განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა.
საკითხი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
ცვლილების თანახმად, გარდამავალი დებულების ნაწილს ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე - პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც 6 წელი უსრულდება 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მომხსენებლის თქმით, აღნიშნული რეგულაცია ერთჯერადია, რომელიც ვრცელდება მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელზე და არ ცვლის კანონით დადგენილ ზოგად წესს.
სხვა სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა
31.03.2026.13:09
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა, რომლის მიზანს გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს კლიმატის ცვლილებების შესახებ , განიხილეს მისი გამომწვევი მიზეზები, გლობალური და ადგილობრივი გავლენები, ასევე ის გამოწვევები, რომლებიც თანამედროვე სამყაროს წინაშე დგას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კლიმატის ცვლილების შედეგად გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე არსებულ ზეგავლენებს.
მოსწავლეები ასევე გაეცნენ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც თითოეულ ადამიანს შეუძლია გადადგას გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. მათ შორის ენერგიის ეფექტურად გამოყენება, ნარჩენების შემცირება და ეკომეგობრული ჩვევების დანერგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებას და მათ აქტიურ ჩართულობას გარემოს დაცვის პროცესში.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რათა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება გარემოსდაცვითი გამოწვევების მიმართ.