რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა
მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა, როგორც თვიურ ჭრილში შემცირდა, ხოლო წლიურად გაიზარდა.
2025 წლის ნოემბრის ბოლოსთვის მისმა მოცულობამ 7 011,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2025 წლის ოქტომბრის მაჩვენებლებთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 1,4%-ით შემცირდა, ხოლო წლიურ ჭრილში 11,8%-იანი ზრდაა.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 7 113,6 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის კი 6 272,4 მლნ ლარი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 7 მლნ-ს 2025 წლის აგვისტოში გადააჭარბა, ხოლო 6 მლნ-ს 2024 წლის ივნისში.
ოქტომბერში, ნაღდ ფულზე მოთხოვნა 48.5 მლნ ლარით შემცირდა. რეფინანსირების სესხების მოცულობამ, წინა თვესთან შედარებით, 160.0 მლნ ლარით მოიკლო. ერთდღიანი სესხის ნაშთი კი 79.8 მლნ ლარით შემცირდა.
ოქტომბერში დაიფარა 40.0 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდი და განთავსდა 20.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე, სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვის ოპერაციები არ განხორციელებულა. მთლიანობაში, ოქტომბერში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 219.8 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 5,441.0 მლნ ლარს გაუტოლდა.
ოქტომბერში, ფართო ფულის (M3) მოცულობა, თვიურად 0.1 მლრდ ლარით შემცირდა. რაც შეეხება, ფართო ფულის M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 0.3 მლრდ ლარით გაიზარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.
ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.
2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).
კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.
ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერადრიცხვამდე შემდეგი პრინციპით:
1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.
სხვა სიახლეები
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი
16.01.2026.15:00
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 291 928 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 042 675 ათასი ლარია. აღნმიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,1%-ითაა გაზრდილი.
წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 1.9%-ით არის გაზრდილი.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 589 061 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 107 775 ათას ლარს შეადგენდა.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 990 866 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 231 282 ათასი ლარს უტოლდება.
დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 904 104 ათასი დოლარია, ანუ 18 607 251 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
