საქართველოში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს RIA მოემსახურა
მარტში ყველაზე მეტ ფულად გზავნილს სისტემა RIA მოემსახურა. საანგარიშო პერიოდში RIA-ს გამოყენებით ქვეყანაში 71,171.4 ათასი აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც მთლიანი ჩარიცხვების 24%-ია.
მეორე ადგილზე Western Union-ი. სისტემა 1 თვეში საქართველოს მიმართულებით ჩარიცხვებით 64,646.1 ათას აშშ დოლარს მოემსახურა.
TOP 5 ფულადი გზავნილების სისტემები მიღებული თანხის მიხედვით
Ria - 71,171.4 ათასი დოლარი;
Western Union - 64,646.1 ათასი დოლარი;
Money Gramy - 57,243.2 ათასი დოლარი;
Zolotaia Korona - 57,177.1 ათასი დოლარი;
Intel Express - 35,376.6 ათასი დოლარი;
2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ ფულადი გზავნილების ზრდა მეტწილად აშშ-დან და ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მატებამ განაპირობა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.3%-ით აღემატება 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს. გზავნილების მაქსიმალური წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.1%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან კვლავ აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთანავე, ზრდის ტენდენცია გრძელდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც. კერძოდ, მარტში აშშ-დან გზავნილები წლიურად 21.7%-ით გაიზრდა და 55 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რუსეთიდან ფულად გზავნილებს, კლების ტენდენცია გრძელდება. წლიურად 29.1%-ით შემცირდა და 37.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
09.11.2026.13:58
საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ.
პირველი შეხვედრა მისიის წევრებმა ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართეს.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.
მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლის ეკონომიკური ვითარება, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, 2027 წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი.
საუბარი შეეხო 2027 წელს, სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები") გათვალისწინებული მოლაპარაკებების მოსამზადებელ სამუშაოებს.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი.