მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

ჩვენი პროგნოზით, წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის ფარგლებში იქნება - Galt & Taggart-ის ეკონომისტი

news image
mbc image

ჩვენი პროგნოზი არის, რომ წელს ინფლაცია 3.7%-ის ფარგლებში იქნება, - ამის შესახებ რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელს მთლიან ინფლაციაში იმპორტირებული ინფლაციის კონტრიბუცია უარყოფითი რჩებოდა, ანუ ფაქტობრივად ინფლაციას ქვემოთ ექაჩებოდა. ამასთან, მაღალი ეკონომიკური ზრდა ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედებდა, თუმცა ამას გარკვეულწილად ანეიტრალებდა პროდუქტიულობის დაჩქარება.
„მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მთლიან ინფლაციაზე მაინც ზრდის მიმართულებით ექაჩებოდა, თუმცა მას შენელების ტენდენცია ჰქონდა 2024 წლის განმავლობაში. წლის დასაწყისში თუ მაღალი იყო, შემდეგ 3%-ს ჩამოსცდა და ასე ნარჩუნდებოდა წლის ბოლომდე და მთლიანობაში 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 1.1% დაფიქსირდა. კიდევ უფრო შორს თუ წავალთ, როდესაც პანდემია დასრულდა და ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყო, ამის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და 2022 წელი იყო როცა საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო და სურსათის ფასებმა ფაქტობრივად პიკურ მაჩვენებლებს მიაღწია. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტირებული ინფლაციის წვლილი საქართველოს მთლიან ინფლაციაში და როგორც სხვა ქვეყნებში ეს იყო მიწოდების მხრიდან ზეწოლა ფასების დონეზე. უკვე 2023 წლიდან მიწოდების ფაქტორებიდან ზეწოლა ნელ-ნელა გამოითიშა. 2024 წელს აღნიშნული უარყოფითიც გახდა და რჩებოდა მოთხოვნის ფაქტორები, რომელსაც ასევე დაღმავალი ტენდენცია ჰქონდა. მიმდინარე წელს გვაქვს სიტუაცია, როდესაც მოთხოვნიდან ფასებზე ზეწოლა დაჩქარდა. მაგალითად, ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების ფასების ინფლაცია მარტში 4%-მდე გაიზარდა, თებერვალში არსებული 3%-დან, ხოლო იმპორტირებული ინფლაცია ნულთან ახლოს იყო. მაგრამ ამ
უკანასკნელში არის გარკვეული დეტალები - საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის ფასები იზრდება,
მაგრამ მის ეფექტებს ნავთობის ფასების კლება ანეიტრალებს. თუ შემდგომ პერიოდში ნავთობის ფასები ზრდას დაიწყებს და სურსათის ფასების ზრდის ტემპი შენარჩუნდება, ეს შეიძლება რისკ ფაქტორი აღმოჩნდეს საქართველოს მთლიანი ინფლაციისთვის. მთლიანობაში, ჩვენი პროგნოზით, 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.7%-ის ფარგლებში იქნება. მიმდინარე წლის მარტში წლიური ინფლაცია 3.5% იყო და იანვარ-მარტის საშუალო წლიური ინფლაცია 3%-ის ქვემოთაა. ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო თვეებში ჩვენ უნდა ველოდოთ ინფლაციის მატებას, თუმცა ეს არ იქნება საგანგაშო ამ ეტაპზე, საბაზისო სცენარით ეს ახლოს არის მიზნობრივ მაჩვენებელთან“, - აღნიშნა ქავთარაძემ.
ეკონომისტი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკი 2025 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8%-ის დონეზე შეინარჩუნებს.
“ბევრჯერ მსმენია სხვადასხვა ადგილობრივი თუ უცხოელი ანალიტიკოსებისგან, რომ როდესაც ეკონომიკური ზრდა არის მაღალი, ამავდროულად როგორ ინარჩუნებს ქვეყანა ასეთ დაბალ ინფლაციას. ზოგადად, მაღალი ეკონომიკური ზრდა და დაბალი ინფლაცია იდეალურია, მაგრამ როგორ ხდება ეს. ამის ახსნა არის ის, რომ ჩვენ თუ დავაკვირდებით ეკონომიკურ ზრდას მიწოდების მხრიდან, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პროდუქტიულობა. როდესაც პროდუქტიულობა იზრდება, მოხმარების ზრდიდან ზეწოლას ფასების დონეზე გარკვეულწილად აკავებს. აქ არის საინტერესო, 2021 წლიდან ეკონომიკის მაღალი ზრდის პირობებში ხელფასების ზრდის ტემპი ორნიშნა იყო ქვეყანაში. მაგალითად, 2024 წელს საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 16.5%-ით გაიზარდა და ასევე მაღალი რჩებოდა რეალური ხელფასიც (ინფლაციის გამორიცხვით). როდესაც მაღალია ხელფასის ზრდის ტემპი ეს რატომ არ გადავიდა ინფლაციაში და რატომ არ წარმოქმნა ე.წ ხელფასები-ინფლაციის სპირალი?! როგორც უკვე ვთქვით, ეს იხსნება პროდუქტიულობის ზრდის ტემპის დაჩქარებით. მთლიანი ეკონომიკის და კონკრეტულადაც სამუშაო ძალის პროდუქტიულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ხელფასების ზრდის ტემპსა და პროდუქტიულობის ზრდის ტემპს შორის სხვაობა იყო მინიმალური. სამომავლოდ, თუ საპირისპიროდ მოხდება, ანუ როცა მათ შორის სხვაობა დიდი იქნება და ეს ხანგრძლივად შენარჩუნდება, მაშინ უკვე რისკი გაჩნდება და შესაბამისად, ეროვნულ ბანკსაც მოუწევს სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენება, რომ ჩაერიოს და ინფლაციის დაბალი და სტაბილური დონე უზრუნველყოს“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.

