რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 420 448 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 208 176 ათასი ლარია. აღნიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის თებერვალში 2025 წლის თებერვალთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 9.8%-ითაა გაზრდილი.
წინა თვესთან, ანუ 2026 წლის იანვრის მონაცემებთან კი 1.2%-იანი კლებაა.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 577 527 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 164 608 ათას ლარს შეადგენდა. 2026 წლის იანვარში კი სახელმწიფო საგარეო ვალმა 9 533 739 ათასი დოლარი შეადგინა.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 9 117 489 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 397 489 ათასი ლარს უტოლდება.
თებერვლის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 920 452 ათასი დოლარია, ანუ 18 518 438 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ლევან ხარაბაძე წარადგინა
01.05.2026.11:23
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან ხარაბაძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მას ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ყოფილი უფროსი მიხეილ მაღლაკელიძე და საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლევან ხარაბაძეს უწყების ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ ხელმძღვანელს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცნობს საგამოძიებო სამსახურის სპეციფიკას. მან იმედი გამოთქვა, რომ ხარაბაძის ხელმძღვანელობით, კვლავ, აქტიურად გაგრძელდება საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა.
ლევან ხარაბაძემ მინისტრს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ სამსახური დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულებას გააგრძელებს.
მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროსს, მიხეილ მაღლაკელიძეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა უწყების მუშაობის ეფექტურობა და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები. მან, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს შორის კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება.
თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი წარმატებები უსურვა.