საპენსიო სააგენტომ 150 მლნ ლარი EBRD-ის გლობალურ საშუალოვადიან ობლიგაციებში ჩადო
საპენსიო სააგენტომ განახორციელა 150 მილიონი ლარის ინვესტიცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გლობალური საშუალოვადიანი ობლიგაციების (GMTN) პროგრამის ფარგლებში განთავსებულ ევროობლიგაციებში. აღსანიშნავია, რომ მცურავი განაკვეთის მქონე ფასიანი ქაღალდები ლარშია დენომინირებული, ვადიანობა კი 5 წლით განისაზღვა. EBRD-ის უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის (AAA) მქონე ობლიგაციებში საპენსიო აქტივების ინვესტირება აუმჯობესებს საპენსიო სააგენტოს პორტფელის ხარისხს, ზრდის აქტივების დივერსიფიკაციას და ამასთან EBRD-თან გრძელვადიანი პარტნიორობის დასაწყისს წარმოადგენს. აღნიშნული ინვესტიცია ამყარებს საპენსიო სააგენტოს მიზანს, რომ კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით განაგრძოს პორტფელის დივერსიფიკაცია, რათა საპენსიო აქტივები იმართოს უმაღლესი სტანდარტების მიხედვით.
საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა: „მოხარულები ვართ ამ ისტორიული ინვესტიციის წარმატებით დასრულებით. აღნიშნული ინვესტიცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საპენსიო აქტივების ხარისხს და ზრდის აქტივების დივერსიფიკაციას, რაც გრძელ ვადაში საპენსიო აქტივების მდგრადობას შეუწყობს ხელს. ამასთან, EBRD-თან მსგავსი ტიპის თანამშრომლობის დაწყება ხსნის კარებს სამომავლო შესაძლებლობებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.”
„საპენსიო სააგენტოს მიერ ამ მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელება არის EBRD-ის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ ქვეყნებში შეამციროს ადგილობრივი ეკონომიკების დამოკიდებულება უცხოური ვალუტის სესხებზე.” - განაცხადა EBRD-ის ხაზინის ასოცირებულმა დირექტორმა, აზიზ ჟურაევმა.
EBRD-ის შესახებ
EBRD არის წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც მხარს 36 განვითარებად ეკონომიკას უჭერს. 1992 წელს საქართველოში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 300-ზე მეტ პროექტში – ფინანსურ, კორპორაციულ და ენერგეტიკის სექტორებში. ინვესტიციების 82% კერძო სექტორზე მოდის. აღნიშნული ობლიგაციებიდან მიღებული სახსრები სრულად იქნება გამოყენებული საქართველოს ეკონომიკის განვითარების, პროგრესის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მხარდასაჭერად.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2034 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7263 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7258 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2034 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1968 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0066 ლარი შეადგინა.