„თბილისის ფინანსურმა სამიტმა“ გაამყარა რწმენა, რომ ფინტექის შემდეგი დიდი ისტორია დაიწერება ისეთ ადგილებში, როგორიცაა თბილისი - Ant International-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი
თბილისის პირველ ფინანსურ სამიტზე დასწრება ერთდროულად დროულიც იყო და შთამაგონებელიც. საქართველოს ამბიცია, გახდეს ნამდვილი ფინანსური ჰაბი ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, მისასალმებელია და სამიტმაც ხაზს გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხდება რეგიონი ციფრული ფინანსური ტრანსფორმაციისთვის, - ამის შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Ant International-ის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა ლეიმინგ ჩენმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამიტმა გაამყარა მოსაზრება, რომ ფინტექის შემდეგი დიდი ისტორია დაიწერება ისეთ ადგილებში, როგორიცაა თბილისი.
„Ant International-ის მსგავს მონაწილეებთან თანამშრომლობით კი მოხდება ეკოსისტემის განვითარება. მოუთმენლად ველი სამიტზე მოსმენილი იდეების ქმედებად გადაქცევას და საქართველოსა და მისი რეგიონული კავშირების გამოყენებას ფინანსური ტრანსფორმაციისა და ინოვაციის შემდეგი ტალღისთვის“, - ამბობს ლეიმინგ ჩენი.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოს დედაქალაქში გამართული „თბილისის ფინანსური სამიტი“ მსოფლიო ფინანსური და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის პლატფორმად იქცა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ტოპ-მენეჯერებმა და ფინტექ ინდუსტრიის წამყვანმა ექსპერტებმა.
სამიტი საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ორგანიზებული იყო და მასში 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.
სხვა სიახლეები
ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
07.11.2025.13:57
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვისორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.