ალექსანდრე წულაძემ საერთაშორისო კონფერენციის „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფის კუთხით განათლებისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ალექსანდრე წულაძე: „საქართველოს მთავრობა განათლებასა და მეცნიერებას განიხილავს როგორც ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ ღერძს. ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ სამართლიანი და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც უპასუხებს როგორც თანამედროვე მოთხოვნებს, ისე მომავალი თაობების საჭიროებებს, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის და ხელს შეუწყობს ინოვაციას, კონკურენტუნარიანობას და საზოგადოებრივ კეთილდღეობას.“
სამდღიანი კონფერენციის მიზანია განათლების, როგორც პიროვნული და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალის წარმოჩენა და აღნიშნული მიმართულებით უნივერსიტეტების როლის ხაზგასმა. მონაწილეები იმსჯელებენ საზოგადოების კეთილდღეობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და გადაჭრის გზებზე.
კონფერენცია ფარავს შემდეგ მიმართულებებს: განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური მეცნიერებები; ეკონომიკა; სამართალი; ციფრული ტრანსფორმაცია; უნივერსიტეტის დანიშნულება და მისია; განათლების ხარისხი.
გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს ადგილობრივი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
სამდღიან კონფერენციაში მონაწილეობენ – ცნობილი მეცნიერები, საერთაშორისო ორგანიზაციების – ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA); Advance HE (Great Britain); HER (Great Britain) – წარმომადგენლები და პროფესორები ისეთი წარმატებული უნივერსიტეტებიდან, როგორებიცაა – Case Western University; Cleveland University (Ohio); Bremen University; Ashaferburg University; International University of Technology Cologne; Middlesex University (London); Arden University (London); Kings College London; Sorbonne University (Paris); Alicante University; University of Coimbra; Tuscia University; University of Education Upper Austria; University of Warsaw;
კონფერენციის კრებული გამოიცემა როგორც ბეჭდური სახით, ასევე, ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ჟურნალში (SprigerBriefs).
კონფერენცია „განათლება – კეთილდღეობის კატალიზატორი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერითა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დაიწყო
11.03.2026.15:35
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მასტერკლასის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციების და თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის ნაწილაკების ფიზიკისა და ბირთვული კვლევების მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტების გაცნობა.
სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასის ციკლის ფარგლებში პირველი ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ჩატარდა, რომელშიც შვიდი საჯარო სკოლის 34-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროფესორ ბესიკ კეკელიას თქმით, მოზარდებმა მოისმინეს თემატური ლექციები ნაწილაკების ფიზიკის, დეტექტორების ტექნოლოგიების და მაღალი ენერგიის ფიზიკის ექსპერიმენტების შესახებ, ასევე ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებსა და მონაცემთა ანალიზის სამუშაოებში.
„CERN/IPPOG-ის საერთაშორისო მასტერკლასები თანამედროვე მეცნიერების პოპულარიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საგანმანათლებლო ფორმატია. პროგრამის მთავარი ღირებულება გახლავთ ის, რომ სკოლის მოსწავლეებს ექმნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულად შეიმეცნონ ის სამეცნიერო პროცესი, რომელიც ფუნდამენტურ ფიზიკაში გლობალური კვლევების საფუძველია. მასტერკლასების ფარგლებში ახალგაზრდები ეცნობიან ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის საფუძვლებს, სწავლობენ დეტექტორების მუშაობის პრინციპებს და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მუშაობენ რეალურ მონაცემებთან, რომლებიც მიღებულია ისეთი უმსხვილესი საერთაშორისო სამეცნიერო ექსპერიმენტებიდან, როგორიცაა დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე კვლევები. CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა დაინტერესებულ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ერთი დღით „მეცნიერის როლში“ აღმოჩნდნენ და თვითონ განახორციელონ მონაცემთა ანალიზი, რაც მათ დახმარებას უწევს კვლევითი აზროვნების განვითარებაში“, - აცხადებს ბესიკ კეკელია.
სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აქტიურად ცდილობენ ახალგაზრდა თაობის დაინტერესებას STEM მიმართულებებით. როგორც რექტორი აღნიშნავს, საერთაშორისო მასტერკლასები ყოველწლიურად ათიათასობით მოსწავლეს აერთიანებს მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში და მასში ასობით უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი მონაწილეობს. აღნიშნული ფორმატი ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას ადრეულ ასაკში გაეცნონ თანამედროვე სამეცნიერო მეთოდოლოგიებს, გაიაზრონ კვლევის კულტურა და დაინახონ, როგორ მუშაობენ საერთაშორისო სამეცნიერო კოლაბორაციები.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობა ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბირთვული ინჟინერიის ცენტრის მონაწილეობა CERN/IPPOG-ის საგანმანათლებლო ინიციატივებში საშუალებას გვაძლევს, ჩვენს მოსწავლეებსა და სტუდენტებს გავაცნოთ თანამედროვე ფუნდამენტური კვლევების გარემო და მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ლაბორატორიებში იქმნება. მასტერკლასები აფართოებს ინტელექტუალურ სივრცეს, ახალგაზრდები სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, მონაცემთა ანალიზს და გუნდურ მუშაობას. სწორედ ასეთი გამოცდილებაა საფუძველი იმისა, რომ სამომავლოდ ჩამოყალიბდნენ ახალი თაობის მეცნიერები, ინჟინრები, ტექნოლოგიური სფეროს ლიდერები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნის სამეცნიერო განვითარებასა და ინოვაციებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინიციატივებში. CERN/IPPOG-ის მასტერკლასების ორგანიზება ემსახურება სწორედ ამ მიზნებს: ახალგაზრდებისთვის მეცნიერების ხელმისაწვდომობას, ცოდნის ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ინტეგრაციას გლობალურ კვლევით სივრცეში“, - აცხადებს დავით გურგენიძე.
სტუ-ის ინფორმაციით, მასტერკლასის ფარგლებში, CERN-იდან ონლაინ ჩართვით სამყაროს წარმოშობის შესახებ ლექცია წაიკითხა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერმა იური ბაღათურიამ. მოსწავლეებს თეორიული ლექციები ასევე წაუკითხეს სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლებმა - ბესიკ კეკელიამ და ნიკო ცუცქირიძემ. ლექციების შემდეგ გაიმართა პრაქტიკული სესია, რომლის დროსაც მონაწილეებმა CMS დეტექტორის რეალური მონაცემები გაანალიზეს. პრაქტიკული მუშაობის პროცესში მოსწავლეებს ტუტორობას უწევდნენ ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლები - გიორგი ბოხოჩაძე და ელა აბრამოვი.
ცნობისთვის: KIU-ის პარალელურად, საერთაშორისო საგანმანათლებლო მასტერკლასი ერთდროულად ჩატარდა ილდიზის ტექნიკურ (სტამბოლი, თურქეთი) და ბეჟაიას (ალჟირი) უნივერსიტეტებში, ასევე რუჯერ ბოშკოვიჩის ინსტიტუტში (ზაგრები, ხორვატია).