რა ტიპის არაფინანსურ სერვისებს სთავაზობს „კრისტალი“ მცირე და საშუალო მეწარმეებს - ინტერვიუ ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელთან გიორგი ჯანელიძესთან
მიკრობანკი „კრისტალი“, როგორც ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოს საფინანსო ბაზარზე, აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური და არაფინანსური სერვისების შეთავაზებას. სწორედ არაფინანსური სერვისები უწყობს ხელს მეწარმეების ცნობიერების ამაღლებას და სხვადასხვა სახის საკონსულტაციო მომსახურებას.
ზოგადად, რას აკეთებს „კრისტალი“ არაფინანსური სერვისების მიწოდების და გავრცელების მიმართულებით და როგორია კრისტალის გეგმები, Business Insider Georgia „კრისტალის“ ბიზნეს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელს გიორგი ჯანელიძეს ესაუბრა.
- „კრისტალი“ ჯერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით, დღეს უკვე მიკრობანკის სტატუსით განაგრძობს მეწარმეების ხელშეწყობას და მათ საჭიროებებზე მორგებული ფინანსური და არაფინანსური სერვისების შეთავაზებას. უკვე დაგროვილი გამოცდილების მაგალითზე, სად იყავით წლების წინ ამ სეგმენტთან ურთიერთობებში და სად ხართ დღეს?
- „კრისტალი“ საქართველოს ფინანსურ ბაზარზე 27 წელია ოპერირებს და ამ წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ისტორია შექმნა. „კრისტალი“ ბაზარზე წარმოდგენილია 48 ფილიალით და ჰყავს 105 ათასზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და დაახლოებით 535 მლნ ლარის პორტფელით ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში „კრისტალმა“ მომხმარებლებთან ურთიერთობის ნაწილში ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა.
საბანკო ლიცენზიის მიღება ჩვენთვის არის ლოგიკური გაგრძელება იმ 27 წლიანი წარმატებული ისტორიის, რაც კომპანიას აქვს და მეორეს მხრივ, სტრატეგიული განვითარებაც, გამომდინარე იქიდან, რომ საბანკო ლიცენზიის მიღებამდე, ჩვენ გარკვეულწილად შემოფარგლული ვიყავით ლიმიტების ჩარჩოებით, რასაც სებ-ი აწესებს. ჩვენი მომხმარებლები ძირითადად მიკრო მეწარმეების სეგმენტი იყო და სწორედ ამ სეგმენტის განვითარებაზე გვქონდა აქცენტი. ჩვენი მხარდაჭერით ისინი ვითარდებოდნენ, იზრდებოდნენ და შემდეგ უკვე, როცა გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი სჭირდებოდათ, გამომდინარე იქედან, რომ ლიმიტების გაცემის ნაწილში ვიყავით შეზღუდული, გადადიოდნენ მსხვილ ბანკებში. ამასთან, არ გვქონდა საბანკო ანგარიშები, გადარიცხვები, დეპოზიტების მიღების შესაძლებლობა და სხვა. ფაქტობრივად, ამ მომხმარებლებს „კრისტალის“ გაბანკების შემდეგ შესაძლებლობა ეძლევათ, რომ სრულყოფილი ფინანსური სერვისები მიიღონ, რაც გულისხმობს მიმდინარე ანგარიშების შექმნას, გადარიცხვების წარმოებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესებისთვის. ასევე ჩნდება ანაბრების შესაძლებლობა. როგორც უკვე აღვნიშნე, „კრისტალი“ ძირითადად ოპერირებდა მიკრო მეწარმეებთან, რომლებიც ძირითადად 100 000-მდე სესხებს იღებდნენ, თუმცა გაბანკების შემდეგ, მათი დაკრედიტების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად იზრდება და 1 მლნ ლარამდე ადის.
- უფრო კონკრეტულად, რომ გვითხრათ, არაფინანსური სერვისების მიწოდება როგორ ხდება მომხმარებლებზე, რა ტიპის სერვისებს სთავაზობთ და როგორია უკუკავშირი? რას აძლევს ეს თავად ბიზნესს და რას გაძლევთ თქვენს, ბანკს?
