საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ტენდენციები არის საკმაოდ პოზიტიური, ფასების სტაბილურობა არის მიღწეული - თამთა სოფრომაძე
ვხედავთ, რომ გლობალურად რისკები და გაურკვევლობა საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, აღნიშნულის შესახებ განცხადება სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამთა სოფრომაძემ რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. მისი თქმით, თუ გლობალურად ინფლაცია გაიზრდება, შეიძლება მისი საქართველოზე გადმოცემის რისკი წარმოიქმნას, რადგანაც საქართველო მცირე ზომის ღია ეკონომიკაა. სწორედ ამ რისკების ანალიზიდან გამომდინარე მიიჩნია სებ-მა, რომ ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელება არის ოპტიმალური.
„ძალიან საინტერესოა რისკების ანალიზი. იმიტომ, რომ ჩვენ როგორც კოვიდის, ასევე პოსტ კოვიდის პერიოდში და მიმდინარე პერიოდში ვხედავთ, რომ გლობალურად რისკები და გაურკვევლობა საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება. შესაბამისად, ცენტრალური ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ ამ რისკების სწორად მართვას და საქართველოს ეროვნული ბანკი, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი ლიდერი ცენტრალური ბანკია, რომელიც რისკების ანალიზზე და რისკების მინიმიზაციის მიმართულებით, მონეტარული პოლიტიკის გატარების მიმართულებით დავიწყეთ კომუნიკაციაც. მაგალითად, ჩვენი პირველი მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, რომელიც რისკ სცენარებს ეყრდნობა იანვარში გამოვაქვეყნეთ. უკვე გამოქვეყნდა მეორე ანგარიში, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი ანალიზი და ყველას შეუძლია გაეცნოს. შესაბამისად, სწორედ ამ რისკებს საკმაოდ დიდი წონა აქვთ იმაში, თუ რატომ ვირჩევთ ასეთი ტიპის ფრთხილ პოლიტიკას. იმიტომ, რომ შევხედოთ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და ტენდენციებს, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ტენდენციები არის საკმაოდ პოზიტიური. ერთი მხრივ, ინფლაცია, ფასების სტაბილურობა არის მიღწეული. ეს პირველ რიგში არის სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგი, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გლობალურად ინფლაცია მაღალ დონეზე ნარჩუნდებოდა, თუმცა საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით საკმაოდ დაბალი იყო და ეს პირველ რიგში არის მონეტარული პოლიტიკის შედეგი. იქიდან გამომდინარე, რომ ამის მთავარი მიზეზი იყო გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა. ამის პარალელურად გვაქვს ის, რომ მაღალია ეკონომიკური აქტივობა და მნიშვნელოვანია, რომ ეს ეკონომიკური ზრდა ძირითადად მომდინარეობს პროდუქტიულობის ზრდის ხარჯზე და შესაბამისად ფასებზე და ინფლაციაზე დამატებით წნეხს არ წარმოქმნის. თუმცა ამ ვითარების ფონზე, რადგანაც ვხედავთ იმას, რომ გლობალურად ეკონომიკური მდგომარეობა სატარიფო პოლიტიკის შედეგად დღითიდღე იცვლება, მინიმუმ მოლოდინებს ქმნის და საერთაშორისო ბაზრებზე აისახა. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალურად ამან უარყოფითი მოლოდინები შექმნა სწორედ ამის ასახვა არის ის, რომ დაანონსებული სატარიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, გლობალურად დოლარი საკმაოდ შესუსტდა. ეს ეფექტი უკვე დავინახეთ ჩვენ შემთხვევაში. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალურად დოლარი ყველა ვალუტის მიმართ გაუფასურდა. ეს ჩვენთანაც აისახა და ამ ეტაპზე გაცვლით კურსზე დოლარის მიმართ ლარი მყარ პოზიციებს ინარჩუნებს. ამ არხით გარკვეული გადმოცემა უკვე გვქონდა. ზოგადად, საქართველოზე გადმოცემა, რომ შევაფასოთ რა შეიძლება იყოს, რისკები არის ორივე მიმართულებით. თუ აქამდე უფრო მეტად ინფლაციის ზრდის მიმართულებით რისკებზე ვამახვილებდით ყურადღებას, დღეს გლობალური მოცემულობიდან გამომდინარე, ამან შესაძლებელია, რომ ზრდის მიმართულებითაც იმოქმედოს, მაგრამ ასევე კლების მიმართულებითაც იმოქმედოს. როგორც აღვნიშნე, ამ პოლიტიკის შედეგად გლობალურად დოლარი შესუსტდა, რამაც ლარის პოზიციები გაამყარა და ეს იმპორტირებული საქონლის არხით ქმნის იმის მოლოდინს, რომ ინფლაციაზე კლების მიმართულებით იმოქმედებს. თუმცა, სატარიფო პოლიტიკა ეკონომიკის ფრაგმენტაციის რისკებს გამოკვეთს გლობალურად და აქედან გამომდინარე მოლოდინები არის, რომ გლობალურ ეკონომიკაზე სტაგფლაციური შოკის ეფექტი ექნება. თუ გლობალურად ინფლაცია გაიზრდება, შეიძლება წარმოიქმნას რისკი, რომ ეს საქართველოსაც გადმოეცეს, იმიტომ რომ საქართველო არის მცირე ზომის ღია ეკონომიკა და შესაბამისად გლობალურად მიმდინარე პროცესები გადმოგვეცემა. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, სატარიფო პოლიტიკიდან და გლობალურად მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ჩვენზე პირდაპირი ზეგავლენა იქნება საკმაოდ შეზღუდული. ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელებული საქართველოს ექსპორტი, მთლიანი ექსპორტის 2.2%-ია და მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 0-თან ახლოს, 0.2-.0.3 % არის. შესაბამისად, ამ უნივერსალური ტარიფის დაწესებას, რაც თითქმის ყველა ქვეყნის მიმართ დაწესდა, პირდაპირი გადმოცემა იქნება საკმაოდ შეზღუდული. მაგრამ ე.წ მეორე რიგის გადმოცემები, თუ როგორ იმოქმედებს გლობალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, აქედან შესაძლებელია გვქონდეს გარკვეული გადმოცემა. ამ რისკების ანალიზიდან გამომდინარე მივიჩნიეთ, რომ ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის გაგრძელება არის ოპტიმალური. ეს დასტურდება ასევე იმითაც, რომ ასეთი ტიპის ფრთხილმა პოლიტიკამ მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ ერთი მხრივ არის ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილი და ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს, მეორე მხრივ გვაქვს საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტივობაც. ჩვენ თუ დავინახავთ იმას, რომ ეს რისკები რაც გლობალურად ჩამოყალიბდა არ არის ისეთი მწვავე და მიუხედავად ამისა საქართველოში მაინც ინფლაცია სტაბილურად დაბალი იქნება, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ გავაგრძელოთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილება“, - აცხადებს თამთა სოფრომაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
13.05.2025.15:28
გასულ კვირას ქართული კომპანიების აქციების ფასები ლონდონის ბირჟაზე გაიზარდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაშია აღნიშნული.
Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 65.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.75% წინა კვირასთან შედარებით და +33.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 227 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 60.30 - 65.55 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.70% წინა კვირასთან შედარებით და +18.03% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 647 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.05 - 49.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 103 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 19.16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +14.05% წინა კვირასთან შედარებით და +55.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 671 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.46 - 19.44 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 123 ათასი აქცია შეადგინა.