საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 26.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა - სებ
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 26.5 მლრდ აშშ დოლარი (72.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 75.1 პროცენტია. 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 1.1 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 74.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, საკურსო ცვლილებების გამო 815.5 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო 18.6 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო 144.1 მლნ აშშ დოლარით.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.5 მლრდ აშშ დოლარი (31.2 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 32.4 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.9 მლრდ აშშ დოლარი (24.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.3 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 821.1 მლნ აშშ დოლარი (2.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.3 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 451.8 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.3 პროცენტი) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.6 პროცენტი).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 9.1 მლრდ აშშ დოლარი (24.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 25.8 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.9 მლრდ აშშ დოლარი (13.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 14.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.7 მლრდ აშშ დოლარი (7.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 7.7 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 87.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 13.8 მლრდ აშშ დოლარი (37.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 39.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.8 მლრდ აშშ დოლარია (18.4 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 19.2 პროცენტია.
2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 1.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 29.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი 27.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, 2025 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 821.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 477.2 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
________________________________________
1განაწილებული ნსუ (SDR) არის სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი საერთაშორისო სარეზერვო აქტივი, რომელიც ნაწილდება სავალუტო ფონდის წევრ ქვეყნებზე მათი კვოტის პროპორციულად. განაწილებული ნსუ ისეთი ვალდებულებაა, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ ქვეყანა იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული განაწილებული ნსუ–ს მოცულობა, ასევე, ასახულია ეროვნული ბანკის აქტივის მხარეს და შესაბამისად, სებ–ის წმინდა ვალდებულება ნულის ტოლია. 2009 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეცვალა მეთოდოლოგიური მიდგომა ნსუ-ს მიმართ, რის გამოც ამ პერიოდიდან განაწილებული ნსუ აღირიცხება როგორც ვალდებულება.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
09.04.2026.19:00
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.