ნათია თურნავა ვაშინგტონში Mastercard-ის ხელმძღვანელებს შეხვდა
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა Mastercard-ის აღმოსავლეთ ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის პრეზიდენტთან დიმიტრის დოსისთან და ვიცე-პრეზიდენტ აზამ ალამენტინთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ფინანსური ეკოსისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები და Mastercard-ის ჩართულობა იმ ინიციატივებში, რომლებიც ემსახურება ფინანსური ჩართულობის ზრდას, ციფრული გადახდების განვითარებასა და სექტორის უსაფრთხოების გაძლიერებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას გადახდების ბაზარზე, მათ შორის ძლიერი მომხმარებლის ავთენტიფიკაციის (SCA), ტოკენიზაციისა და სხვა ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებას, რომლებიც Mastercard-ის მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროექტები მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცულობის ამაღლებას და ბაზრის სტანდარტების შესაბამისობას საერთაშორისო პრაქტიკასთან.
ასევე განხილული იყო ფინტექ სექტორის წახალისება, ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვის შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას.
Mastercard და საქართველოს ეროვნული ბანკი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას ფინანსური ინოვაციების, მომხმარებელთა დაცვისა და თანამედროვე საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი
16.01.2026.15:00
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9 291 928 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 25 042 675 ათასი ლარია. აღნმიშნულის შესახებ მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 2024 წლის დეკემბერთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 8,1%-ითაა გაზრდილი.
წინა თვესთან, ანუ 2025 წლის ნოემბრის მონაცემებთან კი 1.9%-ით არის გაზრდილი.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 589 061 ათასი დოლარი იყო, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 107 775 ათას ლარს შეადგენდა.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 990 866 ათასი დოლარს შეადგენდა, რაც ეროვნულ ვალუტაში 24 231 282 ათასი ლარს უტოლდება.
დეკემბრის მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6 904 104 ათასი დოლარია, ანუ 18 607 251 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
