ოქროს ფასმა ოქტომბერში ყველა დროის რეკორდს მიაღწია - Galt & Taggart
ძვირფასი ლითონები წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი აქტივების კლასი გახდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. მათიცე ცნობით, ოქროს ფასმა ოქტომბერში ყველა დროის რეკორდს მიაღწია ($4,200/უნცია), ხოლო ვერცხლმა გადააჭარბა $53.5/უნცია დონეს, რომელიც 1980-იანი წლების შემდეგ არ დაფიქსირებულა. ისინი წლის დასაწყისიდან 57% და 78%-ით არიან გაზრდილი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ აქციების ზრდას და ასახავს ინვესტორთა უსაფრთხო აქტივებისკენ მიდრეკილებას. რამდენიმე ფაქტორმა მიიზიდა ინვესტორები ოქროსა და ვერცხლისკენ. მათ შორის მთავარია გეოპოლიტიკური რისკები (ტარიფებისა და ვალუტის არასტაბილურობის განახლებული რისკების ჩათვლით) და ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირება. ამასთან, აშშ-ის ფედერალური მთავრობის შეჩერება (Shutdown), რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება, დამატებით გაურკვევლობას ქმნის.
ოქროსა და ვერცხლის მკვეთრი აღმავალი ტენდენცია მიუთითებს, რომ ინვესტორები აქტიურად ეძებენ თავიანთი პორტფელებისთვის დაზღვევას. თუმცა მთავარი კითხვაა - კონკრეტულად რომელი ჯობია ახლა? ტრადიციული მიდგომის მიხედვით, თუ ოქროსა და ვერცხლის ფასების ფარდობა 50-ზე ქვემოთაა - ოქრო უფრო მიმზიდველია, ხოლო თუ სცდება 80-ს - ვერცხლი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს ფარდობა 80- ზე მაღლა იყო და ვერცხლმა შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა. დღეისათვის, ის მერყეობს სწორედ 80-ის ირგვლივ, რაც არ იძლევა ადვილად არჩევანის გაკეთების საშუალებას, მაგრამ მაინც მიუთითებს ვერცხლის მცირედით მეტად მიმზიდველობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დისბალანსი შეიძლება ნორმალიზდეს ფასების ორივე მიმართულებით მოძრაობით. ანუ თანაფარდობა შეიძლება კორექტირდეს იმითაც, თუ ორივე მეტალის ფასი დაეცემა. შესაბამისად, ხელსაყრელი ფარდობა არ ნიშნავს აბსოლუტური მოგების გარანტიას.
სხვა სიახლეები
17.10.2025.17:44
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც ბიზნესისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად არის მიღებული.
მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის სექტემბრის თვის შედეგები:
„ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად ვარაუდობენ შემცირებულია. ამავდროულად, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების საერთოდ არ ელოდებიან ან 0%-2%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. ერთი მხრივ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად და 4%-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ. მეორე მხრივ, აგვისტოსთან შედარებით, გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-სა და 2%-4%-ის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. ერთი მხრივ, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას ელოდებიან 8%-ზე მეტად, ნულოვან ცვლილებასა და 0-2% ინტერვალის ფარგლებში. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ინტერვალში ელოდებიან. ამავე გამოკითხვის მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20% 30% ფარგლებში ელოდებიან შემცირებულია. ამავე დროს, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-10% მიდამოში მოიაზრებენ.
გამოკითხულთა აზრით, სექტემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) აგვისტოსთან შედარებით შემცირებულია“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.