რა მიმართულებით იცვლება ლარის გაცვლითი კურსი - ლაშა ქავთარაძის შეფასება
თუ მიმდინარე წლის განმავლობაში დოლარი გლობალურად დარჩება სუსტი, ის პროგნოზი რაც საბაზისო სცენარით გაქვს გაკეთებული, მასზე უკეთესი მაჩვენებელიც გვექნება, - მიიჩნევს Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც ქავთარაძემ განმარტა, ბოლო პერიოდში დოლარი გლობალურად დასუსტდა და ამის ფონზე ლარის კურსი მოსალოდნელზე მეტად გამყარებისკენ წამოვიდა.
„რაც შეეხება გაცვლით კურსს, რომელიც სენსიტიური თემა არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ ნოემბერ-დეკემბერში შეტევა იყო გაცვლით კურსზე, რაც საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდება. ფაქტობრივად, უარყოფითი მოლოდინების გამო იყო ზეწოლა კურსზე, მაშინ როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ სტაბილური რჩებოდა. სავალუტო შემოდინებები არ იყო გაუარესებული, იგივე დონეზე რჩებოდა, თუმცა ეს იყო გაცვლითი კურსის მოლოდინებით გამოწვეული გაუფასურება.
იანვარში იყო ფაქტობრივად პიკი, კურსმა დოლართან მიმართებაში 2.9-ს ოდნავ გადააჭარბა, თუმცა მას შემდეგ რაც საზოგადოებამ, ასევე ბიზნესმა დაინახა, რომ გაცვლითი კურსის გაუფასურება ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესებით არ ხდებოდა და ცოტა მოგვიანებით საქსტატმა როდესაც გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 11.1%, უკვე ეს იყო ფაქტობრივად მიზეზი რატომაც შემდეგ პირიქით დაიწყეს კონვერტაციები დოლარიდან ლარში“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ. მისი თქმით, თუ ნოემბრიდან დეპოზიტების დოლარიზაცია ზემოთ წავიდა, იანვარში პიკური იყო, უკვე თებერვლიდან ქვემოთ წამოვიდა, ანუ ხალხმა დაიწყო კონვერტაცია.
„მეორე ფაქტორი, ეს იყო მარტში დოლარის გლობალური დასუსტება. ის, რომ ერთი მხრივ ფუნდამენტური ფაქტორები ლარის მხარდამჭერი იყო, ამის გამო ტრენდი გამყარებისკენ წამოვიდა. ამას დაემატა გლობალურად დოლარის დასუსტება, დოლარის დასუსტებაც თავის მხრივ ლარის მხარდამჭერი არის. ის არამარტო ლარზე, არამედ ბევრ სხვადასხვა ვალუტაზეც პოზიტიურად აისახება, მათ შორის, ისეთზე როგორიცაა ევრო, ფუნტი და ვხედავთ უკვე როგორი გამყარების ტენდენცია აქვს. მიმდინარედ, ბევრი ფიქრობს დაზოგვა ხომ არ სჯობს ევროში. ასეთი მოსაზრებებიც კი გაჩნდა საზოგადოებაში. ამიტომ, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ დოლარი გლობალურად დარჩება სუსტი მიმდინარე წლის განმავლობაში, ის რა პროგნოზიც ჩვენ გვაქვს გაკეთებული საბაზისო სცენარში - 2.85 ლარის საშუალო წლიური კურსი აშშ დოლარის მიმართ, ამაზე უკეთესი მაჩვენებელიც გვექნება მთელი წლის განმავლობაში. თუმცა ამავდროულად ჩვენ რეზერვებსაც ვუყურებთ“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის როლი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია - არჩილ გაჩეჩილაძე
16.03.2026.11:19
საქართველოს ბანკის როლი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე გააკეთა. მისი თქმით, ბანკი ყველანაირად ცდილობს, რომ ინდუსტრიაში ბიზნესებს მხარში დაუდგეს და მათთან ითანამშრომლოს.
„დღეს ძალიან სასიხარულო მომენტია, ვინაიდან ეს მუშაობა, რომელიც ერთობლივად გაიმართა Galt & Taggart-ის, რომელიც ჩვენი შვილობილი ორგანიზაციაა, როგორც მოგეხსენებათ, და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების მიმართულებებით, მათ შორის სააგენტოებთან, მთლიანობაში ითარგმნა იმ ანალიტიკაში, რომელიც იქნება წარმოდგენილი დღეს.
საქართველოს ბანკის როლი ამ ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ ინდუსტრიაში მოქმედ პირებს, ბიზნესებს მხარში დავუდგეთ და ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ განავითარონ და გააფართოვონ საკუთარი წარმოება.
სოფლის მეურნეობაში მართლაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პოზიტიური ძვრები არის და ამას სჭირდება კიდევ უფრო განვითარება და, ასე ვთქვათ, ამ ტრაექტორიაზე სვლის გაგრძელება.
ჩვენი როლი ამ მიმართულებით იქნება, რომ გავაგრძელებთ ანალიტიკის დამუშავებას და წარდგენას საზოგადოებისადმი და ამ სექტორში მოღვაწე ყველა ბიზნესისათვის და სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ესეთი ტიპის ანალიტიკა მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.