რეგიონებში ფინანსური განათლების გავრცელების პროექტის ფარგლებში ფინედუს ტრენერთა მომზადების პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუმ“ რეგიონში მცხოვრები ტრენერების მომზადების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.
2024 წლის 11-13 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმის 18-მა წარმომადგენელმა სპეციალური ტრენერთა ტრენინგი გაიარა. მონაწილეები სამი დღის განმავლობაში გაეცნენ ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, სასწავლო პროცესის წარმართვის ტექნიკებსა და მეთოდოლოგიებს, ინტერაქციული ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ფინანსური განათლების კონკრეტული თემატიკის და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების შესახებ. პროექტის მომდევნო ეტაპზე პოტენციური ტრენერები ფინედუს მიერ ორგანიზებული საჩვენებელ ტრენინგებს ჩაატარებენ. ტრენინგების ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩევა ფინედუს 8 ტრენერი, რომლებიც საკუთარ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის 2025 წლის განმავლობაში 80-მდე საგანმანათლებლო შეხვედრას ჩაატარებენ.
შერჩეული ტრენერების ფინანსური განათლების საკითხებში გადამზადება 2024 წლის დეკემბერში, ხოლო რეგიონებში მოსახლეობის ტრენინგების ჩატარება 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
ფინანსური განათლების გავრცელების მდგრადობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა - "ფინედუ" მხარდამჭერ პარტნიორთან, სს "საქართველოს ბანკთან ერთად ფინანსური განათლების გამავრცელებელი ანაზღაურებადი ტრენერების შერჩევა-გადამზადების პროექტს სახელწოდებით "ფინედუს ტრენერი" ახორციელებს.
პროექტში მონაწილეობა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ სრულწლოვან პირს შეეძლო, რომელსაც ფორმალური ან არაფორმალური სწავლების გამოცდილება ჰქონდათ. სულ დაინტერესება 140-მა კანდიდატმა გამოთქვა, საიდანაც პირველ ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. კანდიდატების შერჩევისას, სხვა კრიტერიუმებთან ერთად, უპირატესობა მიენიჭა საზღვრისპირა და მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებელ მონაწილეებს.
სხვა სიახლეები
Skillwill ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სადიპლომო პროფესიულ პროგრამას MIT Open Learning-ის Universal AI-ით აფართოებს
10.11.2026.18:02
Skillwill ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების (AI Tools) პროფესიულ სადიპლომო პროგრამაში ხელოვნური ინტელექტის შესწავლის შესაძლებლობებს აფართოებს. პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავდა.
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების სადიპლომო პროგრამა უკვე მოიცავს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) Open Learning-ის Universal AI პროგრამის სასწავლო მასალას. ამით Skillwill-ის სტუდენტებს წვდომა ეძლევათ MIT-ის პროფესორებისა და ექსპერტების მიერ შექმნილ საგანმანათლებლო რესურსებზე. Universal AI-ს ისინი ონლაინ, პროფესიულ სადიპლომო პროგრამაზე სწავლის პარალელურად გაივლიან. მისი გავლა AI Tools პროგრამის ყველა სტუდენტისთვის სავალდებულოა.
სტუდენტებისთვის Universal AI-ის შეთავაზება Skillwill-ის უფრო ფართო მიზნის ნაწილია - მოამზადოს სტუდენტები შრომის ბაზრისთვის, სადაც ხელოვნური ინტელექტის უნარები სხვადასხვა პროფესიასა და ინდუსტრიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. Skillwill-ის მიერ შექმნილი AI Tools საქართველოში დამტკიცებული ამ ტიპის პირველი პროფესიული სადიპლომო პროგრამაა. ეს ნაბიჯი ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე გადაიდგა. პრაქტიკულ, სამუშაოსთვის საჭირო უნარებზე ორიენტირებული პროფესიული განათლება კი საქართველოში ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი გზაა.
რატომ შეირჩა MIT Open Learning-ის Universal AI
Universal AI კომპლექსური სასწავლო პროგრამაა, რომელიც მონაწილეებს ეხმარება გაიგონ, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და როგორ შეიძლება მისი რეალურ გარემოში გამოყენება. სასწავლო გეგმა აერთიანებს ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, პრაქტიკულ გამოყენებასა და სხვადასხვა ინდუსტრიისთვის შესაბამის მიდგომებს. პროგრამა ფართო აუდიტორიისთვისაა შექმნილი, მათ შორის მათთვისაც, ვისაც სიღრმისეული ტექნიკური ცოდნა არ აქვს.
პროგრამა აგებულია ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა მანქანური სწავლება, პროგნოზირება და მოქმედების რეკომენდაციების შესაქმნელად AI-ის გამოყენება (predictive and prescriptive AI), გენერაციული AI, დიდ ენობრივ მოდელები (LLM), მულტიმოდალურ AI, AI აგენტები, მონაცემთა ანალიტიკა და Python პროგრამირების ენა. სტუდენტები ასევე შეისწავლიან, როგორ აიხსნება ხელოვნური ინტელექტის მუშაობა და მიღებული შედეგები, როგორ შეიძლება AI სისტემებში მიკერძოების თავიდან აცილება, რა ეთიკური გამოწვევები ახლავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და როგორია შრომის ბაზრის მომავალი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის კერძო კომპანიასა, თუ საჯარო სექტორში დანერგონ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები და მოახდინონ პროცესების ავტომატიზაცია.
ტექნოლოგიების შესწავლასთან ერთად, პროგრამა სტუდენტებს ეხმარება, გააანალიზონ AI-ის შედეგები, კრიტიკულად შეაფასონ მისი გამოყენება და AI-ის მეთოდები და მიდგომები რეალურ სიტუაციებში გადაწყვეტილებების მისაღებად და გამოწვევების გადასაჭრელად გამოიყენონ. ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური შედეგების გააზრებასა და მის შესახებ ეფექტიან კომუნიკაციას როგორც ტექნიკურ, ისე არატექნიკურ აუდიტორიასთან.
სწავლება MIT Learn-ის პლატფორმაზე მიმდინარეობს და მოიცავს MIT-ის პროფესორების ლექციებს, სასწავლო პროცესში ინტეგრირებულ შეფასებებსა და დავალებებს, ასევე AskTIM-ს - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ასისტენტს, რომელიც სტუდენტებს სწავლის განმავლობაში ეხმარება.
სასწავლო მასალის წარმატებით დასრულების შემდეგ MIT Open Learning მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს, რომელთა დაგროვებაც ეტაპობრივად არის შესაძლებელი (stackable certificates). მათ შორისაა ცალკეული მოდულების სერტიფიკატები და ყველა საბაზისო მოდულის დასრულების დამადასტურებელი პროგრამის სერტიფიკატი (Program Certificate).
ხელოვნური ინტელექტის შესწავლა პროფესიული განათლების პარალელურად
Universal AI ავსებს Skillwill-ის AI Tools პროფესიული პროგრამის სასწავლო გეგმას და სტუდენტებს საშუალებას აძლევს, არჩეული პროფესიისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებთან ერთად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით დამატებითი ცოდნაც მიიღონ.
AI Tools პროგრამა სტუდენტებს ნულიდან ამზადებს ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებად. სწავლება მოიცავს AI მოდელებსა და სერვისებს, Python-ს, ავტომატიზებულ და AI აგენტებზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესებს, ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას და სრულდება AI პროექტით, რომელიც მუშაობის სრულ ციკლს მოიცავს. კურსდამთავრებულები იღებენ ხელოვნური ინტელექტის დეველოპმენტში პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს და მზად არიან საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, მომსახურების სფეროს კომპანიებსა და სტარტაპებში სამუშაოდ.
„ხელოვნური ინტელექტი უკვე გასცდა მხოლოდ ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტების საქმიანობას - ის სწრაფად იქცევა აუცილებელ ინსტრუმენტად სხვადასხვა ინდუსტრიასა და პროფესიაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Skillwill-ის კურსდამთავრებულები იყვნენ AI სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ცოდნა და თავდაჯერება ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანად და პასუხისმგებლიანად გამოსაყენებლად. MIT Open Learning-ის Universal AI-ის მეშვეობით ჩვენს სტუდენტებს ვუქმნით დამატებით შესაძლებლობას, ისწავლონ მაღალი ხარისხის საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსებით და განივითარონ უნარები, რომლებიც სულ უფრო მეტად ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებულ შრომის ბაზარზე დასჭირდებათ“, - აცხადებს Skillwill-ის დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე.
MIT Open Learning-ის Universal Learning-ის უფროსი დირექტორი მეგან მიტჩელი აღნიშნავს:
„Universal AI სტუდენტებს სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის უნარების განვითარების კომპლექსურ და ამავე დროს მარტივად გასაგებ გზას - საფუძვლების შესწავლიდან კონკრეტულ ინდუსტრიებში გამოყენებამდე. ამ თანამშრომლობით ამ შესაძლებლობას ვთავაზობთ Skillwill-ის სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ვეხმარებით ხელოვნური ინტელექტის იმ ცოდნისა და გამოყენების უნარების განვითარებაში, რომლებსაც მათი კარიერა მოითხოვს“.
Skillwill-ის მიზანია, პროფესიული განათლება საერთაშორისო დონეზე შექმნილ ხელოვნური ინტელექტის სასწავლო შესაძლებლობებს დაუკავშიროს და სტუდენტებს დამატებითი ინსტრუმენტები მისცეს ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციისა და მომავალ კარიერაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის.
Skillwill-ის AI Tools პროგრამაზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. სტუდენტებისთვის Universal AI-ც სრული დაფინანსებით არის ხელმისაწვდომი. ამ შესაძლებლობით სარგებლობისთვის მსურველები AI Tools პროგრამაზე უნდა ჩაირიცხონ.