- ჩვენი კომპანია მუდმოვად აკვირდება ბაზარს, მომხმარებლის ქცევას და რაც მნიშვნელოვანია, გარე კომპანიის ჩართულობით, ვატარებთ სოციალური გავლენის კვლევას და ამ კვლევის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომელიც აისახება ჩვენი განვითარების სტრატეგიაში. ბევრი წლის წინ აღმოჩნდა, რომ გარდა ფინანსური რესურსებისა, მეწარმეებს სჭირდებათ სხვა ტიპის მხარდაჭერაც. ეს სხვა ტიპის მხარდაჭერა კი გახლავთ არაფინანსური სერვისები და მათთვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ახალი უნარებით აღჭურვა, ბიზნეს ინსტრუმენტების მიწოდება და ასე შემდეგ. მეწარმეები გარკვეული ფინანსური სერვისებით კი სარგებლობდნენ, მაგრამ ეს მათი ბიზნესების განვითარებისთვის საკმარისი არ იყო. ამისათვის კი გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა არაფინანსური სერვისების მიმართულება და მეწარმეებს უკვე რამდენიმე წელია ვთავაზობთ ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას ფინანსებში, მარკეტინგში, საოპერაციო მიმართულებით ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციაში, ციფრულ ტრანსფორმაციაში, გაციფრულებასა და ა.შ. საბოლოოდ მეწარმე ხედავს თავისი ბიზნესის რეალურ მდგომარეობას, იღებს კონკრეტულ რჩევებს და გეგმას განვითარებისთვის, ხედავს ბიზნესპროცესებს დალაგებულად, ასევე, უკვე მან იცის, რა ფინანსურ შედეგზე უნდა გავიდეს. მიკრო და მცირე ბიზნესებს არ აქვთ შესაძლებლობა, რომ ჰყავდეთ ფინანსური მენეჯერი. შესაბამისად, მათთვის ჩვენი მხარდაჭერა საკონსულტაციო კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგ: ფინანსური კოეფიციენტების ჭრილში ისინი საკმაოდ მარტივად ხედავენ თუ სად დგანან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, სად უნდა შეამცირონ, სად უნდა გაიზარდონ ხარჯი, არის თუ არა დრო გაფართოების და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, ჩვენი ხედვა ჩამოყალიბდა ისე, რომ ამ არაფინანსური სერვისებით, ჩვენს მომხმარებელთან შევდივართ გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობაში, სადაც ჩვენ ვიღებთ განვითარებულ მეწარმეებს, რომელთანაც საინვესტიციო რისკი მცირდება, ეკონომიკა იზრდება, ჩვენი პროდუქტების მრავალფეროვნებაც მათთან ერთად იზრდება და მეორეს მხრივ, ვიღებთ ლოიალურ მეწარმეს, რომელთანაც გრძელვადიანი ურთიერთობა გაქვს.
სხვა სიახლეები
Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება - შოთა ლომთაძე
12.03.2026.16:32
Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება, - ამის შესახებ Bybit Georgia-ს დირექტორმა შოთა ლომთაძემ Bybit Georgia-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომპანიის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე ქვეყნის ფინანსური ეკოსისტემის განვითარებასა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს.
„Bybit-ის შემოსვლა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა დინამიურად ვითარდება და იზრდება მოთხოვნა ახალ ფინანსურ შესაძლებლობებზე. ჩვენი მიზანია ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთ ინოვაციური პლატფორმა, რომელიც დამატებით ლიკვიდობასა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა შოთა ლომთაძემ.
მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოპლატფორმა Bybit საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის და საგადახდო სერვისის პროვაიდერის ლიცენზიების საფუძველზე განახორციელებს.
Bybit Georgia-ს თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი პირველი პროდუქტი კრიპტობარათი - Bybit Card იქნება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს კრიპტოაქტივები ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებში გამოიყენონ.
„Bybit Card-ის გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალტერნატიული კაპიტალის განვითარებისა და ფინანსურ ეკოსისტემაში ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. მსგავსი პროდუქტები მომხმარებლებს კრიპტო და ტრადიციული ფინანსური სერვისების უფრო მარტივად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს“, - აღნიშნა შოთა ლომთაძემ.
მისივე თქმით, ეს პროდუქტი რეგიონში უნიკალურია და მომხმარებლებს კრიპტოაქტივებისა და ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების ერთიან პლატფორმაზე გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს.
პროექტის განხორციელებაში კომპანიის პარტნიორები არიან Mastercard და Pave Bank, რომლებიც კრიპტობარათის განვითარებასა და ბაზარზე დანერგვის პროცესში მონაწილეობენ.