როგორ იცვლებოდა კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა - ოქტომბრის ტენდენცია
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.84 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 507.96 მლნ ლარით, ანუ 1.03%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.57%-ით მეტი). ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 701.22 მლნ ლარით, ანუ 3.63%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.21%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 193.25 მლნ ლარით, ანუ 0.64%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.14%-ით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 49.67 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.15 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.08 პროცენტული პუნქტით).
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.16% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.44%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.09%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.18%, ხოლო ევროს წილმა 19.74% შეადგინა.
სხვა სიახლეები
TBC Capital-ი ინფლაციის შემცირებას პროგნოზირებს
09.12.2025.17:30
წლიური ინფლაცია ნოემბერში 4.8%-მდე შენელდა, რაც კვლავ პროგნოზებთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული.
თიბისი კაპიტალის პუბლიკაციების მკითხველისთვის ცნობილია, რომ ინფლაციური ზეწოლის შემცირებაზე, უკვე რამდენიმე თვეა, მიუთითებს სეზონურად შესწორებული და გაწლიურებული თვიური ინფლაცია, რომელიც ბოლო ხუთ თვეში საშუალოდ 3.4%-ს შეადგენს.
„ამავეს მიუთითებს ფასების დინამიკის სხვა მაჩვენებლებიც: მაგალითისათვის, მომსახურების ინფლაცია ნოემბერში სამიზნე 3%-იან ნიშნულზე დაბალი იყო. ამდენად, მიმდინარე პროგნოზით, წლიური ინფლაცია დეკემბერში 4.5%-მდე შენელდება, მომდევნო წლის მარტიდან კი 4%-ზე ქვემოთ დაფიქსირდება.
ნოემბერში კიდევ ერთხელ გაიზარდა პურის ფასი, რომელიც ბოლო ცხრა თვეში კუმულატიურად 21.5%-ით არის მომატებული. აღნიშნულს წლიურ ინფლაციაში 0.9 პროცენტული პუნქტის (პპ) წვლილი შეაქვს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მომდევნო წლიდან ინფლაციას გაზრდის იმპორტულ სიგარეტზე აქციზის დაგეგმილი ზრდაც. ადგილობრივმა ინფლაციამ ნოემბერში 6.4% შეადგინა, იმპორტული ინფლაცია კი ბოლო შვიდ თვეში პირველად დადებით ნიშნულზე დაფიქსირდა და 0.8%-ს მიაღწია, საწვავზე ფასების დეფლაციური ეფექტის ამოწურვის პარალელურად. ამასთან, 8.2%-დან 5.8%-მდე შენელდა ინფლაცია შერეულ პროდუქტებზე, თუმცა კლება დიდწილად საბაზო ეფექტით არის განპირობებული“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.