რის ხარჯზე მცირდება ინფლაცია - ნათია თურნავას პასუხი
როდესაც ვაკეთებთ ინფლაციის ზრდის ტემპის შენელების დეკომპოზიციას, მნიშვნელოვანი წილი აქვს მედიკამენტების ფასების შემცირებას, აცხადებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა.
მისი თქმით, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია წლიური ინფლაცია, რომელიც არის კლებისკენ.
„ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მეტად საყურადღებოა წლიური ინფლაციის მონაცემი, რომელიც არის კლებადი და ჩვენს ტარგეტზე, მიზნობრივ 3%-ზე ბევრად ნაკლები. მოგეხსენებათ 0,6% არის ივნისის მაჩვენებელი. ვინაიდან ჩვენი მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში არის წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ასევე იმპორტირებული პროდუქციაც და ჩვენ ვართ ღია ეკონომიკის ქვეყანა და ვაჭრობა ძალიან აქტიურია და მათ შორის იმპორტირებული საქონლის ფასებს აქვს მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი როლი მნიშვნელოვანია, რომ იგივე მყარი ლარის ფონზე იმპორტული ინფლაცია არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ანუ არა თუ არ იზრდება, არამედ ფასები ფიზიკურადაც მცირდება. ჩვენი მოქალაქეებისთვის შეიძლება რამდენიმე ჯგუფი ვახსენო: მაგალითად საწვავზე ამ თვეების განმავლობაში პერიოდულად იყო ფასების შემცირება. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ორ ფაქტორთან. ესაა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობპროდუქტებზე ფასების შედარებით შემცირება, იმ შოკის შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ იყო და ეს არის ასევე, ისევ და ისევ მყარი ეროვნული ვალუტა.
ასევე მთელ რიგ საკვებ პროდუქტებზე მაგალითად ზეთზე, რომელიც ჩვენი კალათის მნიშვნელოვანი ნაწილია და სხვა საკვებ პროდუქტებზე, სეზონურზე და არასეზონურზე, ასევე ხდებოდა ფასების შემცირება. როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ინფლაციის ზრდის ტემპის შენელების დეკომპოზიციას, სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, მნიშვნელოვანი წილი აქ აქვს მედიკამენტების ფასების შემცირებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ბაზრის გახსნის შემდეგ მედიკამენტებზე ფასები საკმაოდაა დაწეული.
"პროგნოზი არის საკმაოდ დამაიმედებელი. ჩვენი მოლოდინი წლის ბოლომდე არის, რომ ინფლაცია კვლავაც იქნება მიზნობრივზე დაბალი. ეს ტენდენცია გაგრძელდება და მიზნობრივ 3%-ს 2024 წლის ბოლოს მიუახლოვდება, ან ამის ირგვლივ დაკონცენტრირდება. ჩვენი ყურადღება ახლა გამახვილებულია ტემპებზე. იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ ადგილობრივი საქონლის ინფლაცია ასევე მოჰყვება იმპორტირებული საქონლის ფასების ტემპების შემცირებას. უბრალოდ გვინდა დავინახოთ, რომ ეს შემცირება უფრო სწრაფი ტემპთ მიდის. აქედან გამომდინარე ჩვენ ნაბიჯებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებით გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ის სტატუსკვო რაც დღეს არსებობს ეკონომიკაში", - აღნიშნა თურნავამ.
სხვა სიახლეები
03.10.2025.17:29
სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 12,8%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვის მონაცემებთან შედარებით 1,2%-ით.
2025 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 10 346 892 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 9 176 105 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის აგვისტოს ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 5 640 930 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი ივლისის მაჩვენებლებთან შედარებით 0,9%-იან, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 17,9%-იან ზრდას აჩვენებს.
აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 54,5%-ს Mastercard-ი ფლობს, 27,9%-ს VISA, AMEX კი 14,3%-ის მფლობელია. დანარჩენი სადებეტო ბარათები კი სხვა სისტემებზე ნაწილდება.
2025 წლის აგვისტოს ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 888 980 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 1,8%-ია, ხოლო 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით 7,9%-ითაა გაზრდილი.
რაც შეეხება AMEX-ს, აგვისტოში მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 483 489 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 1,4%-იანი, ხოლო წლიურ ჭრილში 21,3%-იანი ზრდაა.