სებ-ის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო - დავით რუსია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებაზე
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნება მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ განაცხადა. მისი განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება მესამე კვარტალის შედეგებზე იქნება.
„საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რამე თუ ზაფხულის პერიოდში მარეგულირებელი, როგორც წესი აკვირდება იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რომელზედაც მოქმედებს ტურისტული სექტორი, ფულადი ჩამორიცხვები. ჩვენც ასეთი მოლოდინი გვქონდა, რომ შემოდგომამდე აქტიურად არ იქნებოდა განხილული რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ან შემცირება. თუმცა თუ გარკვეული სოციალური დატვირთვის ფაქტორი შემოვიდოდა, შეიძლებოდა მინიმალურ შემცირებას ჰქონდა ადგილი, თუმცა მეტი მოლოდინი უცვლელად დატოვებაზე გვქონდა.
მოდით ავხსნათ, რატომ შეინარჩუნა სებ-მა უცვლელად რეფინანსირების განაკვეთი. უპირველეს ყოვლისა ინფლაციის დონე, რომელიც ვიცით, რომ 4%-ის ფარგლებშია სებ-ის ხელმძღვანელობასთან არაერთი შეხვედრის დროს, მათ შორის სსფ-ს წარმომადგენელმაც აღნიშნეს, რომ 4%-მდე ავიდოდა ინფლაცია, თუმცა საშუალო წლიური ინფლაცია 2025 წელს დაახლოებით 3-დან 3.5%-ის ფარგლებში იქნებოდა და ეს კონტროლირებად ციფრს და პარამეტრს წარმოადგენს.
გარდა ამისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ტურისტული სეზონი კარგად მიმდინარეობს. დატვირთვის კოეფიციენტი გაზრდილია. ეს არამარტო ერთ რომელიმე ქვეყანაზეა დამოკიდებული, არამედ აქ დივერსიფიკაციაა. აქ საუბარია, რომ საქართველოში არიან სლავი ტურისტები, არიან ტურისტები გალფიდან, ჩინეთიდან. გვყავს ასევე ევროპელი ტურისტები, რამაც არამხოლოდ თბილისი და ბათუმი დატვირთა არამედ საუბარია რომ დაიტვირთა ბორჯომ-ბაკურიანი და სხვა. კახეთის მიმართულებით არის გარკვეული მოლოდინები, რომ მეტი ტურისტი შეეძლო მიეღო, მაგრამ იმდენი ვერ მიიღო, თუმცა საერთო ჯამში ტურისტული სექტორი კარგ შედეგებს იძლევა. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სებ-ი დაელოდება მესამე კვარტალის მონაცემებს, ფულად ჩამორიცხვებს და უკვე შემოდგომისთვის შესაძლოა პირველ ცვლილებებს ველოდოთ. თუმცა მანამდე ვიცხოვრებთ 8%-იან გარემოში. უმჯობესია, რომ ბანკებისთვის შემცირდეს ღირებულება.მეტი ლარი მოვიზიდოთ და იაფად, რათა შემდეგ ჩვენს მომხმარებლებს უფრო იაფად მივაწოდოთ. თუმცა რა გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, ეს მოლოდინი გვქონდა. იგივე მოლოდინი გაქვს ფედერალური სახაზინო სისტემის მიმართაც“, - აღნიშნა დავით რუსიამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
„2025 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3 პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის ფასების მატება განაპირობებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციისა და გასული წლის დაბალი ინფლაციის საბაზო ეფექტის ასახვაა. მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინები სტაბილურია. კერძოდ, მომსახურების სექტორის ინფლაცია, რომლის ფასების ცვლილება შედარებით ხისტია და გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს კარგად ასახავს, მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბლა შენარჩუნდა და 2.3 პროცენტს გაუტოლდა. ასევე, თითქმის ორი წელია მიზნობრივ დონეზე დაბალია საბაზო ინფლაცია. პარალელურად, იმპორტირებული პროდუქტების ფასები კვლავ დეფლაციურია, მეტწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე. სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, წინა კვარტალის პროგნოზის მსგავსად, მეტწილად გლობალურად არსებული ტენდენციებისა და წინა წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, 2025 წელს ინფლაცია დროებით 3 პროცენტიანი მაჩვენებლის ზემოთ შენარჩუნდება და საშუალოდ 3.8 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დასტაბილურდება.
კვლავ ძლიერი ნარჩუნდება ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით, პირველი ხუთი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული მეტწილად ეკონომიკის გაუმჯობესებული საწარმოო პოტენციალით არის განპირობებული, რაც ჭარბი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და პირველ ხუთ თვეში ძლიერი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სებ-ის ცენტრალური სცენარით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს 6.7 პროცენტიდან 7.4 პროცენტამდე გადაიხედა.
გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად ინფლაციაზე, როგორც ზრდის, ასევე შემცირების, მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ საგულისხმოა. აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები. ერთი მხრივ, აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის დღის წესრიგი არაერთხელ გადაიხედა, რომლის ხელახალი გამწვავებაც გლობალურად ეკონომიკის ფრაგმენტაციას მოსალოდნელზე მეტად გაამწვავებს. აღნიშნული მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებს წარმოქნის, რაც სტაგფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების ხელახალი ესკალაცია რეგიონის რისკიანობას გაზრდის და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვან წნეხს წარმოქმნის. ამავდროულად, საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციები. კერძოდ, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი. ამ რისკების რეალიზება კი, ცენტრალურ სცენართან შედარებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. კერძოდ, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, პროდუქტიულობა შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება. ასევე, აღნიშნულ სცენარში მოიაზრება დოლარის ინდექსის გლობალურად შესუსტებული პოზიცია და სურსათის საერთაშორისო ბაზარზე ნედლეული პროდუქტების ფასების სწრაფი ნორმალიზება. ამ ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, გამყარებული გაცვლითი კურსი და სურსათის საერთაშორისო ფასები, იმპორტირებული პროდუქტების დაბალი ინფლაციის გზით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს.
მაკროეკონომიკური ანალიზისა და არსებული რისკების შეფასების შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება განახლებულ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებსა და რისკების ანალიზზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტთან ახლოს იქნება“, - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს ჩატარდება.
სხვა სიახლეები
30.07.2025.17:47
ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალი, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა დანერგა, რომლითაც უფრო გამჭვირვალე გახადა რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რითაც აუმჯობესებს მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქციის გამჭვირვალობასა და აღქმადობას, რაც პოლიტიკის გადაცემის არხების ეფექტურობას აძლიერებს.
"მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.
ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.
ცენტრალური სცენარი
გლობალურად მიმდინარე ტენდენციების ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. აქედან გამომდინარე, სებ-ი ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა რისკ-სცენარსაც განიხილავს.
ერთი მხრივ, სებ-ი განიხილავს მაღალინფლაციურ სცენარს, რომელიც ეფუძნება გეოპოლიტიკური და ადგილობრივი ინფლაციური რისკების ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო მწვავე რეალიზებას. აღიშნული სცენარი, ასევე ითვალისწინებს სასაქონლო ბაზრებიდან მომდინარე დამატებით ინფლაციურ წნეხს.
მეორე მხრივ, დაბალინფლაციური რისკის სცენარი მოიაზრებს რელევანტური რისკების იმგვარ რეალიზებას, რომელიც ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად ინფლაციურია. საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილების ფონზე, პროდუქტიულობა მაღალია. შესაძლებელია ეს ტენდენცია მოსალოდნელზე ხანგრძლივად შენარჩუნდეს, რასაც დისინფლაციური ეფექტი ექნება. ამასთან, გლობალური ტენდენციებიც შესაძლებელია ცენტრალურ სცენართან შედარებით ნაკლებად მწვავე იყოს.
არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, რისკების მინიმიზაციის მიდგომიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდა.
თუ ცენტრალურ სცენართან შედარებით, მაღალინფლაციური ან დაბალინფლაციური რისკები მონაცემებში მეტად გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან შერბილება გახდეს საჭირო.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.