 
 
 
 
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები

18.09.2026.14:36

J.P. Morgan-მა წარადგინა ახალი ინდექსი - GBI-EM Edge, რომლის შემადგენლობაშია ლარში დენომინირებული საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები.

J.P. Morgan-მა სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსებში, ახალი ინსტრუმენტი - GBI-EM Edge დაამატა, რომლის საბაზრო ღირებულება 328 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და მოიცავს 26 ქვეყნის 24 ეროვნულ ვალუტასა და 425 ინსტრუმენტს. ახალ ინდექსში ჩართულია საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები და ინდექსის 1.79%-იან წილს შეადგენს.

GBI-EM Edge წარმოადგენს განვითარებადი ფინანსური ბაზრების (frontier market) სრულიად ახალ ინდექსს. ინდექსის მიზანია ისეთი განვითარებადი ბაზრების (frontier market) სახელმწიფო ობლიგაციების დინამიკის ასახვა, რომლებიც მაღალი შემოსავლიანობითა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობით ხასიათდებიან.

საქართველოს ჩართვა ახალ ინდექსში ნიშნავს, რომ ქვეყნის ადგილობრივი ვალუტით დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები საერთაშორისო საინვესტიციო ინსტრუმენტის (ბენჩმარკის) ნაწილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან გლობალური ინსტიტუციური ინვესტორები, აქტივების მმართველი კომპანიები და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები, საინვესტიციო სტრატეგიებში აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ინდექსებს, როგორც პორტფელის სტრუქტურის მნიშვნელოვან მდგენელს.

აღნიშნულ ინდექსში საქართველოს მოხვედრა, თავის მხრივ, ეფუძნება ქვეყნის მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებსა და ადგილობრივი ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მზარდ სტანდარტებს. ახალ ინდექსში მონაწილეობა, ადასტურებს საქართველოს მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნებისკენ მიღწეულ პროგრესს, როგორიცაა ბაზრის ზომის გეგმაზომიერი ზრდა და ძლიერი საორიენტაციო ნიშნულების ინსტრუმენტების (ბენჩმარკების) შექმნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ინდექსებში მოსახვედრად.

მსხვილი ობლიგაციების მშენებლობის პოლიტიკის ნაწილია, 2026 წლის მაისში ადგილობრივ ბაზარზე, სინდიკაციის მეთოდით 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვებაც, სადაც განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, ადგილობრივი ინვესტორების პარალელურად.

საერთაშორისო ფონდები, რომლებიც ინდექსებში ინვესტირებენ, დამატებით გაზრდიან ინტერესს ლარში დენომინირებულ სახელმწიფო ობლიგაციებზე. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის გაღრმავება თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური სისტემის განვითარებას და კერძო სექტორისთვის კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობების დამატებით გაფართოებას

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა