სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 25 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება. მიმდინარე წლის სექტემბერში მთლიანი ინფლაცია 0.7 პროცენტი, ხოლო საბაზო ინფლაცია 2.5 პროცენტი იყო. დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. მეორე მხრივ, ინფლაციის კლებას ხელს უწყობს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივად წარმოებული საქონლის კლებადი ინფლაციაც, რომელიც სექტემბერში 5.3 პროცენტს გაუტოლდა.
მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის ბოლომდე მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2024 წელს მის ირგვლივ დასტაბილურდება.
აღნიშნული პროგნოზის პარალელურად, მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. არსებულ შოკებს დაემატა, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით. ბოლო პერიოდში, საწვავის ბაზარზე ტენდენციებიც გარკვეულწილად გაუარესდა, როგორც, ფასების, ასევე მიწოდების არასტაბილურობის თვალსაზრისით.
ამ რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციებიც საყურადღებოა. კერძოდ, მიმდინარე წელს მოთხოვნა კვლავ ძლიერია და მოსალოდნელია 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა. ბოლო თვეების მანძილზე სესხების ზრდის ტემპიც შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნეს სესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში. საყურადღებოა, რომ საკრედიტო აქტივობის დაჩქარებით გამოწვეული ძლიერი ერთობლივი მოთხოვნა, როგორც წესი, დამატებით ინფლაციურ რისკს შეიცავს.
მაღალი გაურკვევლობისა და აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებაზე კონცენტრირებული რჩება და მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს. ინფლაციის ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს. ჯერ კიდევ მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში უცხოური ვალუტის მხარეს გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებების ერთობლიობა გვეხმარება დაკრედიტების ზომიერი ტემპის შენარჩუნებაში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ზემოთ აღნიშნულ ინფლაციურ რისკებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2034 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7263 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7258 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2034 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1968 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.