საქართველოს ეროვნული ბანკი ქალი მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის მიზნით მონაცემთა შეგროვებასა და გამოქვეყნებას იწყებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდოლოგია წარადგინა, რომელიც სქესის ნიშნით ჩაშლილ ინფორმაციას ეყრდნობა.
აღნიშნული ინიციატივა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობით, ინვესტორთა საბჭოს, კომერციული ბანკებისა და საბანკო ასოციაციის პარტნიორობით შემუშავდა და ის უკვე ოფიციალურად გახდა სებ-ის მარეგულირებელი ანგარიშგების ჩარჩოს ნაწილი. აღნიშნული ცვლილება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან ერთიანი დეფინიციის დანერგვა საშუალებას იძლევა, შეიქმნას ზუსტი სტატისტიკური ბაზა ქალთა მიერ მართული და მათ საკუთრებაში არსებული ბიზნესების შესახებ.
აღნიშნულ ინიციატივაზე საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებთან ერთად 2023 წლიდან მუშაობს, საქართველოში სქესის ნიშნით ჩაშლილი მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების გადასაჭრელად. შემუშავებული ქალი მეწარმის საერთო განმარტება და ანგარიშგების ფორმა მიზნად ისახავს ბანკებისგან საწარმოების დაფინანსების შესახებ სქესის ნიშნით ჩაშლილი მონაცემების სისტემურ შეგროვებას. კომერციულმა ბანკებმა პირველი ანგარიშები 2024 წლის მონაცემების საფუძველზე მოამზადეს, ხოლო 2026 წლიდან რეგულარული კვარტალური ანგარიშგება დაიწყება, რაც სქესის ნიშნით ჩაშლილი საწარმოთა მონაცემების უწყვეტ მონიტორინგსა და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
მონაცემთა შეგროვების ეს სისტემა ხელს შეუწყობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რადგან დაგროვილი ინფორმაციის ანალიზი ბანკებს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად დაინახონ ქალი მეწარმეების საჭიროებები და შესთავაზონ მათზე მორგებული სპეციალური ფინანსური პროდუქტები.
ამასთანავე, მსგავსი სტანდარტების დანერგვა ზრდის ქვეყნის გამჭვირვალობას საერთაშორისო ბაზარზე, ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ისახავს მიზნად. სამუშაო შეხვედრას, სადაც აღნიშნული საკითხები განიხილეს, საბანკო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, საპენსიო ფონდისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
Lion Finance-ს FTSE 100-ის განახლებულ სიაში მოხვედრით არჩილ გაჩეჩილაძე ყველაზე ახალგაზრდა CEO იქნება
20.02.2026.15:24
ბრიტანული გამოცემა Investor's Chronicle-ის ყურადღების ცენტრში Lion Finance (BGEO) ექცევა, რომელზედაც გამოცემამ ვრცელი სტატია მოამზადა
სტატიის თანახმად, თუ Lion Finance (BGEO)-ის აქციები უახლოეს დღეებში £105-ს მიაღწევს, მარტის რებალანსირებისას მისი FTSE 100-ში დამატება პრაქტიკულად გარანტირებული იქნება.
მაშინაც კი, თუ აქციის ფასი განსხვავებული მიმართულებით შეიცვლება, რაც ბოლო ერთ წელიწადში გაორმაგებისა და სამ წელზე ნაკლებ დროში გაოთხმაგების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა - FTSE 100-ში გადასვლა, როგორც ჩანს, უფრო დროის საკითხია.
აღსანიშნავია, რომ FTSE 100-ის განახლებული სია მარტის დასაწყისში გამოქვეყნდება.
£4.3 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, "საქართველოს ბანკის ჯგუფი" დაახლოებით იმავე ღირებულებისაა, რაც ინდექსის დაახლოებით მე-90 კომპანია - Burberry (BRBY). ირკვევა, რომ უახლოეს პერიოდში Beazley (BEZ) და Schroders (SDR) ინდექსიდან გასვლით ადგილს გაათავისუფლებენ.
„მარტში მოხდება, ივნისში თუ სექტემბერში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს,“ - განუცხადა Investors’ Chronicle-ს Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
Lion Finance Group, რეგიონულ ბაზარზე პოზიციებს მნიშვნელოვნად იმყარებს და საერთაშორისო მასშტაბით უფრო მსხვილ მოთამაშედ ყალიბდება. ჯერ კიდევ 2022 წელს მხოლოდ £500 მილიონს შეადგენდა.
თუ Lion Finance შეუერთდება FTSE 100-ს, მაშინ არჩილ გაჩეჩილაძე FTSE 100-ის ფარგლებში ყველაზე ახალგაზრდა CEO შეიძლება გახდეს.
Investor's Chronicle არჩილ გაჩეჩილაძეზე წერს, რომ ის 17 წლის ასაკში პრესტიჟულ საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, მას აკადემიური კარიერა უნდა გაეგრძელებინა.
თუმცა როდესაც მისმა ორივე მეცნიერმა მშობელმა სამსახური დაკარგა, მან სტაბილურობისთვის ბიზნესის გზა აირჩია. ფინანსების მიმართულებით მუშაობის შემდეგ, მოიპოვა სტიპენდია აშშ-ში - MBA-ის გასავლელად, იმუშავა ბრიტანულ კერძო კომპანიაში და მოკლე ხნით TBC Bank-ში (TBCG), რომელიც Lion Finance-ის ყველაზე ახლო ქართული კონკურენტია, იყო აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
არჩილ გაჩეჩილაძე 2009 წელს შეუერთდა Bank of Georgia-ს, როგორც კორპორაციული ბანკინგის მიმართულების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი სათავეში ჩაუდგა საქართველოს კომუნალური მომსახურებისა და განახლებადი ენერგიის კომპანიებს — მაშინდელი BGEO Group-ის ქოლგის ქვეშ.
2018 წელს BGEO ორად გაიყო. საბანკო ოპერაციას ეწოდა Bank of Georgia, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში დალისტულ საინვესტიციო კომპანიას Georgia Capital (CGEO). რვა წლის შემდეგაც Georgia Capital რჩება Lion Finance-ის უმსხვილეს აქციონერად 16.9%-ით, თუმცა „დემერჯერის“ პირობების მიხედვით, მას დირექტორთა საბჭოში ადგილი არ აქვს და შეთანხმებულია, რომ ხმას ბანკის პოზიციის შესაბამისად მისცემს, რაც რეალურ კონტროლს ფაქტობრივად გამორიცხავს.