სურსათის ფასების შესაძლო კორექტირებას ინფლაციის პროგნოზზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება - TBC Capital
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტიციების გამორიცხვით, მცირედით, თუმცა მაინც დადებითი იქნება.
„საყურადღებოა, რომ, ზედიზედ სამი კვარტალია, სეზონურად შესწორებული მიმდინარე ანგარიში პროფიციტშია, მაშინ როდესაც ისტორიული მონაცემებით აქამდე აღნიშნული მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში წამყვან როლს მომსახურების ექსპორტის ზრდა ასრულებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორიდან. ასევე გამოსაყოფია, ერთი მხრივ, იმპორტის ზრდის ტემპის შენელება, ხოლო, მეორე მხრივ, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოსავლების მატება. რეინვესტიციების ჩათვლით, პროგნოზის თანახმად, მიმდინარე ანგარიშის ჯამური დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.7%-ს მიაღწევს, რაც აგრეთვე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში.
გასული წლის მეორე ნახევრიდან ეკონომიკური ზრდა შენელდა, რაც გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების მოლოდინებთან თანხვედრაშია.
„რაც შეეხება 2026 წელს, ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომი რჩება. კონფლიქტის დასრულების სცენარში საქართველოს ეკონომიკაზე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხრივ მრავალი ფაქტორი იმოქმედებს, თუმცა წმინდა ეფექტი, ჩვენი შეფასებით - რაც, შესაძლოა, მიმდინარე მდგომარეობით, საბაზრო კონსენსუსი არ არის - გარკვეულწილად მაინც უარყოფითი იქნება. ამდენად, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა საბაზო სცენარში, დაახლოებით, 4.5%-ს შეადგენს.
ლარის კურსის კუთხით, 2025 წელს გამყარების მიმართულებით სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებდა: დოლარის გლობალური სისუსტე, გაზრდილი წმინდა სავალუტო შემოდინებები და ქვეყნის შიგნით უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის კლება, რაც დეპოზიტების ლარიზაციისა და სესხების დოლარიზაციის ზრდაში აისახა. ლარის მხარდამჭერი გარემოს ფონზე, სებ-მა გასულ წელს, ჩვენი შეფასებით, 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეიძინა. შედეგად, მთლიანმა სავალუტო რეზერვებმა 6.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო წმინდა რეზერვებმა, ასევე ჩვენი შეფასებით - 3.2 მილიარდი აშშ დოლარი“, - აღნიშნავენ თიბისი კაპიტალში.
აღსანიშნავია, რომ, თიბისი კაპიტალის წონასწორობის მოდელების თანახმად, 2025 წელს ლარი როგორც დოლართან, ასევე სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით ზედმეტად არის გაუფასურებული, რაც, ცალკე აღებული, ლარის გამყარების არგუმენტია. თუმცა საყურადღებოა, რომ ომის დასრულების სცენარი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავალუტო ნაკადების გარკვეულ რეორიენტაციას მოიაზრებს, რაც გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური ფაქტორია. ამ სცენარში მოსალოდნელია სავალუტო კონვერტაციებიც, თუმცა, სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ლარის ჭარბი მერყეობის შეზღუდვას გულისხმობს. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარით, 2026 წელს ლარი მხოლოდ მცირედით გაუფასურდება.
ინფლაციის მხრივ, ნოემბრიდან, პროგნოზის შესაბამისად, შემცირება გამოიკვეთა და დეკემბერში ფასების წლიურმა ზრდამ 4% შეადგინა. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე წლის დასაწყისში ინფლაცია გაიზრდება, მარტიდან კი, ნაწილობრივ საბაზო ეფექტების გათვალისწინებით, შენელებას განაგრძობს და წლის ბოლოს 3.5%-ს მიაღწევს. ამ კუთხით ასევე საყურადღებოა გაზაფხულიდან, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა და, მეორე მხრივ, სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რასაც, რა თქმა უნდა, ინფლაციის პროგნოზზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.
„და ბოლოს, გვსურს მზარდი ინტერესის ფონზე მადლობა გადავუხადოთ კომპანიებს, რომლებიც უკვე აქტიურად იყენებენ თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიას. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში ჩარჩოს მხოლოდ ერთ-ერთი მდგენელის - გაცვლითი კურსის წონასწორული შეფასებების - გამოყენებით, საქართველოს კორპორატიულ სექტორში ჯამურად 6 მილიარდი ლარის პოტენციური სარგებლის მიღება იქნებოდა შესაძლებელი, მაშინ როდესაც კორპორატიული სესხების საშუალო პორტფელი ამავე პერიოდში 16.9 მილიარდ ლარს შეადგენდა“, - აღნიშნავენ თიბისი კაპიტალში.
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
13.03.2026.14:48
ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მონაცემები საქართველოს ეკონომიკაზე
ახლო აღმოსავლეთში მორიგი ესკალაციის დაწყებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა. კონფლიქტის პირველ დღეებში თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკაზე პოტენციური ზეგავლენის ძირითადი არხების შესახებ მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც გარკვეული მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია, შეგვიძლია აღნიშნული ცვლადების დინამიკას რეალურ დროში დავაკვირდეთ.
პირველ რიგში, ალბათ, ყველაზე აქტუალური საკითხი - ლარის გაცვლითი კურსი. გასული ორი კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ, დაახლოებით, 2.5%-ით გაუფასურდა (ევროს მიმართ - 0.5%-ით), თუმცა 6 მარტის შემდგომ დასტაბილურდა და თითქმის უცვლელად ნარჩუნდება.
რამ განაპირობა ლარის გაუფასურება? ჩვენი შეფასება, რომ ამის მიზეზი კონვერტაციები იყო, დასტურდება. დეპოზიტების კონვერტაციების ყოველდღიურ შეფასებაზე დაყრდნობით, 28 თებერვლიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი უცხოური ვალუტის დეპოზიტები, ლარის დეპოზიტები კი შემცირებულია. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის გაცვლითი კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაც კია.
ამავდროულად, წინასწარი მონაცემებით, დასტურდება მორიგი დაშვებაც კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში სებ-ის ინტერვენციების შესახებ. თუმცა, ჩვენი შეფასებით, სებ-მა გასულ დღეებში, 12 მარტის მდგომარეობით, მხოლოდ მცირე მოცულობის, დაახლოებით, 25-30 მილიონ აშშ დოლარამდე გაყიდა. რატომ არ გახდა საჭირო უფრო ძლიერი ჩარევა?
პირველი, როგორც იკვეთება, 6 მარტის შემდგომ დეპოზიტების ლარიზაცია თითქმის უცვლელია, რაც მიუთითებს, რომ დამატებით კონვერტაციები, ამ ეტაპისთვის მაინც, არ ფიქსირდება, ანუ სენტიმენტები უფრო დასტაბილურდა.
მეორე, იანვარ-თებერვალში ძლიერი წმინდა სავალუტო შემოდინებებისა და, მიმდინარე დინამიკისაგან განსხვავებით, დეპოზიტების ლარიზაციის ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზარზე სიჭარბე ვლინდებოდა, რამაც კონვერტაციების შედეგად უცხოურ ვალუტაზე გაზრდილი მოთხოვნა დიდწილად დააკომპენსირა. ამდენად, ინტერვენციებით დამატებით მოზრდილი მოცულობის მიწოდება ბაზრისთვის საჭირო არ გამხდარა. მთლიანობაში, ლარის კურსის კუთხით ჩვენი შეფასება ნეიტრალური რჩება, იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება.
წინასწარი შეფასებით, თებერვალი სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. არსებული მონაცემებით, თებერვალში წმინდა სავალუტო რეზერვები (სსფ-ის სპეციალური ნასესხობის უფლების გარეშე), წინა თვესთან შედარებით, 371 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
უახლესი ინდიკატორების მხრივ, ჯამური უნაღდო ხარჯები მარტის პირველ კვირაში, წინა თვესთან შედარებით, გაზრდილია. მართალია, ზრდა დიდწილად ადგილობრივი ბარათების დანახარჯებით არის განპირობებული, თუმცა საერთო ჯამში, ჯერჯერობით, კლება არც უცხოური ბარათების კუთხით შეინიშნება, რაც ტურიზმიდან შემოსავლების წინასწარი შეფასებისთვის ერთ-ერთი სანდო მაჩვენებელია. ამასთან, 27 თებერვლის შემდეგ სასტუმროებისა და ავიახაზების კატეგორიებში უცხოური ბარათებით ხარჯებში შენელება იკვეთება, თუმცა, საპირისპიროდ, გაზრდილია სხვა კატეგორიებში დანახარჯები. მოცემულ კონტექსტში, გასათვალისწინებელია პოტენციური მიგრაციის ეფექტებიც, მით უფრო, რომ ისრაელის მოქალაქეების წილი არარეზიდენტების უნაღდო ხარჯებში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
ამავდროულად, იზრდება ინფლაციური რისკებიც. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კვლავ ძალზე მერყევი რჩება. ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში 9 მარტიდან მსხვილ ქსელებში ბენზინის ფასების ზრდა ფიქსირდება, დაახლოებით 4-6%-ის ფარგლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ფასი 30%-ით არის მომატებული, ფასების კორექტირება, შესაძლოა, კვლავ გაგრძელდეს. მხედველობაშია მისაღები აღნიშნულის გავლენა სხვა პროდუქტებზეც, რადგან საწვავის ფასების ზრდა, პირდაპირი ეფექტის გარდა, შუალედური ხარჯების ზრდასაც იწვევს. მომატებულია ტრანსპორტირებისა და დაზღვევის დანახარჯებიც, რაც შემდგომ პროდუქციის ფასებში ითარგმნება. ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ინფლაციაზე მიმდინარე მოვლენების ეფექტი 0.3-დან 1.2 პროცენტული პუნქტის ფარგლებში იქნება, თუ დავუშვებთ, რომ წლის ბოლოს ნავთობის ფასი კონფლიქტამდე არსებულ დონეზე ან, დაახლოებით, 10-15%-ით მეტი იქნება.
გაზრდილი რისკების ფონზე, კვლავ იმ დაშვებით, რომ აქტიური სამხედრო მოქმედებები დღეიდან, დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება, იზრდება იმის ალბათობაც, რომ სებ-მა წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით, 7.75%-მდე შეამციროს, ნაცვლად აქამდე არსებული 7.5%-ის მოლოდინისა. ამ კუთხით, საყურადღებოა, რომ, ბაზრის მოლოდინებით, 2026 წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის შემცირება უკვე საბაზო სცენარს აღარ წარმოადგენს.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007430-macro-update-georgia