რა გავლენა იქონია ტრამპის ახალმა სავაჭრო პოლიტიკამ საპენსიო ფონდის პორტფელების მომგებიანობაზე - ანა ნაჭყებიას განმარტება
ტრამპის ახალმა სავაჭრო პოლიტიკამ გავლენა იქონია ჩვენი პორტფელების მომგებიანობაზე - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ განაცხადა. მისი თქმით, ფონდი ასეთი მერყეობებისთვის მზად არის, რადგანაც წარმოადგენს გრძელვადიან ინვესტორს.
„ზოგადად აქციების ბაზართან არის დაკავშირებული მერყეობა. ისტორიასაც, რომ ვუყურებთ ამერიკის აქციების ბაზარი 100 წელია არსებობს და მეტი მერყეობის ეპიზოდები ჰქონდა. მაგალითად, 2008 წელს ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, კოვიდის დროსაც მნიშვნელოვნად შემცირდა. წელს, 2025 წლის აპრილში, ჩვენ რაც ვარსებობთ ყველაზე დიდი მერყეობა ვნახეთ. ეს ტრამპის მიერ გამოცხადებულმა ტარიფებმა მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია ფასებში, რამაც რა თქმა უნდა გავლენა იქონია ჩვენი პორტფელების მომგებიანობაზეც. ყველაზე მეტად ამ მერყეობას დინამიკური პორტფელი გრძნობს, ვინაიდან მას მეტი ინვესტიცია აქვს განაწილებული აქციებში. თუმცა კონსერვატიულ პორტფელსაც ჰქონდა ეს მერყეობა. მაგალითად, ეხლა 2024 წლის განმავლობაში ყველაზე კარგი მომგებიანობა დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა, სწორედ იმიტომ რომ აქციების ბაზარი ძალიან მომგებიანი იყო. წელს ვუყურებდით, რომ აპრილის რაღაც მომენტში დინამიკურმა პორტფელმა მართლაც მნიშვნელოვანი შემცირება ნახა, თუმცა ახლა კიდევ არ არის გამოქვეყნებული მონაცემები. ჩვენ 30 აპრილის მდგომარეობით გვაქვს მონაცემები გამოქვეყნებული, მაგრამ 12 მაისის მდგომარეობით ისე გაიზარდა ფასები, რომ თითქმის დაუბრუნდა წლის დასაწყის მდგომარეობას დინამიკური პორტფელი. ანუ მერყეობებისთვის, როგორც გრძელვადიანი ინვესტორი მზად ვართ და ვიცით, რომ ასეთი მერყეობის ეპიზოდები იქნება. თუმცა ჩვენ ვართ სტრატეგიული ინვესტორი, არ ვაპირებთ ამ მერყეობების დროს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს სტრატეგიას. ჩვენ ინვესტირებას ვაკეთებთ 30 წლის განმავლობაში. ვუყურებთ ჩვენი მონაწილეების ასაკობრივ განაწილებასაც და მონაწილეების დიდი ნაწილი არის საკმაოდ ახალგაზრდა. საშუალო ასაკი არის 37 წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 20 წელი გვაქვს საინვესტიციო ჰორიზონტი სანამ ეს ადამიანები შეძლებენ საპენსიო დანაზოგები გაიტანონ.
შესაბამისად, საინვესტიციო ჰორიზონტიც ჩვენი ძალიან გრძელია და მსგავსი მერყეობები არ გვაშინებს. მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ვნერვიულობთ ჩვენ მაინც გრძელვადიანად ვუყურებთ და ინვესტირებას ამ პრინციპით ვახორციელებთ“, - აღნიშნა ანა ნაჭყებიამ.
სხვა სიახლეები
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები
18.09.2026.14:36
J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.
J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.
GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.
საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.
აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.
მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.
საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას