საქართველოს საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში Amazon-ის აქციათა წილი 1,7%-ია
საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელში ნოემბრის მდგომარეობით Amazon-ის აქციათა წილი 1,7%-ია.
როგორც საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული სლაიდებიდან ირკვევა, 2024 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით სააგენტოს პორტფელში Amazon-ის აქციების წილი 0,1%-ით გაიზარდა. ოქტომბერში საპენსიო სააგენტოს პორტფელში ამერიკული ონლაინ მაღაზიის აქციათა წილი 1,6%-ს შეადგენდა. სექტემბრის მდგომარეობით აქციების პორტფელში Amazon-ის აქციები 1,2%-ის დონეზე იყო, რაც გასული თვის მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის 29%-ითაა შემცირებული, რადგანაც 2024 წლის აგვისტოში საპენსიო სააგენტოს პორტფელში Amazon-ის აქციების წილი 1,7%-ი იყო. ივნისში სააგენტოს პორტფელში Amazon-ის აქციების წილი 3,4%-ს შეადგენდა.
საგულისხმოა, რომ ნოემბერში Amazon-ის აქციები სააგენტოს პორტფელში შემავალი TOP 10 კომპანიის წილობრივ მაჩვენებლებში მეოთხე ადგილზეა. ასევე იყო ოქტომბერშიც. თუმცა სექტემბერში და აგვისტოში მეხუთე პოზიციას იკავებდა.
30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.9 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.41 მილიარდ ლარს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 16.7% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 15.0% და 13.2% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. ნოემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 49.3%, დაბალანსებულში 30.4%, ხოლო კონსერვატიულში 17.0% იყო.
დღის ტოპ 10 სიახლე
1 იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს
სხვა სიახლეები
2025 წლის პირველ სამ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პროცენტულად მშპ-თან ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზეა და მშპ-ს 2.1%-ს შეადგენს
30.12.2025.15:08
საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახდელო ბალანსის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს.
2025 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის პროფიციტმა 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა წლიურ ჭრილში 3.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მშპ-ს 3.3 პროცენტს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომსახურების ბალანსმა. კერძოდ, წლიურ ჭრილში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი, რომლის ზრდის ტემპმა 88.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო მისი მშპ-თან ფარდობა 2.9 პროცენტს უტოლდება. გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც წლიურად 6.6 პროცენტით და მისი მშპ-თან ფარდობა 16.1 პროცენტს შეადგენს. მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობის გაუმჯობესებაში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემოსავლების ანგარიშის გაუმჯობესებაც.
რაც შეეხება 2025 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამურ მაჩვენებლებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2.1 პროცენტს შეადგენს, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქონლის სავაჭრო ბალანსმა. კერძოდ, საქონლის ექსპორტი წლიურად გაიზარდა 8 პროცენტით, ხოლო იმპორტის ზრდის ტემპმა 6.3 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტის მშპ-თან ფარდობა კი 1.1 პპ-ით გაუმჯობესდა და 18.3% შეადგინა. ამასთანავე, მომსახურებისა და შემოსავლების ფორმირების ანგარიშებიც დადებითად აისახა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე.
მიმდინარე ანგარიშის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი წყარო კვლავ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რომლის მოცულობა 2025 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით მშპ-თან 4.7 პროცენტს შეადგენს.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.
ცნობისთვის, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის „საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.