ნათია თურნავამ CIPS-ის პრეზიდენტთან ფუ ჰუანგთან ონლაინ შეხვედრა გამართა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთის საერთაშორისო საგადახდო სისტემის (CIPS) პრეზიდენტს ფუ ჰუანგს ონლაინ ფორმატში შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს, ასევე შეაჯამეს მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს საფინანსო სექტორისა და ეროვნული ბანკის CIPS-თან თანამშრომლობის პროგრესი.
აღინიშნა, რომ 2025 წელი საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული გამოდგა როგორც კომერციულ ბანკებთან, ასევე სებ-თან თანამშრომლობის კუთხით. ამასთან, CIPS-ის წარმომადგენლებმა არაერთი სამუშაო შეხვედრა და ვორქშოპი გამართეს საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა ქართული ბანკების აქტიურ თანამშრომლობას CIPS-თან გადახდების მიმართულებით. აღსანიშნია, რომ CIPS-ს პირდაპირი წევრობისთვის არაერთმა ქართულმა კომერციულმა ბანკმა მიმართა და ამ ეტაპზე მათი განაცხადების დამუშავება მიმდინარეობს.
თავის მხრივ, CIPS-ის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ მომდევნო წელსაც გააგრძელოს თანამშრომლობა როგორც ეროვნულ ბანკთან საგადახდო სისტემის დაახლოების კუთხით, ასევე ქართულ კომერციულ ბანკებთან სხვადასხვა მიმართულებით.
აღსანიშნია, რომ ქართული ბანკების ნაწილი ჩართულია CIPS-ის საგადახდო სისტემაში როგორც არაპირდაპირი მონაწილეები საკორესპონდენტო ჩინური ბანკების მეშვეობით. წელს პირველად დაიწყო რიგი ქართული კომერციული ბანკების განაცხადის განხილვა პირდაპირ წევრობასთან დაკავშირებით, რაც უფრო ეფექტურის გახდის თანამშრომლობას და გამორიცხავს იუანში განხორციელებული ტრანზაქციების დროს ზედმეტ საშუამავლო რგოლებს.
ასევე მიმდინარეობს მუშაობა, რომ აღნიშნული შესაძლებლობით სხვა ქართულმა კომერციულმა ბანკებმაც ისარგებლონ. CIPS-ში ინტეგრაცია კი ხელს შეუწყობს ქართული საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოყენებული ტრანსსასაზღვრო საგადახდო სისტემების დივერსიფიკაციას და მხარს დაუჭერს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ტურიზმის მზარდ ტენდენციას.
დღის ტოპ 10 სიახლე
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები მალე გახდება ცნობილი - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკისა და Finance in Motion-ის ინიციატივით, ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად „მწვანე დაფინანსების რალი“ გაიმართა
26.12.2025.18:34
საქართველოში ბიზნესების მდგრადი განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის და Finance in Motion-ის თანამშრომლობით „მწვანე დაფინანსების რალი“ გაიმართა.
ინიციატივაში საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესებისა და კორპორატიული მიმართულების ბანკირები მონაწილეობდნენ. მათი მიზანი ბიზნესებისთვის მწვანე ინიციატივების განხორციელებაში მხარდაჭერა და შესაბამისი მწვანე დაფინანსების დაიდენტიფიცირება იყო.
მწვანე დაფინანსების რალის ფარგლებში გამოვლინდა 4 გამარჯვებული, რომელთაც საჩუქრად გადაეცათ Climate and Renewable Energy finance-ის კურსი ევროპის ერთ-ერთ წამყვან ბიზნეს სკოლაში - Frankfurt School of Finance and Management-ში.
ამასთან, დამატებით სამი კორპორატიული ბანკირი განახლებადი ენერგიის მიმართულებიდან გაემგზავრება ტრენინგებზე ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლაში. ინფორმაციისთვის, რალიში მონაწილეობას იღებდნენ მცირე და საშუალო და კორპორატიული მიმართულებების სხვადასხვა სექტორის ბანკირები, გარდა განახლებადი ენერგიის მიმართულებისა.
„მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ საქართველოს ბანკთან აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აძლიერებს ბანკის შესაძლებლობებს მწვანე დაფინანსების მიმართულებით და ხელს უწყობს მდგრადი დაკრედიტების პრაქტიკას. ბანკირების მოტივაციისა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერით, ვქმნით გრძელვადიან დადებით გავლენას ბიზნესსა და გარემოზე საქართველოში”, - ივანე ლექვთაძე, საქართველოში Finance in Motion-ის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი.
„მწვანე დაფინანსების რალის მიზანია, ხელი შეუწყოს ჩვენს ბანკირებში მწვანე დაფინანსების შესახებ ცნობიერების ზრდასა და პარტნიორი ბიზნესების მიერ მწვანე დაფინანსების მიღებას, რაც გრძელვადიან პერიოდში მდგრადი ბიზნეს-პრაქტიკების ჩამოყალიბებას განაპირობებს. ინიციატივის ფარგლებში, ჩვენს ბანკირებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოვახდინეთ ისეთი პროექტების იდენტიფიცირება, რომლებიც სრულად შეესაბამება სებ-ის მწვანე ტაქსონომიის კრიტერიუმებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს მწვანე დაფინანსების მიმართ ინტერესის კიდევ უფრო მეტად ზრდას,” - აღნიშნავს ნინო თავაძე, საქართველოს ბანკის მწვანე და კლიმატის დაფინანსების პორტფელის მენეჯერი.
„საქართველოს ბანკისთვის მდგრადი განვითარება ჩვენი ბიზნესმოდელის განუყოფელი ნაწილია. „მწვანე დაფინანსების რალი“ არის პრაქტიკული მაგალითი იმისა, როგორ ვაძლიერებთ ბანკირების კომპეტენციებს, ვზრდით მწვანე დაფინანსების ხარისხს და ვუჭერთ მხარს ბიზნესებს კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების დანერგვაში. მსგავსი ინიციატივები გვაძლევს საშუალებას, სისტემურად გავზარდოთ მწვანე დაფინანსების პორტფელი და შევქმნათ გრძელვადიანი დადებითი გავლენა ეკონომიკასა და გარემოზე,“ - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი
Finance in Motion ინიციატივაში ჩართული იყო Green for Growth Fund-ის ტექნიკური დახმარების პროგრამის მეშვეობით. ინფორმაციისთვის, Green for Growth Fund (ფონდი მწვანე ზრდისთვის) წარმოადგენს ევროკავშირის, კერძოდ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის სპეციალურ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომლის მიზანია, პარტნიორი ორგანიზაციების დაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების მიწოდებით, ხელი შეუწყოს პარტნიორ ქვეყნებში ენერგო რესურსების დაზოგვას, CO₂-ის ემისიის შემცირებასა და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.