როგორ იცვლებოდა ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი
Galt & Taggart-ის 20–24 ნოემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის აქციების ფასები უმეტესად პლუსშია. მინუსში მხოლოდ Georgia Capital-ის აქციებია, წინა კვირასთან შედარებით. თუმცა, წინა თვესთან შედარებით მათი ფასი თითქმის 10%–ით არის გაზრდილი.
კერძოდ, საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.75% წინა კვირასთან შედარებით და +7.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 166 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 33.95 - 35.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 27.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.61% წინა კვირასთან შედარებით და +3.96% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 169 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 26.75 - 28.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 43 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.96 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.58% წინა კვირასთან შედარებით და +9.69% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 179 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.96 - 10.18 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.
სხვა სიახლეები
TBC Capital-ი ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს
09.12.2025.17:30
წლიური ინფლაცია ნოემბერში 4.8%-მდე შენელდა, რაც კვლავ პროგნოზებთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების მკითხველისთვის ცნობილია, რომ ინფლაციური ზეწოლის შემცირებაზე, უკვე რამდენიმე თვეა, მიუთითებს სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, რომელიც ბოლო ხუთ თვეში საშუალოდ 3.4%-ს შეადგენს.
„ამავეს მიუთითებს ფასების დინამიკის სხვა მაჩვენებლებიც: მაგალითისათვის, მომსახურების ინფლაცია ნოემბერში სამიზნე 3%-იან ნიშნულზე დაბალი იყო. ამდენად, მიმდინარე პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 4.5%-მდე შენელდება, მომდევნო წლის მარტიდან კი 4%-ზე ქვემოთ დაფიქსირდება.
ნოემბერში კიდევ ერთხელ გაიზარდა პურის ფასი, რომელიც ბოლო ცხრა თვეში კუმულატიურად 21.5%-ით არის მომატებული. აღნიშნულს წლიურ ინფლაციაში 0.9 პროცენტული პუნქტის (პპ) წვლილი შეაქვს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო წლიდან ინფლაციას გაზრდის იმპორტულ სიგარეტზე აქციზის დაგეგმილი ზრდაც. ადგილობრივმა ინფლაციამ ნოემბერში 6.4% შეადგინა, იმპორტული ინფლაცია კი ბოლო შვიდ თვეში პირველად დადებით ნიშნულზე დაფიქსირდა და 0.8%-ს მიაღწია, საწვავზე ფასების დეფლაციური ეფექტის ამოწურვის პარალელურად. ამასთან, 8.2%-დან 5.8%-მდე შენელდა ინფლაცია შერეულ პროდუქტებზე, თუმცა კლება დიდწილად საბაზო ეფექტით არის განპირობებული“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.