემთხვევები, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის, "AnyDesk") გამოყენებით ხორციელდება. კერძოდ, სხვადასხვა მეთოდით - სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით - მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვადასხვა აპლიკაციების, მათ შორის, მობილური ბანკის, ე.წ. "SMS" შეტყობინებების და ა.შ. დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას მისცემს.
დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზემოთქმულის გათვალისწინებით თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა, მათ შორის, ვირტუალური აქტივების შესაძენად.
საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ, ასევე, საკუთარი პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების გამჟღავნებისას. პირველ ყოვლისა, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა კომპანიასთან.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - (+995)0322406406.
საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილებები კი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ფინანსური განათლების ვებგვერდზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
ბოლო პერიოდში ძალიან გამკაცრებული გვაქვს მიდგომები ქალაქის ეკოლოგიასთან მიმართებით - ნინო ლაცაბიძე
სხვა სიახლეები
სტუ-ის რექტორი გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს ნოდარ ჭითანავას 90 წლის იუბილეს ულოცავს
10.03.2026.15:07
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სახელმწიფო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს - ნოდარ ჭითანავას 90 წლის იუბილეს ულოცავს.
როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ნოდარ ჭითანავამ აქტიური მონაწილეობა მიიღო იმ ისტორიული პროცესში, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილის აქტით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა დააფიქსირა. სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან ერთად აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ამჟამად კი მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრში. ნოდარ ჭითანავას კვლევები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციული პროცესები, აგროსამრეწველო კომპლექსისა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მიწის რესურსები და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების პრობლემები და სხვა.
„ბატონ ნოდარ ჭითანავას გულითადად ვულოცავ 90 წლის იუბილეს! ეს თარიღი უნიკალური შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მისი, როგორც მეცნიერისა და პედაგოგის, ინტელექტუალურ და პროფესიულ გზას.
ბატონი ნოდარის გამოცდილება და ცოდნა პროფესიონალიზმის, ინტელექტუალური შრომისა და მეცნიერების სიყვარულის დასტურია. ის არა მხოლოდ მეცნიერი, არამედ ღირსეული მოქალაქეა, რომლის ცხოვრების გზა თაობებისთვის მაგალითის მიმცემია.
ბატონო ნოდარ გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!“ - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.
ინფორმაციისთვის: ნოდარ ჭითანავას ავტორობით გამოიცა არაერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: „საქართველოს სოფლის მეურნეობა - ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები“; „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“; „საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები და პერსპექტივები“; „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“; „გლობალური გამოწვევები ერთპოლოუსიან მსოფლიოში“. ნოდარ ჭითანავას ნაშრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკური განვითარების ეროვნულ კონცეპტუალურ ხედვას და იმას, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და საზოგადოების საერთო კეთილდღეობას.