საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
ერთი ქართველი სპორტსმენი და ერთი კრეატორი - ეს საქართველოს ბანკის ახალი YouTube პროექტია.
პროექტი “ფორმაში” მაყურებლებს ერთი სუნთქვით სანახავ ეპიზოდებს ჰპირდება, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ექნებათ, სპორტსმენები განსხვავებულ ფორმაში გაიცნონ.
თითოეული ეპიზოდის განმავლობაში, გადაცემის მონაწილეები 3-3 სახალისო დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
პირველი ეპიზოდი 17 თებერვალს, საქართველოს ბანკის YouTube არხზე - @argacherde განთავსდება, სტუმრები კი იქნებიან სპორტსმენი, გიორგი ლორია და კრეატორი, გიორგი ქორიძე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი YouTube ეკოსისტემისა და ქართველი კრეატორების გაძლიერების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. სწორედ ამ მიზნით, შექმნა საქართველოში პირველი YouTube რეალითი შოუ “Creator”-ი, რომლის ფარგლებშიც, დამწყებ კრეატორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ რჩევები გამოცდილი და ცნობილი იუთუბერებისგან, გაეზიარებინათ მათი გამოცდილება და პირველი ნაბიჯები გადაედგათ YouTube სივრცეში.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს
05.03.2026.17:14
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ მასატო კანდას, რომელიც ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ეწვია საქართველოს.
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი ურთიერთობები.
როგორც მხარეებმა აღნიშნეს, აზიის განვითარების ბანკი თანამშრომლობის პირველივე დღიდან, საქართველოსთვის უაღრესად ღირებული პარტნიორია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ასევე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაში. ამჟამად, ბანკის პორტფელი საქართველოში 5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
მათ ყურადღება გაამახვილეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ADB-ის ჩართულობაზე, რაც შუა დერეფნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში საქართველოს შესაძლებლობებისა და პოზიციების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ლაშა ხუციშვილმა ბანკის პრეზიდენტს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ენერგეტიკული უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობის განმტკიცების, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებისკენ. საუბარი შეეხო აზიის განვითარების ბანკის როლს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროცესში.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია, რომელმაც საქართველოსთვის სუვერენული სესხის გამოყოფა ადგილობრივ ვალუტაში განახორციელა.
თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული მიმართულებით. როგორც მან აღნიშნა, ბანკი გააგრძელებს აზიასა და ევროპას შორის რეგიონალურ კარიბჭედ საქართველოს წარმოჩენის მისწრაფების მხარდაჭერას. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის ოფისის გაფართოების ფაქტი ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობის დიდ მასშტაბზე მეტყველებს.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლეა გუტიერესი, ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბეარმან ლაჰმი, ბანკის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი კეიჩირო ინუი, უფროსი მრჩეველი ერიკ ალბერსი, კომუნიკაციების დეპარტამენტის მთავარი დირექტორი ბერნარდ ვუდსი.