როგორც მოლოდინები იყო ინფლაციამ მცირედით შემცირება დაიწყო, სწორედ ეს გვქონდა ჩვენ პროგნოზად - ეკატერინე მიქაბაძე
მაღალი რისკიანობის, გაურკვევლობის პირობებში ჩვენ მოგვიწია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, - ასე აფასებს სებ-ის მიმდინარე მონეტარულ პოლიტიკას
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი განმარტებით, თუ კი სებ-ის არსებული პარამეტრები და მოლოდინები საშუალებას მისცემს, ის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას დაიწყებს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლიდან ოფიციალურად გადავიდა სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომაზე მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების დროს, სადაც მთავარი ყურადღება სწორედ რისკების იდენტიფიცირებას და რისკების დაბალანსებას ეთმობა. სწორედ აქედან გამომდინარე მაღალი რისკიანობის, გაურკვევლობის პირობებში ჩვენ მოგვიწია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, რადგანაც მაღალი იყო, როგორც ეგზოგენური, ისე ზოგადად რისკები ინფლაციის მიმართულებით. მიმდინარე მდგომარეობით მოგეხსენებათ ინფლაცია 4,8%-ს შეადგენს. როგორც ჩვენი მოლოდინები იყო ინფლაციამ მცირედით შემცირება დაიწყო, სწორედ ეს გვქონდა ჩვენ პროგნოზად. შესაბამისად ჩვენ ველოდებით, რომ წელს საშუალო ინფლაცია 4%-მდე იქნება დაახლოებით, ხოლო მომავალ წელს 3,5%-მდე შემცირდება. ჩვენ გადაწყვეტილებად ვიღებთ ყველა რისკის გათვალისწინებით და იმ დროისათვის არსებული ეკონომიკური პარამეტრების მხედველობაში მიღებით, შესაბამისად, რისკების მატერიალიზაციის მიხედვით იქნება ჩვენი გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა ეს, მოლოდინების შესაბამისად მიუთითებს იმაზე რომ ჩვენ გვაქვს ამ ეტაპზე საშუალება, ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შევინარჩუნოთ. თუ ჩვენ რა თქმა უნდა, იმ დროისათვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მოგვცემს საშუალება, რომ მონეტარული პოლიტიკის ზომიერი შერბილება გავაგრძელოთ გავაგრძელებთ, თუმცა თუ მატერიალიზრდა რისკები ჩვენ უფრო ხანგრძლივად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნებისა კიდევ უფრო გამკაცრებისთვისაც მზად ვართ.
დღეს არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რაც ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს არის უფრო ხისტი ფასების ინფლაცია, საბაზო ინფლაცია 3,2%-ია, რომელიც ჩამორჩება მიზნობრივ მაჩვენებელს, დაბალი მიზნობრივ მაჩვენებელზე და მომსახურების, ისევე სხვა, უფრო ხისტი ფასების ინფლაციის ინდიკატორები ერთმნიშვნელოვნად მოლოდინების სტაბილურობაზე მიუთითებს“, - აღნიშნა მიქაბაძემ.
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში - რისი თქმა შეგვიძლია?
02.03.2026.17:40
სამწუხაროდ, ყველა ჩვენგანი ახალი ამბების მოლოდინში ვართ. რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რა ზეგავლენა იქნება საქართველოს ეკონომიკაზე? ვეცდებით მოკლედ შევაჯამოთ ძირითადი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორები.
ჩვენი აზრით, დღევანდელი გადასახედიდან, პირველ რიგში მნიშვნელოვანი ტურიზმის სექტორზე ზეგავლენაა. მართალია, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წილი ტურისტულ შემოდინებებში დაახლოებით 21%-ს შეადგენს, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც შეიძლება იყოს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო თვეებში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა, რადგანაც ერთია, როდესაც ზრდის ტემპი ეცემა ან მცირედით უარყოფითი ხდება და მეორეა, როდესაც შემოსავლების მნიშვნელოვან კლებას აქვს ადგილი. იგივე შეიძლება ითქვას სავალუტო ბაზარზე ვალუტის ჯამურ მიწოდებაზეც. გასული წლის მსგავსად, ჩვენი წინასწარი შეფასებით, თებერვალიც სებ-ის მიერ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ერთ-ერთ რეკორდული თვე იყო, დაახლოებით 420 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 2.9 მილიარდი აშშ დოლარი.
მაშინ მცირედით, მაგრამ მაინც რატომ გაუფასურდა ლარი? ჩვენი აზრით ცალსახაა, რომ ამის მიზეზი კონვერტაციებია. ცნობილია, რომ ეს ფაქტორი, ლარის კურსის კუთხით, სავალუტო შემოდინებებზე არანაკლები და ხშირად უფრო მეტი მნიშვნელობისაა. ამასთან, არა მხოლოდ, მაგრამ განსაკუთრებით კონვერტაციებით გამოწვეული ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, გასული პერიოდის პრაქტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ სებ-ის ინტერვენციებს ექნება ადგილი. ამ მხრივ, ასევე არგუმენტია გაზრდილი ნავთობის ფასების გამო მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია. ამდენად, მთლიანობაში ლარის კურსის კუთხით ჩვენი შეფასება უფრო ნეიტრალურია. ეკონომიკის ზრდას რაც შეეხება, ვფიქრობთ, რომ ეფექტი ზომიერად, მაგრამ ნეგატიური იქნება, თავისთავად, სენტიმენტების გათვალისწინებით. ამასთან, ბუნებრივია მოვლენათა განვითარებას გააჩნია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ შარშან ისრაელის მოქალაქეებმა ჩვენთან უფრო მეტი ბინა შეიძინეს, ვიდრე რუსეთის მოქალაქეებმა. ისევე, როგორც უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენა მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიკვეთა.
პრაქტიკული თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია მიმდინარე მოვლენების ფონზე საერთაშორისო მასშტაბით აშშ დოლარის ქცევა. კერძოდ, თიბისი კაპიტალის დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის სტრატეგიის ფარგლებში. ისტორიულად, აშშ დოლარის, როგორც უსაფრთხო აქტივის სტატუსი დოლარში სესხების საწინააღმდეგო არგუმენტს წარმოადგენდა, რადგანაც მსოფლიო კრიზისებისას ერთდროულად გაყიდვების შემცირება და ვალის ზრდა მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან აცილებული. ამ მხრივ, დაახლოებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვითარება გარკვეულწილად მაინც შეიცვალა.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:
https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007406-macro-update-georgia