სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 35,1%-ით გაიზარდა
სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემია 35,1%-იან ზრდას აჩვენებს. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიებმა 2024 წლის განმავლობაში სამოგზაურო დაზღვევიდან 15 112 075 ლარის პრემია მოიზიდეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 11 182 467 ლარი.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების გაყიდვით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგია, რომელზედაც 2024 წლის მაჩვენებლებით ამ მიმართულებიდან მოზიდული პრემიის 30,4%-ი მოდის.
ჯი პი აი ჰოლდინგმა 2024 წლის განმავლობაში 4 590 348 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა. სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციით მეორე ადგილზე სადაზღვევო კომპანია იმედი L-ი, რომელმაც 2024 წლის სტატისტიკით 2 292 932 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ამ სეგმენტის 15,2%-ი მოიპოვა.
სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების მაჩვენებლებით მესამე პოზიციაზე სადაზღვევო კომპანია თიბისი დაზღვევა, რომელიც ბაზრის 15,3%-ის მფლობელია და 2024 წლის 12 თვეში სამოგზაურო დაზღვევის რეალიზაციიდან 2 292 932 ლარის პრემია მოიზიდა.
სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიით რეიტინგში მეოთხე ადგილზე სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიაა, რომელმაც 2024 წელს 1 471 442 ლარის სამოგზაურო დაზღვევა გაყიდა და ბაზრის ამ სეგმენტის 9,7%-ის მფლობელი გახდა.
TOP-5-შია ასევე სადაზღვევო კომპანია ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა, რომელმაც 2024 წელს სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვით 961 024 ლარია პრემია მოიზიდა და ბაზრის 6,4%-იც დაიკავა.
რაც შეეხება სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემიას, რომელმაც 2024 წელს 323 306 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 232%-ით მეტია, რადგანაც 2023 წელს სამოგზაურო დაზღვევის ანაზღაურების მიმართულებით სადაზღვევო კომპანიების ხარჯმა 97 393 ლარი შეადგინა.
გადაზღვევის პრემიის მიმართულებით ლიდერი სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი, რომლის გადაზღვევის პრემიამ 2024 წელს იყო 198 574 ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას დაზღვევის საერთაშორისო კომპანია უნისონი იკავებს, რომლის გადაზღვევის პრემიამაც 64 580 ლარი შეადგინა.
მთლიანობაში 2024 წელს სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტში გადაზღვევის პრემია ჯამში ოთხ კომპანიაზე ჯი პი აი ჰოლდინგზე, ირაოზე, უნისონსა და ალდაგზე გადანაწილდა.
არსებული მაჩვენებლებით, 2024 წელს სამოგზაურო დაზღვევის სეგმენტიდან მოზიდული პრემია მთლიანობაში 15 112 075 ლარი იყო, ხოლო გადაზღვევის პრემია 323 306 ლარი, ანუ სადაზღვევო ბიზნესმა სამოგზაურო დაზღვევიდან მოზიდული პრემიის მხოლოდ 2,1% დახარჯა სხვადასხვა შემთხვევებზე, რისი დაფინანსების საჭიროებაც უცხოეთში მოგზაურობის დროს საქართველოს მოქალაქეებს დაუდგათ.
ცნობისათვის, 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.
2024 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 259 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 307 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 127 მილიონი ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 446 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 459 მილიონ ლარს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
24.04.2025
ჩვენი პროგნოზი არის, რომ წელს ინფლაცია 3.7%-ის ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელს მთლიან ინფლაციაში იმპორტირებული ინფლაციის კონტრიბუცია უარყოფითი რჩებოდა, ანუ ფაქტობრივად ინფლაციას ქვემოთ ექაჩებოდა. ამასთან, მაღალი ეკონომიკური ზრდა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებდა, თუმცა ამას გარკვეულწილად ანეიტრალებდა პროდუქტიულობის დაჩქარება.
„მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მთლიან ინფლაციაზე მაინც ზრდის მიმართულებით ექაჩებოდა, თუმცა მას შენელების ტენდენცია ჰქონდა 2024 წლის განმავლობაში. წლის დასაწყისში თუ მაღალი იყო, შემდეგ 3%-ს ჩამოსცდა და ასე ნარჩუნდებოდა წლის ბოლომდე და მთლიანობაში 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 1.1% დაფიქსირდა. კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, როდესაც პანდემია დასრულდა და ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყო, ამის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და 2022 წელი იყო როცა საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო და სურსათის ფასებმა ფაქტობრივად პიკურ მაჩვენებლებს მიაღწია. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტირებული ინფლაციის წვლილი საქართველოს მთლიან ინფლაციაში და როგორც სხვა ქვეყნებში ეს იყო მიწოდების მხრიდან ზეწოლა ფასების დონეზე. უკვე 2023 წლიდან მიწოდების ფაქტორებიდან ზეწოლა ნელ-ნელა გამოითიშა. 2024 წელს აღნიშნული უარყოფითიც გახდა და რჩებოდა მოთხოვნის ფაქტორები, რომელსაც ასევე დაღმავალი ტენდენცია ჰქონდა. მიმდინარე წელს გვაქვს სიტუაცია, როდესაც მოთხოვნიდან ფასებზე ზეწოლა დაჩქარდა. მაგალითად, ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასების ინფლაცია მარტში 4%-მდე გაიზარდა, თებერვალში არსებული 3%-დან, ხოლო იმპორტირებული ინფლაცია ნულთან ახლოს იყო. მაგრამ ამ
უკანასკნელში არის გარკვეული დეტალები - საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასები იზრდება,
მაგრამ მის ეფექტებს ნავთობის ფასების კლება ანეიტრალებს. თუ შემდგომ პერიოდში ნავთობის ფასები ზრდას დაიწყებს და სურსათის ფასების ზრდის ტემპი შენარჩუნდება, ეს შეიძლება რისკ ფაქტორი აღმოჩნდეს საქართველოს მთლიანი ინფლაციისთვის. მთლიანობაში, ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის ფარგლებში იქნება. მიმდინარე წლის მარტში წლიური ინფლაცია 3.5% იყო და იანვარ-მარტის საშუალო წლიური ინფლაცია 3%-ის ქვემოთაა. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო თვეებში ჩვენ უნდა ველოდოთ ინფლაციის მატებას, თუმცა ეს არ იქნება საგანგაშო ამ ეტაპზე, საბაზისო სცენარით ეს ახლოს არის მიზნობრივ მაჩვენებელთან“, - აღნიშნა ქავთარაძემ.
ეკონომისტი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკი 2025 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8%-ის დონეზე შეინარჩუნებს.
“ბევრჯერ მსმენია სხვადასხვა ადგილობრივი თუ უცხოელი ანალიტიკოსებისგან, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა არის მაღალი, ამავდროულად როგორ ინარჩუნებს ქვეყანა ასეთ დაბალ ინფლაციას. ზოგადად, მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია იდეალურია, მაგრამ როგორ ხდება ეს. ამის ახსნა არის ის, რომ ჩვენ თუ დავაკვირდებით ეკონომიკურ ზრდას მიწოდების მხრიდან, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პროდუქტიულობა. როდესაც პროდუქტიულობა იზრდება, მოხმარების ზრდიდან ზეწოლას ფასების დონეზე გარკვეულწილად აკავებს. აქ არის საინტერესო, 2021 წლიდან ეკონომიკის მაღალი ზრდის პირობებში ხელფასების ზრდის ტემპი ორნიშნა იყო ქვეყანაში. მაგალითად, 2024 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 16.5%-ით გაიზარდა და ასევე მაღალი რჩებოდა რეალური ხელფასიც (ინფლაციის გამორიცხვით). როდესაც მაღალია ხელფასის ზრდის ტემპი ეს რატომ არ გადავიდა ინფლაციაში და რატომ არ წარმოქმნა ე.წ ხელფასები-ინფლაციის სპირალი?! როგორც უკვე ვთქვით, ეს იხსნება პროდუქტიულობის ზრდის ტემპის დაჩქარებით. მთლიანი ეკონომიკის და კონკრეტულადაც სამუშაო ძალის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ხელფასების ზრდის ტემპსა და პროდუქტიულობის ზრდის ტემპს შორის სხვაობა იყო მინიმალური. სამომავლოდ, თუ საპირისპიროდ მოხდება, ანუ როცა მათ შორის სხვაობა დიდი იქნება და ეს ხანგრძლივად შენარჩუნდება, მაშინ უკვე რისკი გაჩნდება და შესაბამისად, ეროვნულ ბანკსაც მოუწევს სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, რომ ჩაერიოს და ინფლაციის დაბალი და სტაბილური დონე უზრუნველყოს“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.