რეგიონებში ფინანსური განათლების გავრცელების პროექტის ფარგლებში ფინედუს ტრენერთა მომზადების პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუმ“ რეგიონში მცხოვრები ტრენერების მომზადების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.
2024 წლის 11-13 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის 18-მა წარმომადგენელმა სპეციალური ტრენერთა ტრენინგი გაიარა. მონაწილეები სამი დღის განმავლობაში გაეცნენ ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, სასწავლო პროცესის წარმართვის ტექნიკებსა და მეთოდოლოგიებს, ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფინანსური განათლების კონკრეტული თემატიკის და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების შესახებ. პროექტის მომდევნო ეტაპზე პოტენციური ტრენერები ფინედუს მიერ ორგანიზებული საჩვენებელ ტრენინგებს ჩაატარებენ. ტრენინგების ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩევა ფინედუს 8 ტრენერი, რომლებიც საკუთარ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის 2025 წლის განმავლობაში 80-მდე საგანმანათლებლო შეხვედრას ჩაატარებენ.
შერჩეული ტრენერების ფინანსური განათლების საკითხებში გადამზადება 2024 წლის დეკემბერში, ხოლო რეგიონებში მოსახლეობის ტრენინგების ჩატარება 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
ფინანსური განათლების გავრცელების მდგრადობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - "ფინედუ" მხარდამჭერ პარტნიორთან, სს "საქართველოს ბანკთან ერთად ფინანსური განათლების გამავრცელებელი ანაზღაურებადი ტრენერების შერჩევა-გადამზადების პროექტს სახელწოდებით "ფინედუს ტრენერი" ახორციელებს.
პროექტში მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეეძლო, რომელსაც ფორმალური ან არაფორმალური სწავლების გამოცდილება ჰქონდათ. სულ დაინტერესება 140-მა კანდიდატმა გამოთქვა, საიდანაც პირველ ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. კანდიდატების შერჩევისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უპირატესობა მიენიჭა საზღვრისპირა და მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებელ მონაწილეებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ბოლო პერიოდში ძალიან გამკაცრებული გვაქვს მიდგომები ქალაქის ეკოლოგიასთან მიმართებით - ნინო ლაცაბიძე
სხვა სიახლეები
სტუ-ის რექტორი გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს ნოდარ ჭითანავას 90 წლის იუბილეს ულოცავს
10.03.2026.15:07
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, სახელმწიფო მოღვაწეს, მეცნიერსა და პედაგოგს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს - ნოდარ ჭითანავას 90 წლის იუბილეს ულოცავს.
როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ მილოცვაშია აღნიშნული, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ნოდარ ჭითანავამ აქტიური მონაწილეობა მიიღო იმ ისტორიული პროცესში, რომელმაც 1991 წლის 9 აპრილის აქტით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა დააფიქსირა. სახელმწიფოებრივ საქმიანობასთან ერთად აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ამჟამად კი მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირაკლი ჟორდანიას საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრში. ნოდარ ჭითანავას კვლევები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციული პროცესები, აგროსამრეწველო კომპლექსისა და რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მიწის რესურსები და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის გამოყენების პრობლემები და სხვა.
„ბატონ ნოდარ ჭითანავას გულითადად ვულოცავ 90 წლის იუბილეს! ეს თარიღი უნიკალური შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მისი, როგორც მეცნიერისა და პედაგოგის, ინტელექტუალურ და პროფესიულ გზას.
ბატონი ნოდარის გამოცდილება და ცოდნა პროფესიონალიზმის, ინტელექტუალური შრომისა და მეცნიერების სიყვარულის დასტურია. ის არა მხოლოდ მეცნიერი, არამედ ღირსეული მოქალაქეა, რომლის ცხოვრების გზა თაობებისთვის მაგალითის მიმცემია.
ბატონო ნოდარ გილოცავთ იუბილეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!“ - აღნიშნულია რექტორის მილოცვაში.
ინფორმაციისთვის: ნოდარ ჭითანავას ავტორობით გამოიცა არაერთი მნიშვნელოვანი მონოგრაფია და სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: „საქართველოს სოფლის მეურნეობა - ტრანსფორმაცია, პრობლემები, პერსპექტივები“; „გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები“; „საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები და პერსპექტივები“; „საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია“; „გლობალური გამოწვევები ერთპოლოუსიან მსოფლიოში“. ნოდარ ჭითანავას ნაშრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეკონომიკური განვითარების ეროვნულ კონცეპტუალურ ხედვას და იმას, თუ როგორ უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებასა და საზოგადოების საერთო კეთილდღეობას.