საბანკო სექტორის განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისკენ, რომ საქართველო იყოს რეგიონის ფინანსური ცენტრი - ლევან დავითაშვილი
„საბანკო სექტორს გააჩნია წამყვანი როლი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს წარმატებაში, ვხედავთ, რომ ეს სექტორი არა მხოლოდ იზრდება, არამედ უფრო მეტად ინოვაციური, უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ხდება გლობალურადაც და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისკენ, რომ საქართველო იყოს რეგიონის ფინანსური ცენტრი" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა ეროვნული ბანკის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და ხაზი გაუსვა საბანკო სექტორის სტაბილურობის, წარმატებისა და განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკისა და, ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობისთვის.
„ბოლო წლებში ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის სრულ თანხვედრაში საფინანსო და საბანკო სექტორთან. ჩვენ ვმუშაობთ კაპიტალის ბაზარზე, დანაზოგების შექმნის ახალ სისტემებზე, მექანიზმებზე, ვმუშაობთ, რომ გაჩნდეს ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტები მეტი კაპიტალის მოსაზიდად ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო დავაჩქაროთ, კიდევ უფრო მდგრადი და ინოვაციური იყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ჩვენი ხალხის ინტერესებს" - აღნიშნა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, ის ფაქტი, როცა პანდემიისა და გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველო ახერხებს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და გვაქვს საკმაოდ დამაიმედებელი პროგნოზები, საბანკო სექტორთან წარმატებული დიალოგისა და თანამშრომლობის შედეგია.
„ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის დიალოგი და თანამშრომლობა - ჩვენ გამორჩეული ურთიერთობა გვაქვს საბანკო სექტორთან, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან და ვფიქრობ, რომ ეს დიალოგი, რომელიც საქართველოს მთავრობას, ეკონომიკურ ბლოკს გააჩნია კერძო სექტორთან, არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ უფრო მსუბუქად გადავიტანოთ გარეშოკები, რომლებიც არაერთხელ ყოფილა ბოლო ათწლეულების განმავლობაში" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბანკირის დღე საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ინიციატივით, პირველი ქართული ბანკის - "სათავადაზნაურო ბანკის" დაარსების 125 წლისთავისა და 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის, ილია ჭავჭავაძის დაბადების 163 - ე წლისთავთან დაკავშირებით დაწესდა, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია აღინიშნება.
სხვა სიახლეები
ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
07.11.2025.13:57
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, ხოლო სექტემბერში 100.0 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა შესყიდვებმა 1 596.0 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ოქტომბრის სტატისტიკა კი 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვისორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე-ოქტომბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.4%-ს (920.6 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 420.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 დეკემბერს გამოაქვეყნებს.