სებ-ის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია - ოთარ ნადარაია
სებ-ის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნებასთან დაკავშირებით, ჩვენს პროგნოზებთან თანხვედრაშია, - აცხადებს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი. ოთარ ნადარაიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც ინფლაცია კიდევ უფრო შემცირდება, სებ-ის აქცენტიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისკენ გადაიხრება.
„მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო განაკვეთის 8%-ზე დატოვება - იმ არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, რაც სებ-ის პრესრელიზში იყო აღნიშნული.
ჯერჯერობით, სებ-ის შეფასებით, რისკები მაინც არსებობს. ინფლაცია მცირდება, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ფრთხილი გადაწყვეტილებისკენ გადაიხარა სებ-ი და, კიდევ უფრო რომ გამოიკვეთება ინფლაციის სამიზნესთან დაახლოება, შემდგომ იქნება შერბილებაზე აქცენტი.
რაც შეეხება სამომავლო დინამიკას, თავისთავად არის რისკფაქტორები, თუმცა საბაზო სცენარი მაინც, ვფიქრობთ, არის განაკვეთის შემცირება. ჩვენი შეფასებით, 2026 წელს განაკვეთის დაახლოებით 7,5%-მდე შემცირებას ვიხილავთ, რასაც აშშ-ში განაკვეთების შემცირებაც უწყობს ხელს. თუმცა „ფედის“ ბოლო განცხადება, რაც ვნახეთ, სავარაუდოდ, ზომიერი - მხოლოდ ერთი - შემცირება იქნება მომავალ წელს. ეს პროგნოზები ყოველთვის იცვლება და, თავისთავად, რისკფაქტორების გათვალისწინებით, მათ შორის სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მნიშვნელოვანია. თუ სავალუტო ბაზარზე ვალუტის ჭარბი მიწოდება შენარჩუნდა, ესეც, რა თქმა უნდა, სხვა თანაბარ პირობებში, შემცირებას უწყობს ხელს“, - აცხადებს ნადარაია.
სხვა სიახლეები
ფაქტობრივად, ჩვენი მოლოდინი თანხვედრაშია სებ-ის გადაწყვეტილებასთან - Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი
17.12.2025.14:43
ფაქტობრივად, ჩვენი მოლოდინი თანხვედრაშია სებ-ის გადაწყვეტილებასთან, - ასე აფასებს Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელმაც რეფინანსირების განაკვეთი ისევ 8%-ზე დატოვა.
როგორც ლაშა ქავთარაძე აცხადებს, სებ-ს მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესაძლებლობა უკვე 2026 წლის მეორე ნახევრიდან მიეცემა.
„დღევანდელ სხდომაზე სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 8%-ზე შეინარჩუნა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. ფაქტობრივად, ჩვენი მოლოდინი თანხვედრაშია სებ-ის გადაწყვეტილებასთან. ჩვენ, ეს მოლოდინი ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში გვქონდა. უფრო მეტიც, 2026 წლის პირველ ნახევარშიც ვფიქრობთ, რომ პოლიტიკის განაკვეთი 8%-ის დონეზე იქნება შენარჩუნებული. ეს გადაწყვეტილება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ბოლო პერიოდში ინფლაცია გაიზარდა. როგორც ვიცით 2025 წლის მარტიდან მოყოლებული ინფლაციის ტემპი დაჩქარებულია და პიკს უკვე ოქტომბერში მიაღწია, როდესაც ინფლაცია 5,2%-ის დონეზე დაფიქსირდა. ნოემბერში ის შენელდა 4,8%-მდე და ვფიქრობთ, რომ შენელების პროცესი შემდგომ თვეებშიც გაგრძელდება და შესამჩნევი 2026 წლის მარტიდან გახდება.
თუ შევხედავთ, რა განაპირობებს ინფლაციას, 2025 წელს ფაქტობრივად ორი კატეგორიაა - სურსათი და ჯანდაცვა, რომლებიც მნიშვნელოვნად განაპირობებენ მიმდინარე წლის ინფლაციას. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს ამ კატეგორიებში ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდება საბაზო ეფექტიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, თუ სურსათის კატეგორიას შევხედავთ, ფასების შენელების ინდიკაციას ისიც გვაძლევს, რომ საერთაშორისო ბაზარზე სურსათის ფასები უკვე მეორე თვეა კლების მიმართულებით არის და მოსალოდნელია, რომ გარკვეული თვეების შემდეგ ეს ადგილობრივ ბაზარზეც აისახება.
რაც შეეხება პროგნოზებს, მიმდინარე წელს ჩვენი პროგნოზით საშუალო წლიური ინფლაცია 3,9%-ის დონეზეა მოსალოდნელი. 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაციის 3%-მდე შენელებას ვპროგნოზირებთ. ეს შენელება განსაკუთრებით ნათელი გახდება უკვე წლის მეორე ნახევარში, რომელიც ჩვენი პროგნოზით 3%-ს ჩამოსცდება და წლის ბოლოს 2,3%-ის ფარგლებში იქნება. ამ შენელების ფონზე, ჩვენი მოლოდინია, რომ სებ-ს ექნება შესაძლებლობა, მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყოს და წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 0,5%-ით 7,5%-მდე შეამციროს“, - აცხადებს Galt & Taggart-ის მთავარი ეკონომისტი.