პირველი აგვისტოდან არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000 ლარამდე იზრდება - სებ
არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე იზრდება. აღნიშნული ცვლილება კი ძალაში 2025 წლის 1 აგვისტოდან შევა. ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
„ეროვნული ბანკი განაგრძობს მუშაობას ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის შესაბამისად, ინდუსტრიასთან კოორდინაციითა და მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 აგვისტოდან შევა“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2025 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.05.2025.17:10
მსოფლიოს პირველი პროგრამირებადი ბანკი „პეივ ბანკ საქართველო“ გლობალურ საკორესპონდენტო საბანკო ქსელს აფართოებს და პარტნიორობას იწყებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ლუქსემბურგისა და თურქეთის წამყვან ბანკებთან.
როგორც „პეივ ბანკში“ აცხადებენ, აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ბანკის ფიზიკური და იურიდიული კლიენტებისთვის სხვადასხვა ვალუტაში გადახდების ეფექტიანი, სწრაფი და დაბალი ფასის მქონე მომსახურების უზრუნველყოფას. ამავე დროს ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონული ფინანსური ჰაბის როლის გაძლიერებას.
მათივე თქმით, მსოფლიოს წამყვან საკორესპონდენტო ბანკებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააფართოებს „პეივ ბანკ საქართველოს“ გლობალურ ქსელს და გააძლიერებს ბანკის შესაძლებლობებს გადარიცხვების მარტივი და გამართული სისტემით მოემსახუროს ბიზნესებსა და ინვესტორებს.
„ბანკის შექმნის დღიდან გვინდოდა, რომ ჩვენი საგადახდო ინფრასტრუქტურა არ ყოფილიყო დამოკიდებული მხოლოდ ერთ პარტნიორზე და შეგვექმნა მრავალფეროვანი, მდგრადი გლობალური ქსელი, რომელიც მჭიდრო პარტნიორობას დაამყარებდა ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, რათა ჩვენი კლიენტებისთვის მოქნილ და გლობალურ საბანკო ქსელზე ხელმისაწვდომობა შეგვეთავაზებინა. მიგვაჩნია, რომ ბიზნესისთვის გადახდების სისწრაფე და სანდოობა გადამწყვეტია“, - აღნიშნა „პეივ ბანკ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა სალიმ დანანიმ.
მისივე თქმით, „პეივ ბანკ საქართველო“ ამჟამად უკვე მუშაობს ორ საკორესპონდენტო ბანკთან აშშ-ში და უკვე დამყარდა ურთიერთობები დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ლუქსემბურგსა და თურქეთში. ყველა მათგანი მაღალი რეპუტაციის მქონე ფინანსური დაწესებულებაა, რომლებიც ტექნოლოგიურ, შესაბამისობისა და რისკების მართვის მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებენ.
სალიმ დანანის თქმით, წამყვან საკორესპონდენტო ბანკებთან თანამშრომლობისა და სამომავლო ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებები ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და დიდი ყურადღება დაეთმო რისკების მინიმიზაციას, შესაბამისობას და რეგულატორის მოთხოვნებს. პარტნიორი ბანკები მკაცრი კრიტერიუმებით შეირჩა, მათ შორის ტექნოლოგიური შესაძლებლობებით, მდგრადობის პრაქტიკით, რეგულაციური გამჭვირვალობითა და რისკების მართვის მძლავრი ჩარჩოებით.
„თითოეული ტრანზაქციის მთლიანობის უზრუნველსაყოფად ჩვენ რამდენიმე დონის უსაფრთხოებას ვახორციელებთ — ტრანზაქციების მონიტორინგს, თაღლითობის მოკვლევას, რისკების მართვას და კიბერსაფრთხეების აღმოჩენას. ეს არა მხოლოდ ჩვენი სისტემების, არამედ ჩვენი საკორესპონდენტო ბანკების რეპუტაციის დაცვაა“, — აღნიშნავს დანანი.
მისივე თქმით, „პეივ ბანკ საქართველო“ მხოლოდ იმ ბანკებთან თანამშრომლობს, რომლებიც საუკეთესო სტანდარტებს აკმაყოფილებენ, რათა კლიენტებს მაღალი დონის სერვისი შესთავაზონ.
სალიმ დანანის განცხადებით, საკორესპონდენტო ბანკებთან დისკუსიების დროს საქართველოს ეროვნული ბანკის ძლიერმა რეპუტაციამ და შეთანხმებულმა რეგულაციურმა სტანდარტებმა მნიშვნელოვნად გაზარდა „პეივ ბანკის“ სანდოობა.
„ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა რისკების საფუძვლიანი შეფასებები ჩაატარეს. ევროპის ცენტრალური ბანკის რეგულაციებთან საქართველოს შესაბამისობამ და საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მათი ნდობის მოპოვებაში“, - თქვა დანანიმ.
„პეივ ბანკის“ გენერალური დირექტორისა და თანადამფუძნებლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მზარდ სავაჭრო, ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად პოზიციონირდება, ამ ტრანსფორმაციის მხარდაჭერაში „პეივ ბანკი“ საკუთარ როლს კრიტიკულად მიიჩნევს.
„ჩვენი მიზანია ყველა ზომის ბიზნესს ეფექტიანი და უსაფრთხო ფინანსური გარემო შევუქმნათ. სავალუტო სერვისებზე, კორპორაციული ხაზინის ინსტრუმენტებსა და გლობალურ საბანკო ინფრასტრუქტურაზე ჩვენი წვდომა საქართველოს საერთაშორისო ინვესტორებისა და საწარმოების წინაშე უფრო მიმზიდველს ხდის“, - აღნიშნავს სალიმ დანანი და დასძენს, რომ ახალ საკორესპონდენტო ბანკებთან პარტნიორობით „პეივ ბანკი“ ქართულ ბიზნესებს საერთაშორისო მასშტაბით გაფართოებაში დაეხმარება, რეგიონში კი მსოფლიო დონის ფინანსურ სერვისებს შემოიტანს.