სავალუტო ფონდთან ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია კომუნიკაცია და თანამშრომლობა - ნათია თურნავა
სავალუტო ფონდი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. ნათია თურნავას თქმით, სებ-ს და სსფ-ს კომუნიკაცია არასოდეს შეუწყვეტიათ და თანამშრომლობა ტექნიკური დახმარების მიმართულებით მიმდინარეობდა.
„სავალუტო ფონდთან ჩვენ არასოდეს შეგვიწყვეტია კომუნიკაცია და თანამშრომლობა, მაშინაც კი როდესაც მიმდინარე პროგრამა შეჩერდა, დაპაუზდა, მაგრამ ამავდროულად არ შეჩერებულა ჩვენი თანამშრომლობა ტექნიკური დახმარების მიმართულებით. ძალიან ბევრი მიმართულებით გვიწევდნენ და გვიწევენ ტექნიკურ დახმარებას და ახლაც მისია აქ იმყოფება. ეს არის ე.წ მეოთხე მუხლის მიმოხილვის მისია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვექნება საშუალება ვისაუბროთ ყველაფერზე. მათ შორის, ახალი პროგრამის პერსპექტივებზე. ჩვენ როდესაც ვაშინგტონში გვქონდა შეხვედრები სავალუტო ფონდთან, იქაც ორმხრივად გამოითქვა ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ თანამშრომლობა კვლავინდებურად, რადგან სავალუტო ფონდი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, ვინც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შემოვიდა საქართველოში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ თანამშრომლობას და ასეთ პარტნიორ რეჟიმში გავაგრძელებთ ურთიერთობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
30.05.2025.17:33
ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ, - ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დაკრედიტების ტემპის შენელებას ეხებოდა.. მისი თქმით, ანალიზის დეტალური გაკეთება რამდენიმე თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი კონკრეტული მაჩვენებლები იძლევა საშუალებას, რომ ვთქვათ გარკვეული თვეები უკვე შემცირებული არის, წინა წელთან შედარებით, არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერჯერობით დინამიკა არ იძლევა საშუალებას, რომ წლევანდელი წლის საკრედიტო პორტფელის და საბანკო სექტორის აქტივების ზრდის ტემპზე კონკრეტული პასუხი გავცეთ. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელსაც უფრო მეტად ველოდებოდით ნაკლებ აქტივობას, იქედან გამომდინარე, რომ 2023 წლის განმავლობაში საკმაოდ მაღალი იყო აქტივობის ტემპი და გარე ფაქტორების ეფექტის შემცირებასაც ველოდებოდით. არ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძირითადი ფაქტორი ,მაგრამ ამასაც შეიძლება ზემოქმედება მოეხდინა კონკრეტულ თვეებზე. უფრო მეტად და უფრო კონკრეტულ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებთ ზაფხულის პერიოდში, როდესაც ნახევარი წლის შედეგები იქნება და ამაზე შევძლებთ უფრო მეტი ანალიზის გაკეთებას“, - აღნიშნა ძნელაძემ.
ძნელაძე ამბობს, რომ უძრავ ქონებასთან მიმართებაში აქტივობა შემცირებულია.
„ჯერ-ჯერობით ადრე არის, რომ რაიმე ვთქვა ამ ნაწილთან მიმართებაში.არაერთხელ გვქონია ამაზე საუბარი, რომ ანალიტიკა ცოტა იგვიანებს ხოლმე. იმიტომ, რომ მონაცემებზე და იმ ტენდენციაზე უნდა იყოს აწყობილი რა მიმდინარეობაც აქვს. რა თქმა უნდა უძრავ ქონებასთან მიმართებაში აქტივობა შემცირებულია, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ აქტივობის შემცირებაზე ანალიტიკოსები 2024 წლის დასაწყისში არაერთგზის საუბრობდნენ“, - აღნიშნა ძნელაძემ.