ეროვნულ ბანკსა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნულ ბანკსა და პროფესიულ გაერთიანება „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და პროფესიული გაერთიანება „ბუღალტერთა კავშირის“ დირექტორმა ტატიანა ბერიძემ.
ნათია თურნავას თქმით, ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ინკლუზიური გარემოს შექმნაზე როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში.
„ეროვნული ბანკი აგრძელებს სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას და რეგულაციების შემუშავებას, რაც ქალების პროფესიულ გაძლიერებას ემსახურება. ვფიქრობ, ეროვნულ ბანკსა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, დააჩქარებს მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი ფინანსური სექტორის ჩამოყალიბებას, ასევე ხელს შეუწყობს არსებული ბარიერების აღმოფხვრასა და ქალი ლიდერებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
შეთანხმება მიზნად ისახავს ეროვნულ ბანკსა და „ბუღალტერთა კავშირს“ შორის ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში რეგულირებულ საკითხებზე ორგანიზაციის წევრების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საერთო ინტერესის ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამუშაო შეხვედრების, კონფერენციების და სიმპოზიუმების ერთობლივ ორგანიზებას.
პროფესიული გაერთიანება „ბუღალტერთა კავშირი“ აქტიურად საქმიანობს ბუღალტერთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, რასაც სწავლებისა და გადამზადების პროგრამების საშუალებით ახორციელებს. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინანსისტ ქალთა გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შიდასაუნივერსიტეტო პროექტი - „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო
02.11.2026.15:18
„სწავლა ადამიანის განვითარების საფუძველია, სპორტი ამ განვითარების მნიშვნელოვანი თანამგზავრი. განათლება გვაძლევს ცოდნას, გვივითარებს ანალიტიკურ აზროვნებას, გვასწავლის მოვლენების გააზრებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას. სპორტი კი გვასწავლის მიზნის დასახვას, დისციპლინას, მოთმინებას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და სირთულეების დაძლევას. ორივე მიმართულება მოითხოვს შრომას, თანმიმდევრულობასა და მუდმივ განვითარებას. ამ თვალსაზრისით, აკადემიური საქმიანობა და სპორტული აქტივობა ერთმანეთის შემავსებელია და ახალგაზრდას წარმატებისთვის აუცილებელი უნარების ჩამოყალიბებაში ეხმარება“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, შიდასაუნივერსიტეტო პროექტი - „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ დაიწყო. პროექტის გახსნის ღონისძიება „ლისი ლემანსის“ ტერიტორიაზე გაიმართა და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა.
სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნას, რათა მათ გამოავლინონ საკუთარი სპორტული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარები, ჩაერთონ სხვადასხვა სახის შეჯიბრებაში და წარმოაჩინონ როგორც ინდივიდუალური შესაძლებლობები, ისე გუნდური მუშაობის უნარი. ლევან ფიფიას თქმით, ფაკულტეტებს შორის ორგანიზებული აქტივობები ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებასა და სტუდენტებს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.

„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“-ში მონაწილეობის უფლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს აქვთ. პროექტი სტუდენტებს საერთო სივრცეში აერთიანებს და საშუალებას აძლევს, საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. სტუდენტური თამაშები ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდება და სპორტულ, ინტელექტუალურ და კულტურულ-შემოქმედებით აქტივობებს გააერთიანებს. პროგრამის მრავალფეროვნება მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებასა და ღონისძიებაში, გამოსცადონ საკუთარი ძალები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ფაკულტეტებს შორის გუნდური თანამშრომლობის კულტურის განვითარებაში შეიტანონ წვლილი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტურნირის ციფრული მართვა სრულად Gamo-ს პლატფორმაზე განხორციელდება. Gamo ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც სამოყვარულო სპორტის ციფრულ ეკოსისტემას ქმნის - აერთიანებს მოთამაშეებს, სპორტულ სივრცეებსა და შეჯიბრებებს ერთ პლატფორმაზე. მონაწილეები და გულშემატკივრები თამაშების განრიგს, შედეგებსა და სატურნირო ცხრილებს gamo.ge-ზე გაეცნობიან. დაგროვილი შედეგები კი გუნდების სპორტულ ისტორიას შექმნის და მათი პროგრესის ანალიზის საფუძველი გახდება“, - აცხადებს ლევან ფიფია.
სტუ-ის რექტორის თქმით, სასწავლო პროცესის მიღმა ორგანიზებული სპორტული, ინტელექტუალური და შემოქმედებითი ღონისძიებები ხელს უწყობს ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის, დისციპლინის, გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. როგორ აკდემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი, დაამყარონ ახალი ურთიერთობები და გააძლიერონ საკუთარი კავშირი საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან.
„სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენის, ახალი გამოცდილების შეძენისა და ერთმანეთის უკეთ გაცნობის მნიშვნელოვანი ასპარეზია. ეს პროექტი აერთიანებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს და ქმნის სივრცეს, სადაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია საკუთარი მონაცემების წარმოჩენა.
მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო ფაკულტეტებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა. ჩვენ ერთი დიდი საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრები ვართ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ფაკულტეტზე ვსწავლობთ ან რომელ პროფესიულ მიმართულებას ვირჩევთ. საერთო მიზნები, ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა აძლიერებს ჩვენს უნივერსიტეტს და ქმნის იმ გარემოს, რომელშიც თითოეულ სტუდენტს საკუთარი თავის რეალიზების მეტი შესაძლებლობა ეძლევა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების მრავალმხრივ განვითარებას, ახალგაზრდული პოტენციალის გამოვლენასა და ჯანსაღი საუნივერსიტეტო გარემოს განმტკიცებას.

დასასრულს, მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატება გისურვოთ სწავლაში, სპორტში, შემოქმედებით საქმიანობასა და ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში!“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, „სტუ-ის სტუდენტური თამაშები 2026“ ორ თვეს გასტანს და მასში მონაწილეობას 2000-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს.